უცხოური ასე რატომ გვეტკბილება?! - კვირის პალიტრა

უცხოური ასე რატომ გვეტკბილება?!

ალბათ აზრი აღარ აქვს იმის ძიებას, თუ რატომ ვაქცევთ ქართველები "საუცხოოდ" ყოველივე უცხოს. ყოველივე უცხოურის "გადახარშვას " ვახერხებთ და იმას ვიტოვებთ, რაც გვჭირდება, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.

ადამიანი ფეხზე მაშინ დგას, თუ ფიზიკურად ჯანმრთელია, ერიც ასეა. ჯანმრთელები კი აქამდე იმ ქართული მიწის მადლით ვიყავით, რომლის მოვლასაც ჩვენი გლეხი სიცოცხლეს სწირავდა. ახლა უფრო საიოლო უცხოური პროდუქტი გვეტკბილება, რომელიც ჭარბად შემოაქვს ჩვენს ხელისუფლებას.

ქართველ კაცს იმ ეპითეტების განსხეულებად, რომელსაც ჟამთააღმწერელნი ხშირად მოიხსენიებდნენ, ქართულ მიწაზე მოყვანილი პროდუქტი ქმნიდა. გული არ მითმენს, რომ ეს ეპითეტები არ ჩამოვთვალო: "ზორბა", "წარმოსადეგი", "ახოვანი", "მკლავმოუღლელი", "პირმშვენიერი"... და იყვნენ კიდეც ასეთები ქართველები. დღეს კი, ვაი, რომ უცხოური საწამლავით დაუძლურებულ-დასუსტებულ ახალგაზრდათა სიმრავლე იგრძნობა და ამას სამთავრობო სტრუქტურებში მოკალათებული ქართველები უწყობენ ხელს - ყოველნაირი უცხოური შხამის შემოტანას ხელგაშლით ეგებებიან საკუთარი და მეგობარ ბიზნესმენთა ჯიბეების ამოსავსებად, ამ დროს კი ქართველი გლეხი და მისი მოწეული მოსავალი სულს ღაფავს. იქ კი, იმ "ნანატრ" უცხოეთში თუ თავისი რაიმე მაინც აქვთ, რატომ ხიშტზე არ აეგებიან მის დასაცავად.

იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უმკაცრესი ზომები მიიღო, რომ ყოველივე იტალიურს იტალიური დარქმეოდა, მათ შორის სასმელ-საჭმელსაც. ამ დროს იტალიაში (და საერთოდ უცხოეთში) კი ქართველი ელჩი რას აკეთებს ქართული კულტურის იტალიელებისთვის გასაცნობად, კაციშვილმა არ იცის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი კი ძროხის რქენას კბენისგან ვერ არჩევს, ხოლო ქართული კერძები ლამისაა, სომხურზე აღარაფერს ვიტყვი, იაპონურ-ამერიკულად ინათლებიან.

ჩვენთან კი, იმიტომ რომ უცხოური გაჯეჯილებულია, ერის მასაზრდოებელი კულტურა იკარგება. ასეთ მაგალითს მტრის გულის გასახარად და მოყვრის გულის მოსაკლავად, რამდენსაც გინდა, იმდენს ჩამოვთვლი, თუმცა ამჯერად ქართული ღვინის უჯანმრთელესი პროდუქტები მინდა გავიხსენო, - ახტაშირა და ხარდალი, ვინძლო ერის მოყვარული კაცის ყურადღება მივიქციო - ოდესმე მაინც ხომ უნდა მოვეგოთ გონს.

თუმცა მანამდე ერთი საღიმილო ამბავი მინდა გავიხსენო, ნარიყალას ფერდობზე  როგორ გაწყვიტეს კუს სახსენებელი მეორე მსოფლიო ომისდროინდელმა ტყვეებმა,  წვნიანი რომ მოემზადებინათ. ამ დროს კი თბილისელი დედები შვილებს ღვინოში ჩამბალ პურს, ბოღლიწოს, აჭმევდნენ და ამით იფარავდნენ სნეულებებისაგან.

ახლა იმაზე, რა არის ახტაშირა. ეს გახლავთ ქართველ დიასახლისთა მიერ (ხაზს ვუსვამ - ქართველთა), საუკუნეების წინ მიგნებული და დღემდე მოტანილი უებარი სასმელი, რომელიც ყურძნის წურვისას საწნახლიდან პირველწამოსული წვენით მზადდება. მას, რაც შეიძლება სწრაფად (რომ ჟანგბადმა ნაკლებად იმოქმედოს) აგროვებენ ჭურჭელში და ათბობენ, მაგრამ არ ადუღებენ, დადუღების უნარი რომ დაეკარგოს და ყურძნის წვენი დარჩეს გლუკოზით მდიდარი.

ქართველ დიასახლისს ახტაშირას  მომზადების საჭიროებას საოჯახო მარაგის შექმნის და ძნელბედობისას თავის გადარჩენის აუცილებლობა კარნახობდა. დღეს კი ეს უებარი ახტაშირა, სხვა ქართულ პროდუქტებთან ერთად, მივიწყებულია და საეჭვო ღირსების სანოვაგე შეუფერხებლად შემოაქვთ ჩვენს ე.წ. "ბიზნესმენებს" თუ ფირმებს - მეტი მოგებაა და იმიტომ...

იმავე მნიშვნელობის არის ხარდალი, ანუ ხარდლის ღვინო.

ეს არის ჭურში ჩასხმული, ასევე ახალგამოწურული ყურძნის წვენი, რომელსაც ახტაშირას მსგავსად, წინასწარ კი არ ათბობენ ან აცხელებენ, არამედ  პირდაპირ საწნახლიდან  მიშვებულია ჭურზე. ჭური წინასწარ არის "გამოფაფული", ანუ შიგა კედლებზე წასმულია მდოგვი - ხარდალი, რომელიც აჩერებს ყურძნის წვენის ღვინოდ გარდაქმნას. რჩება ტკბილი სასმელი, ყველა სასარგებლო უნიკალური თვისებებით...

ამ უიშვიათესი ტკბილი სასმლის დაყენების წესი საქართველოს არც ერთ კუთხეში არ არის დამკვიდრებული, გარდა აჭარისა - მუსლიმანების  300-წლიანმა ბატონობამ აჭარაში ვერაფერი დააკლო ქართულ ყოფას. მართალია, ღვინოს ისე ჭარბად არ მოიხმარენ, როგორც საქართველოს სხვა კუთხეში, მაგრამ ეს უნიკალური სასმელი მაინც შემორჩათ.

ბატონებო, სვით ეგრეთ წოდებული ნატურალური წვენების ნაცვლად ეს სასმელები და გარწმუნებთ, დიდხანს იცოცხლებთ.

შალვა ლობჟანიძე