"ჰერეთში ჩონ გვარი და შტო რომ არ გაქრეს" - კვირის პალიტრა

"ჰერეთში ჩონ გვარი და შტო რომ არ გაქრეს"

ხშირად გაიგონებ, კაცი იმედით ცოცხლობსო. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ,  ნამდვილად გჯერა, რომ იმედს არა მხოლოდ ერთი კაცის, ქვეყნის გადარჩენაც შეუძლია. ასეთი იმედი გადამდებია. ჩვენ გადმოგვედო, გულით ვისურვებდით,  საინგილოს ახალგაზრდა ქართველებსაც გადასდებოდეთ.

ამ წერილის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ჰერეთში კიდევ ერთხელ საკუთარი თვალით ვნახე, რა ხდება: სხვა პრობლემებს თავი რომ დავანებოთ, იქ თავად ინგილოები არ ვართ ერთიანები და  ხშირად შუღლი გვიპყრობს. არადა, ერთმანეთი გვყავს დასაცავი. ვფიქრობ, ეს იქ გამეფებული გაუნათლებლობის და ინტელექტის დაბალი დონის ბრალია. მაგრამ რომელ განათლებაზეა ლაპარაკი: ვინც თბილისში წამოვიდა განათლების მისაღებად, საინგილოში აღარ ბრუნდება. ამას რომ ვუყურებ, ჰერეთის დიდი გულშემატკივარი ბორის ათამაშვილი მახსენდება.

ის ყოველთვის მოუწოდებდა ახალგაზრდებს, - სკოლის დამთავრების შემდეგ გაეგრძელებინათ სწავლა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სწავლადამთავრებულები აუცილებლად დაჰბრუნებოდნენ საკუთარ სოფლებს და შეძენილი ცოდნა ჰერეთისთვის მოეხმარებინათ.

სამწუხაროდ, ამ ცხონებულ კაცს ბევრმა არ დაუჯერა, - ჰერეთის სოფლებიდან ახალგაზრდა თაობის დაუსრულებელი მიგრაცია ხდება, იქ მხოლოდ მოხუცები და ბავშვები რჩებიან, რომელთაც არ ძალუძთ ახალგაზრდების საკეთებელი საქმე აკეთონ, შეუძლებელი ხდება სოფლის გალამაზება და ფეხზე დაყენება. სოფელს კი ახალგაზრდობა ალამაზებს როგორც საქმით, ასევე იქ ყოფნით. ასე დადგა დიდი პრობლემის წინაშე ჩვენი კუთხე. ალიბეგლოს, ალიაბადისა და კახის მოსახლეობას არ შეუძლია გადაჭრას ის პრობლემები, რომლის შედეგებიც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს ჰერეთისთვის. გარდა ამისა, ჩვენი კუთხე პატარაა და ჰერეთიდან წასული ყოველი ადამიანი ნიშნავს მისი მომავლის და ინტელექტუალური სიმდიდრის დაკარგვას! კიდევ უარესი: ახალგაზრდების გადინება იწვევს დემოგრაფიულ პრობლემებს, კატასტროფულად მცირდება სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა. განა ვინმე წუხს იმაზე, რომ ჰერეთის სკოლებში 1990 წელთან შედარებით მოსწავლეთა რიცხვი დღეს 70%-ით არის შემცირებული? რამდენიმე სკოლა მოსწავლეთა სიმცირის გამო დახურვის პირასაა.

აი, ამ დროს ჰერეთიდან ჩამოსულ სტუდენტთა უმრავლესობა საქართველოში, თბილისში ფუძნდება. მეც სწორედ მათნაირი სტუდენტი ვარ, თუმცა, ჰერეთში ყოველი ჩასვლისას უფრო მეტად მიმძაფრდება იქ დაბრუნების სურვილი. მე ჩემს საქმეს აუცილებლად იქ გავაგრძელებ, საიდანაც ვარ, - ჩემს მშობლიურ კუთხეში, ჩემს სოფელში. ამის აუცილებლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ვნახე კახის გადამწვარი კულტურის ცენტრი, დანგრევის პირას მისული კულტურის სახლი და ბანქოს სათამაშო ადგილად ქცეული სკოლები.

P.S. დაბოლოს, ადამიანმა მარტო საკუთარ კეთილდღეობასა და ცხოვრების აწყობაზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ სამშობლოზეც, და როგორც ნამდვილი ინგილო ბორის ათამაშვილი იტყოდა, - "როგორც შეგვიძლია, ისე მოვუაროთ ჩვენს კუთხეს, რათა ჩონ გვარი, შტო არ გაქრეს ამ კერიდან".

აქვე ვიტყვი: ამ წერილის მიზანი არ არის ვინმესთვის ჭკუის სწავლება. შევეცადე, გადმომეცა ის ტკივილი, რომლითაც ჩემი ჰერეთი მტკივა.

თემურ სუყაშვილი