კომპენსაცია რეპრესირებულთათვის - კვირის პალიტრა

კომპენსაცია რეპრესირებულთათვის

როგორც გავიგე, საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებულებზე ფულადი კომპენსაცია გაიცემა. იქნებ დაგვეხმაროთ იმის გარკვევაში - ვის, სად და რა ფორმით უნდა მოვთხოვოთ თანხა და რა დოკუმენტებია ამისათვის საჭირო"

მარიამ თაქთაქიშვილი, თბილისი

ინფორმაციის მოსაპოვებლად დავუკავშირდით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის უფროს კახა კოჟორიძეს: "ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს პირს, რომელმაც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდეგომ რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. რეპრესირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია მიეცემა პირველი რიგის მემკვიდრეს - მშობელს, მეუღლეს და შვილებს.

ფულადი კომპენსაციის მისაღებად უნდა შეიტანოთ სარჩელი ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ. სარჩელის შეტანის უფლება აქვთ რეპრესირებულს, მისი გარდაცვალების შემთხვევაში, მის პირველი რიგის მემკვიდრეს. ასეთ სარჩელს განიხილავს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება.

- რა დოკუმენტები უნდა დავურთოთ სარჩელს?

- სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ; პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის შეტანის შემთხვევაში სარჩელს უნდა დაერთოს: სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამკვიდრო მოწმობა, ხოლო თუ სამკვიდრო მოწმობის აღება შეუძლებელია, საჭიროა რეპრესირებული პირის გარდაცვალებისა და პირველი რიგის მემკვიდრის დაბადების მოწმობები); თუ პირველი რიგის მემკვიდრე რამდენიმეა და ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას ეს მემკვიდრეები უთმობენ ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს, სარჩელს უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ვერ ხერხდება ზემოაღნიშნული გარიგების შედგენა და სარჩელი ყველა პირველი რიგის მემკვიდრეს არ შეაქვს, მაშინ სარჩელში მითითებული უნდა იყოს  სხვა პირველი რიგის მემკვიდრეთა სახელი, გვარი  და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე დაგჭირდებათ შინაგან საქმეთა ან ყოფილი უშიშროების სამინისტროს არქივიდან ცნობა განხორციელებული რეპრესიის სიმძიმისა და რეაბილიტაციის შესახებ, თუ ეს გარემოებები ზუსტად არ არის აღწერილი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

- რა თანხა შეიძლება მოვითხოვოთ კომპენსაციის სახით?

- თითოეულ შემთხვევაში თანხის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო. თუმცა, აუცილებელია, რომ სარჩელში კონკრეტულად მიეთითოს, რა თანხას ითხოვს მოსარჩელე.

- რის მიხედვით განისაზღვრება ფულადი კომპენსაციის ოდენობა?

- კანონის თანახმად, ფულადი კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია რეპრესიის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე, აგრეთვე, რეპრესირებული პირის ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკზე,  ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სხვა ობიექტურ ფაქტორებზე. შესაბამისად, სარჩელს შეიძლება დაერთოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები (მაგალითად, ჯანმრთელობის ცნობა, სოციალურად დაუცველის მოწმობა, რეპრესირებულისათვის ქონების ჩამორთმევის ცნობა და ა.შ. ასევე ფოტოები, სტატიები და რეპრესიებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია).

პირები, რომლებიც მიმართავენ სასამართლოს მსხვერპლად ცნობის ან კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, არ იხდიან საქმის განხილვისთვის დადგენილ სახელმწიფო ბაჟს. ფულადი კომპენსაციის ოდენობაზე გავლენას არ ახდენს პირველი რიგის მემკვიდრეთა რაოდენობა. თუ პირი თავადაც არის რეპრესირებული და ასევე არის გარდაცვლილი რეპრესირებულის პირველი რიგის მემკვიდრე, მიზანშეწონილია, მან კომპენსაცია მოითხოვოს ორი ან მეტი საფუძვლით, რათა უფრო მეტი თანხა მიიღოს.