მიწა, რომელიც არ იყიდება - კვირის პალიტრა

მიწა, რომელიც არ იყიდება

ჯერ კიდევ როდის ირტყამდა თავში ხელს საკუთარი მიწა-წყლის ბედით გამწარებული ილია. თავად  შეუძლებელი შეძლო, გასასხვისებლად გამზადებული ჩვენი მიწა რომ გადაერჩინა. საქართველო ახლაც იყიდება, მაგრამ ილია აღარ გვყავს. ქართული მიწის გადასარჩენად განგება სწორედ უმძიმეს დროს მოუვლენდა ხოლმე საქართველოს ილიას და ილიასნაირ ქართველებს. დრო მოვა და უსათუოდ გამოჩნდება ახალი ილია. ახლა კი ამ წერილს გთავაზობთ იმის დასტურად, რომ ყოველ ქართველში სადღაც გულის კუნჭულში საკუთარი მიწის გაუხუნარი სიყვარული უნდა ინახებოდეს.

ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა, - მაშინ, როცა საბჭოთა კავშირს მძიმე რკინის ფარდა ჰყოფდა დანარჩენი მსოფლიოსგან, საქართველოში დიდი საზღვაო სანაოსნო იყო მრავალი გემით. მათ შორის იყო გემი "საბჭოთა საქართველოს 50 წლისთავი", რომელზეც ჩემი ძმა რობერტი, ბოცმანად მუშაობდა. ბოცმანს იმდენად უყვარდა ყვავილები, რომ გემის გასვლის წინ კაიუტაში ორ-სამ ქოთანში დარგულ ლამაზ ყვავილს ახარებდა.

გემი ამერიკის საზღვაო პორტს, ოლბანს უახლოვდებოდა და გემბანზე გამოფენილი  მეზღვაურებიდან ერთი ღიმილით ეუბნებოდა მეორეს:

- შეხედე, ბიჭო, ჩვენი "ზემლიაკი" მოხუცები ისევ ნაპირზე გველოდებიან, ალბათ კიდევ მიწა უნდათ იყიდონ, ნეტავ რაში სჭირდებათ ამდენიო?

ერთმანეთისთვის ხელიხელჩაჭიდებული მოხუცი ცოლ-ქმარი კი მართლაც იჯდა საზღვაო პორტის კუთხეში და სიხარულით შესციცინებდა ნაპირთან მისადგომად მოახლოებულ ქართულ გემს.

...ეს დროც დადგა. მორიგე მეზღვაური გემის კიბესთან დადგა, დანარჩენები ზევით, "პალუბაზე", ერთმანეთზე ჩაჭიდებული მოხუცები კი გემს ნელ-ნელა მიუახლოვდნენ და ისევ იგივე იკითხეს, რასაც ყოველთვის კითხულობდნენ -  რა ამბავია იქ, ჩვენს სამშობლოში, ბიჭებო? - ისევ იგივე ამბავია, როგორც ყოველთვის, - უპასუხეს ბიჭებმა, - თქვენ როგორ ხართ, მოხუცებო?

- ჩვენც ისე, ძველებურად, სიკვდილის მოლოდინში,  - უპასუხეს მათ, - ქართული მიწა ხომ არ ჩამოგიტანიათ? - თქვენ ხომ წინათაც წაიღეთ ქართული მიწა?! - გაუკვირდათ მეზღვაურებს და იქვე დასძინეს: - ეგ მარტო ჩვენს ბოცმანს თუ ექნებაო და ჩემს ძმას დაუძახეს. ისიც გემბანზე გადმოდგა, - რით გემსახუროთ, მოხუცებოო? მართლა გაქვს, შვილო, ქართული მიწაო? - კი, მაქვს ქოთანში, შიგ ყვავილებია ჩარგულიო, - უპასუხა ჩემმა ძმამ. - სადაური ბრძანდები, შვილო, სადაურია ეს ყვავილებიო? დაინტერესდნენ მოხუცები.

- მახარაძის რაიონიდან, სოფელ ძიმითიდან ვარ. იქ, ჩემს სახლში, მე და დედა ვთესავთ და ვრგავთ ყვავილებს, დედაჩემსაც ძალიან უყვარს ყვავილები, - უამბო ჩემმა ძმამ. - გაიხარე, შვილოო, - დალოცეს მოხუცებმა, - იქნებ ერთი ქოთნიდან მოგვცეთ ეგ მიწა, სამშობლოში ჩვენ ვერ დავბრუნდებით, აქ მაინც დაგვაყრიან გულზე, მშვიდად წავალთ იმ ქვეყანაში.

ჩემს ძმას თვალებში ცრემლი ჩასდგომია და გვერდზე შებრუნებულა, - მოხუცებმა არ დამინახონო. მერე  მიწით სავსე ქოთანი პაკეტში ჩაუდვია და მოხუცებისთვის ჩამოუტანია. - სამაგიეროდ რას გვთხოვ, ყმაწვილოო, - უკითხავთ იმათ. - ეს მიწა წაიღეთ და კარგად ბრძანდებოდეთო, - უთქვამს ჩემს ძმას და გემზე დაბრუნებულა.

დაბნეულ მოხუცებს ერთმანეთისთვის ინგლისურად გადაულაპარაკებიათ და მეზღვაურისთვის უკითხავთ, - ბოცმანს ოჯახი თუ აქვსო? იმასაც, - მეუღლე ჰყავს და 6-8 წლის შვილები, ქალ-ვაჟი, დედა და ნათესავები, დიდი ოჯახი აქვსო.

მოხუცები წასულან და ერთ დღესაც, როცა გემი იტვირთებოდა, კვლავ დაბრუნებულან  ჩემოდნებით, - თუ შეიძლება ბოცმანს დაუძახეთ, მისი ნახვა გვინდაო. ჩემი ძმაც გასულა. - ყმაწვილო, თქვენი დიდი მადლობელი ვართ, აგერ რაღაც-რაღაცები ვიყიდეთ მიწის სანაცვლოდ, ალალი იყოს შენზეო.

ჩემს ძმას კი, თუ აქამდე რიდით ეკიდებოდა მოხუცებს, ამჯერად ხმაში რისხვა მოსდებია და ჩემოდნებისთვის ხელი უკრავს, - ახლავე წაიღეთ და სასწრაფოდ უკან დამიბრუნეთ ქოთანი, აქ დაგელოდებითო...

უცებ მოხუცებს ტირილი კი არა, ბღავილი ავარდნიათ, მუხლებზე დაცემულან და ერთმანეთს გადახვევიან, - როგორც იქნა, ნამდვილი ქართული მიწის ნახვა გვეღირსაო და რობერტისთვის უთქვამთ: - გთხოვთ, მოგვიტევოთ, ყმაწვილო. აგერ მეხუთედ წავიღეთ მიწა და თქვენამდე ყოველთვის ვიხდიდით მიწის  საფასურს. მიწა კი მიგვქონდა და ვყრიდით, - არ შეიძლება იგი ქართული  ყოფილიყო, - ქართულ მიწას ნამდვილი ქართველი არასოდეს გაყიდის. დღეიდან შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, - გულზე უეჭველად ქართული მიწა დაგვეყრებაო.

ასე დამთავრდა ეს ამბავი... ამბავი მიწისა, რომელიც არ იყიდება.

ანზორ პატეიშვილი, ჟურნალისტი