"ჩვენ ვღუპავთ შვილებს, დირექტორი კი მათ გადარჩენას ცდილობს?!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვღუპავთ შვილებს, დირექტორი კი მათ გადარჩენას ცდილობს?!"

ტერმინი, "დაკარგული თაობა", არახალია: თაობები "იკარგებიან" ნებისმიერ  ქვეყანაში, სადაც ფასეულობათა გადაფასება სწრაფად ხდება,  დრო რომ გადის და მხოლოდ მერეღა ხვდებიან, რომ ასეთი საფასური ძალზე ძვირი უჯდებათ...

პატივცემულო რედაქციავ, თქვენი იმედიღა დაგვრჩა. დაგვეხმარეთ, შვილები დავიცვათ, არ გვინდა, ისინი პოლიტიკურ თამაშს შეეწირონ,  მით უფრო რომ ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენი, ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის მშობელთა პრობლემა არ არის. ბოლო სამი წელიწადია, მოქმედებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვით უფლება გვაქვს, ჩვენი შვილებისთვის მეოთხე კლასიდან პირველ უცხო ენად რუსული ან ინგლისური ენა ავარჩიოთ. ჩვენს ნებაზე რომ იყოს, იქნებ შვილებისათვის სხვა უცხო ენები უფრო გვემეტებოდეს, მაგრამ ბრძანება ასეთი იყო და რუსული ავირჩიეთ, სხვათა შორის, პრაქტიკული მოსაზრებით: სულ ცოტა ხანში ამ ენის მცოდნე თითო-ოროლა თუ დარჩება და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსული ენის ცოდნა აქტუალური გახდება. მოკლედ, ბავშვები რუსულს ზოგი უკვე ორი წელიწადია სწავლობს. რამდენიმე დღის წინ კი გვეუბნებიან, რომ სკოლის ახალმა დირექტორმა გადაწყვიტა, შეაწყვეტინოს ბავშვებს რუსულის სწავლება და დააწყებინოს ინგლისური. ამას ეროვნული სასწავლო გეგმა ითხოვს, მშობლები არჩევანში შეცდით და შვილებს არ დაგაღუპვინებთო.

სად გაგონილა, დედა შვილს ღუპავდეს და სკოლის დირექტორი ცდილობდეს მათ გადარჩენას? ვფიქრობთ, საქმე სხვანაირადაა - ეს ადამიანი ნამდვილად არ არის ჩვენი შვილებისა და თავისი მოწაფეების მტერი, მაგრამ რა ქნას, თუ განათლების სამინისტრო ამას ავალებს? ხარკი ბოლომდე ხომ უნდა გადავუხადოთ იმ ქვეყნებს, რომელთა მფარველობაშიც აღმოვჩნდებით ხოლმე. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ასე იყო... მაგრამ თუ სავალდებულო გახდება ინგლისური ენის სწავლება, ისწავლიან ჩვენი შვილები მეშვიდე კლასიდან. ახლა კი რა გამოდის - ნაჩქარევად უნდა გაიარონ ინგლისურიც და რუსულის სწავლაზეც ხელი უნდა აიღონ. გაგვაგებინეთ, ვის სჭირდება ეს?!

გადაეცით განათლების სამინისტროს, პოლიტიკურ მტრობას ნუ შესწირავს ბავშვების მომავალს. დაგვიტოვოს უფლება, გააგრძელონ ჩვენმა შვილებმა არჩეული ენის სწავლა, გვერწმუნეთ, ამ ენის ცოდნითაც ბევრ სასიკეთო საქმეს გაუკეთებენ ჩვენს ქვეყანას!

ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები