ამბავი ქართული ბილბურთისა - კვირის პალიტრა

ამბავი ქართული ბილბურთისა

ქართველმა იცის, თუ მოინდომებს, მთის გადასაბრუნებლად რაიმეს მოიფიქრებს. მანამდე კი თავისთვის არხეინად ზის. ამასობაში გვიანდება. თუმცა ამ ნიჭის წყალობით ვახერხებთ სხვა ერთა შორის ადგილის დამკვიდრებას. როცა ეს წერილი წავიკითხეთ, ერთი წუთით დავფიქრდით, რა შეიძლება მოჰყვეს, თუკი მისი ავტორების ნიჭიერ ჩანაფიქრს გამოვამზეურებთ - ხომ შეიძლება, სამუდამოდ დავიმკვიდროთ ადგილი თუნდაც ერთ სფეროში.

პატივცემულო რედაქციავ, თქვენ გარდა არავინ გვეგულება, ამ საქმეში მხარში რომ ამოგვიდგეს. საქმე კი, რომელსაც ვიწყებთ, ძალიან საინტერესოა, მაგრამ თუ "ჩვენი ეზოს" იქით ვერ გადააბიჯა, აზრი არ ექნება. ვფიქრობთ, ძალზე საინტერესო ქართული სპორტის სახეობა შევქმენით. სწორედ ასე იქმნებოდა შორეულ თუ ახლო წარსულში სპორტის ის სახეობები, რომელიც ძალიან გვიყვარს. ჩვენი, ქართველების შექმნილი სპორტის სახეობა დაფუძნებულია ბილიარდზე, ამ არისტოკრატიულ თამაშზე და შერწყმულია ფეხბურთის წესებთან.

ბილბურთის თამაშს არ სჭირდება სპეციალური მაგიდა. მისი თამაში შეიძლება ბილიარდის ნებისმიერ მაგიდაზე. მაგიდაზე იხაზება ცარცით ფეხბურთის მოედანი, მოპირდაპირე ბორტებში იდგმება სპეციალური, მძიმე მეტალისაგან დამზადებული საფეხბურთო კარები, რომელსაც დამაგრება არ სჭირდება. თამაშში მონაწილეობს ხუთ-ხუთი სხვადასხვა ფერის ბურთულა (ბილბურთი) და ერთი განსხვავებული ფერის "ბურთი".

თამაშის მიზანია "ბურთის" გატანა მოწინააღმდეგის კარში. თამაშში მონაწილეობს ბილიარდის ლუზებიც (კალათები), ამის გამო მოთამაშეს მოეთხოვება არა მარტო მაღალი ტექნიკის გამოვლენა, არამედ გონივრული ტაქტიკის შემუშავება და შემდეგ ოპტიმალური მრავალსვლიანი კომბინაციის გათამაშებაც. კომბინაციების უამრავი ვარიანტი თამაშს ხდის ძალზე საინტერესოს და აზარტულს.

საგულისხმოა, რომ ბილბურთში გამოიყენება საბილიარდო სპორტის თამაშების ტექნიკური ილეთები, რომელსაც ემატება ფეხბურთისთვის დამახასიათებელი კომპონენტები - პასი, კარში დარტყმა, პენალტის დარტყმა და სხვ. ეს კი მოთამაშისგან მოითხოვს არა მხოლოდ ბილიარდის თამაშის  ცოდნას, არამედ "საფეხბურთო აზროვნებასაც".

საინტერესოა თუ არა? ჩვენ კი გვჯერა, რომ ბილბურთი ანუ ქართული ბილიარდი რევოლუციური სიახლეა და იგი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ თამაშად მსოფლიო საბილიარდო სპორტში. საბილიარდო სპორტის ქართველ პროფესიონალთა აზრით, ქართული ბილიარდი - ბილბურთი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ამერიკული პული, ინგლისური სნუკერი, კლასიკური ბილიარდი და სხვა.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჩვენი, ქართველების გამოგონილი სპორტის პოპულარიზებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. თუ ჩვენს აზრს იზიარებთ, იქნებ ეს წერილიც დაბეჭდოთ - თქვენ პირველები იქნებით, ვინც რიგით ქართველებს ამ ერთი შეხედვით მარტივ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან საქმეში ამოუდგა მხარში.

როსტომ როსტიაშვილი