ბოლო წუთებამდე თავისი ძლიერების სჯეროდა - კვირის პალიტრა

ბოლო წუთებამდე თავისი ძლიერების სჯეროდა

დღეს შესაძლოა, იმ ქართველებს დიდი ვეღარ დავარქვათ, რომლებიც საბჭოთა იმპერიას აზანზარებდნენ, მაგრამ გვინდა თუ არა, ისინი ჩვენი სისხლი და ხორცი იყვნენ, სისხლსა და ხორცზე ფიქრს კი თავისი ტკივილი ახლავს. ეს წერილი ამიტომაც იბეჭდება.

ბევრ ისეთ ადამიანთან მქონია ურთიერთობა, რომლებიც ძლიერთა ამ ქვეყნისათა გვერდით იდგნენ. მათგან ბევრი რამ ვიცი და უნდა გაგანდოთ ის, რაც ოდესღაც თვითმხილველებმა ლავრენტი ბერიაზე მიამბეს. ამ ადამიანზე მოგვიანებით ბევრი ტყუილ-მართალი დაიწერა. მინდა გავიხსენო მოსკოვის ტელევიზიით კინორეჟისორ მარკ ზახაროვის სატელევიზიო გამოსვლა. მან დაასაბუთა, რომ გერმანიაზე გამარჯვებაში ბერიას სტალინზე ნაკლები ღვაწლი არ მიუძღვის: ომის დროს ფაბრიკა-ქარხნების ციმბირში გადატანა და დამონტაჟება ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა. ეს ფაბრიკა-ქარხნები კი იმ იარაღს უშვებდა, რომელმაც ომი მოიგო...

ბერიას დახვრეტის პერიოდში სამხედრო სამსახურში ვიყავი. პოლიტხელმა ბერიას შესახებ ცენტრალური კომიტეტის, უფრო სწორად, ხრუშჩოვის წერილი წაგვიკითხა, თან გაგვაფრთხილა, - არავითარი კითხვა არ დამისვათ, რადგან ვერაფერს გიპასუხებთო. წერილში ეწერა: ბერია იყო საბჭოთა ხალხის მტერი. განზრახული ჰქონდა მთელი მთავრობის დაპატიმრება,  ჩვენ მისი მზაკვრული გეგმები გავიგეთ, დავაპატიმრეთ და მალე გავასამართლებთო. საქმე კი სხვაგვარად იყო: სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წელს, დასავლეთ გერმანიამ აღმოსავლეთ გერმანიის შეერთება მოინდომა. სსრკ-ის ცკ მდივანი იყო მიამიტი მალენკოვი. გაიძვერა ნიკიტა ხრუშჩოვის წინადადებით, გერმანიაში საბჭოთა ჯარების ხელმძღვანელად და წესრიგის დასამყარებლად ლავრენტი ბერია გაიგზავნა. წესით, იქ თავდაცვის მინისტრი ბულგანინი უნდა წასულიყო, მაგრამ ბერია ხომ ვერ იტყოდა, - ეგ საქმე მე არ მეხებაო. წავიდა, დავალება შეასრულა და უკან რომ ბრუნდებოდა, ხრუშჩოვის ბრძანებით, მის თვითმფრინავს დაჯდომის საშუალება იმ სამხედრო აეროდრომზე კი არ მისცეს, საიდანაც გაფრინდა, არამედ - სულ სხვაგან. თვითმფრინავის მეთაურს ბრძანება არ ეჭაშნიკა, თანაც როცა ეშვებოდა, დაინახა, რომ აეროდრომზე ბერიას მთელი ცეკა და პოლიტბიურო კი არა, მხოლოდ ხრუშჩოვის მანქანა ელოდებოდა. მან ეს ამბავი ბერიას მოახსენა.

ბერიას თავისი ძალისა და ძლიერების ღრმად სწამდა, ამიტომ მფრინავს უთხრა, - ნუ ღელავთ! შენ თვითმფრინავი კარგად დასვი. მთავარია, მიწაზე ფეხი დავდგა, მერე ყველაფერი კარგად იქნებაო (არადა, ამ დროს მისი დასაყრდენი ხალხი დაპატიმრებული იყო). მაგრამ ხრუშჩოვმა ამის საშუალება არ მისცა - ტრაპზევე დახვრიტა. ეს ამბავი ამ საზარელი სცენის შემსწრე ნაცნობმა ქართველმა მფრინავმა პოლკოვნიკმა მიამბო.

ბერიას დახვრეტის შემდეგ ყველა რესპუბლიკაში გაიგზავნა დახურული წერილები. მათ შორის აზერბაიჯანის ცეკას პირველ მდივან ბაგიროვთან. ის მაშინვე ჩავიდა მოსკოვში და ბერიასთან შეხვედრა მოითხოვა: - ვიდრე პირადად ბერიასგან ჩემი ყურით არ მოვისმენ იმ ყველაფერს, რაც დახურულ წერილში წერია, ვერ დავიჯერებო.

ბაგიროვს უთხრეს: - წამობრძანდით და მოგასმენინებთო. კა-გე-ბეს ჯურღმულში ჩაიყვანეს, დააჩოქეს, ტყვია კეფაში დაახალეს, ცხედარს კაუსტიკური სოდა დააყარეს, წყალი მიუშვეს და კანალიზაციაში ჩარეცხეს - ესეც იმ ადამიანისგან მაქვს მოსმენილი, ვინც ამ ჯურღმულის მსახურებთან ნაცნობობდა.

ამის შემდეგ ქვეყნის სათავეში ხრუშჩოვი მოვიდა და ვინც მის პირველ კაცად გახდომას ეწინააღმდეგებოდა, ყველა ხალხის მტრად გამოაცხადა.

პატივისცემით, ავთანდილ ქურხული