როგორც მწყურვალს წყალი - კვირის პალიტრა

როგორც მწყურვალს წყალი

მართალია, ძნელბედობამ ლამის ნახევარი საქართველო უცხოეთში გადახვეწა, მაგრამ ქვეყნის სიყვარულს ვერ მოერია - მადლობა ღმერთს, რომ უცხო მიწიდან ქართველთა უმეტესობა ისევ სამშობლოსკენ იყურება. მათ შორის ამ წერილის ავტორიც.

სამშობლოს სიყვარულს მადლობა არ სჭირდება, ეს ბუნებრივი გრძნობაა, თუმცა ასეთ ქართველებს მათი სახელით გვინდა ვუთხრათ მადლობა, ვისაც დახმარება ისე სჭირდებოდა, როგორც მწყურვალს წყალი.

ჰოლანდიიდან გწერთ. ეს ქვეყანა ჩვენსას არაფრით ჰგავს, არც ბუნებით, არც ხასიათით. აქაურებს ყოველი წუთი საჭიროების მიხედვით აქვთ განაწილებული და გამოირჩევიან საკუთარი მიწის უსაზღვრო პატივისცემით. ზღვასაც კი არ ეპუებიან და გოჯი-გოჯ ართმევენ მიწას. ჩვენ ღვთისგან ბოძებული ყველაფერი გვაქვს და მიუხედავად ამისა, იმდენი მაინც ვერ შევძელით, რაც ამ ხალხმა შეძლო.

ამიტომაც ვცემ პატივს ამ ქვეყანას - თავისი ძლიერებით გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ოჯახსა და ქვეყანას რაიმე ღირებული გავუკეთოთ. ამ იმედით დავაარსეთ ჰოლანდიაში ქართველებმა საქველმოქმედო ორგანიზაცია "იმედი" და როგორც შეგვიძლია, ისე ვეხმარებით საქართველოს. სხვათა შორის, ჩვენთან ერთად ჰოლანდიელებიც არიან და მათ ორგანიზაციის სულად და გულად მივიჩნევთ. ცოტა ხნის წინ ჩვენს მშვენიერ საღამოში ქალბატონი კლაუდია სტრაატსი მთელი არსებით ჩაერთო.

ნიჭიერმა ქართველმა პიანისტმა ნინო ხუციშვილმა და მისმა მეუღლემ, მევიოლინე ხანდერ ვადმანმა უზადოდ შეასრულეს კლასიკოს მუსიკოსთა ნაწარმოებები, მათ შორის ბატონი ვაჟა აზარაშვილისაც, რამაც განუზომელი სიამოვნება მოგვანიჭა არა მხოლოდ ქართველებს, რამაც სოლიდური საქველმოქმედო თანხის შეგროვება შეგვაძლებინა.

ამ ორმა ადამიანმა სული და გული ჩააქსოვა კონცერტში. კაცს სიცოცხლისთვის მატერიალურის გარდა სულიერი საზრდოც სჭირდება, ამაში სიკეთის კეთების ნიჭიც იგულისხმება. კონცერტის მთელი შემოსავალი რუსთავის უპატრონო ბავშვთა სახლს გადავეცით. არ გეგონოთ, არ ვიცოდეთ, რომ სიკეთეზე ბევრი არ უნდა ილაპარაკო, მაგრამ ალბათ გაგვიგებთ, - შორს ვართ და ყველაფერი, რასაც სამშობლოსთვის ვაკეთებთ, იმდენად გვიხარია, რომ გვინდა, ყველას გავუზიაროთ.

ღმერთმა გზაბედნიერი მისცეს ჩვენს ბავშვებს, ჩვენ კი სიკეთის კეთება შეგვაძლებინოს.

ჰოლანდიის ქართული საქველმოქმედო საზოგადოების დამაარსებელი ნინი კოჭლამაზაშვილი