"ვხვდები, რომ უკვე ძალა მეწურება" - კვირის პალიტრა

"ვხვდები, რომ უკვე ძალა მეწურება"

ერთი ავადმყოფი გოგონას დედა გაწუხებთ, ჩემი შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს. მაგრამ  არ იფიქროთ, მისთვის გთხოვდეთ დახმარებას. სხვისი შვილის მდგომარეობა უფრო მიწვავს გულს, აქ თითქმის ორი წელიწადი კომაში მყოფი ახალგაზრდა ქალი წევს, ხათუნა პეტრიაშვილი. უბედური დედამისი შვილის უძრავ და უმეტყველო სხეულს დასტრიალებს, ეფერება და ელაპარაკება. არ ვიცი, რამდენს უძლებს ეს უბედური ქალი, ან რა ხარჯებს აუდის. არადა, ვეუბნები, იქნებ ვინმეს დახმარება სთხოვო, კეთილ ხალხს რა დალევს-მეთქი,  არავის კარზე მისვლა  არ უნდა. ერთხელ მითხრა, "კვირის პალიტრამ" დაწერა ჩემს შვილზე, - მაშინ იმდენი ხალხი გამომეხმაურა, ცხოვრების იმედი მომეცაო. იქნებ კიდევ დაწეროთ  საბრალო გოგოზე, რომელიც   არეულ-დარეულმა დრომ შეიწირა, - საბერძნეთში მოხუცების მოსავლელად 27 წლის ანგელოზი წავიდა, აქ დატოვებული შვილი რომ ერჩინა, ქუჩაში მანქანა დაეჯახა და გონდაკარგული ჩამოიყვანეს საქართველოში. ხათუნას შესახებ ისევ თუ დაწერთ, მადლს იზამთ,  დედამისი თუ არა, ღმერთი მაინც გადაგიხდით მადლობას. მარიამი

KvirisPalitra.Geდაახლოებით ორი წლის წინ მართლაც ვწერდით ხათუნაზე, შეგვძრა მისმა ტრაგედიამ, - ნაძირალამ, რომელმაც საბერძნეთის ქუჩაში მანქანით გადაუარა, უგონოდ მყოფი მიატოვა.  უგონოდ დარჩენილს ჰპატრონობდა და თავს დასტრილებდა  ათენის საავადმყოფოში ხათუნას საბერძნეთის ქართველობა. იქიდან საბერძნეთში საქართველოს კონსულის, კოტე საბიაშვილის ხელშეწყობით ჩამოიყვანეს. ჩვენს წერილს მაშინ მართლაც ბევრი გამოეხმაურა. რას ვიფიქრებდით, მისი მდგომარეობა აქამდე თუ მივიდოდა.

საავადმყოფოში რომ მივედით, ქალბატონი ნელი შვილს  ზონდით აჭმევდა ფაფას.

- ქალბატონო ნელი, როცა პირველად შეგხვდით, ვიფიქრე, რასაც თქვენ განიცდიდით, მისი გაძლება დიდხანს შეუძლებელი იყო...

- თუ სხვა გზა აღარ რჩება, გაძლებ. დილით ვდგები, ჩემს შვილს საჭმელს ვუკეთებ, ქილებში ვასხამ, ჩანთაში ვაწყობ. ერთი სული მაქვს, პალატის კარს როდის შევაღებ და შვილს დავინახავ.

- ეს ხომ პალატა არ არის, ბეტონისფილებიანი ოთახია.

- მიმღებია. მე მაინც დაჩოქილი ვუხდი მადლობას ექიმებსა და ჯანმრთელობის სამინისტროს, საავადმყოფოში უფასოდ ყოფნის უფლება რომ მომცეს.

- ერთხელ მაინც თუ მოსულა გონზე?

- არა. სულ მგონია, რომ შველას მთხოვს და მე ვერ ვშველი... რაღაცას კი გრძნობს... შვილი რომ მოეფერება, ცრემლი სდის.

- ექიმები რაიმე იმედს თუ გაძლევენ?

- ვერაფერს ამბობენ... საბერძნეთის საავადმყოფოდან რომ გამომყავდა, ექიმმა კარში დამაწია, - დიდი მოთმინება გმართებს, შეიძლება წლები დასჭირდეს შენს შვილს გონზე მოსასვლელადო... ეს ხმა სულ ჩამესმის.ღმერთმა ყველას აშოროს, რაც ჩვენს ოჯახში დუღს, მაგრამ იმას რომ მივაღწიო, ჩემმა შვილმა მიცნოს, ბედნიერი წავალ ამ ქვეყნიდან. თუმცა უკვე ვხვდები, რომ ძალა მეწურება. ჩემს მეორე ქალიშვილს ხათუნას მდგომარეობამ ფსიქიკა ისე დაუზიანა, რომ სერიოზული მკურნალობა სჭირდება. აქეთ მატერიალური გასაჭირია, - ყოველ საღამოს იმ დარდით ვწვები, ხვალ რა ვაჭამო ხათუნას. ჩემს შვილს ჩვილივით კარგი კვება სჭირდება, რომ გაძლოს... იქნებ საბერძნეთში სასამართლოს დასრულებამდე გავაძლებინო. ისეთი კომპენსაცია მაინც რომ მოგვცენ, სასუნთქი აპარატი ვუყიდო და შინ მოვუარო, ბედნიერი ვიქნები. ის ოხერი სასამართლოც ჭიანურდება, - ბერძენი ადვოკატები გვეუბნებიან, ცოტა კიდევ მოითმინეთო.

- მითხარით თქვენი საბანკო ანგარიშები, - თუნდაც ერთი კაცი რომ დაგეხმაროთ, ესეც მადლი იქნება.

...და უბედურმა დედამ, თავისი ოდესღაც სიცოცხლით სავსე შვილის ფოტოებიანი პარკიდან გახუნებული ფურცელი ამოიღო - საბანკო ანგარიშით  (პროკრედიტბანკი, კლიენტის დასახელება: ნელი პეტრიაშვილი. ტელეფონი: 591305744, პირადი #16001019655, ანგარიშის ნომერი: ევრო - 361101014700723; ლარი - 360101014700900; ბანკის კოდი MIBGGE22).  გამოვართვი და უკან ვერ მივიხედე, ისე გამოვიხურე კარი. უკნიდან ხათუნას ლუღლუღი და დედამისის ხმა დამეწია, - რა იყო, დედიკო, ძალიან დაიღალე?

ხალხო, იქნებ ჩვენ მაინც არ დავიღალოთ სიკეთის კეთებით!