"მიხარია, რომ ჩემი გავერანებული კუთხე დღეს აყვავებულია" - კვირის პალიტრა

"მიხარია, რომ ჩემი გავერანებული კუთხე დღეს აყვავებულია"

დღეს ყოფით პრობლემებზე ბევრს ვწუწუნებთ. თუმცა რა გასაკვირია, იმდენი რამ გადავიტანეთ ბოლო ათწლეულებში და არც დღეს არის ყველაფერი რიგზე. ისე, იმასაც უნდა შემჩნევა, რომ ერთ ადგილას არ ვდგავართ და  დავიძარით ადგილიდან - ძალიან ბევრი  კარგიც ხდება.თუ ამის დანახვის უნარი არ გვაქვს, ვერც წუწუნს  მოვიშლით და ვიქნებით თუ არა სრულფასოვნები, თავადვე განსაჯეთ. ამიტომაც მარტვილელი ქალბატონის ამ წერილს სიამოვნებით ვაქვეყნებთ.

ათეული წლების წინ არაერთხელ გამომითქვამს უკმაყოფილება ყველასაგან მიტოვებული ჩემი მარტვილის მდგომარეობაზე - ეს რა ბედი გვერგო, ყველამ დაგვივიწყა, როგორც მივარდნილი რაიონი, არავის ვაინტერესებთ-მეთქი. მხოლოდ ჩემი სოფლის, სალხინოს მაგალითზე ვიტყვი: ერთ დროს მართლაც ყვაოდა, ილხენდა და ლაღობდა, მერე კი ისე გახუნდა, თითქოს სიცოცხლე ჩაქრაო. დარჩა ყოფილი სკოლა-ინტერნატი უსიცოცხლო იერით, გადამწვარი და გავერანებული დადიანების სასახლე, გაჩანაგებული ოჯალეშის ზვრები, მოუვლელი ხეივნები, ყოფილი კოლმეურნეობის შენობა და ეზო.

შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ პატარა მარტვილს და მით უფრო პატარა სოფელს, ინჩხურს, ძალზე საინტერესო ისტორია აქვს. ინჩხური საქართველოში ერთადერთი სოფელია, სადაც ორი წმინდანი აღიზარდა: ამბროსი ხელაია და იოანე მინჩხი.

გავიდა დრო და როცა ახლახან მეგობრები მეწვივნენ თბილისიდან, აღტაცებას ვერ ფარავდნენ მარტვილის მშვენიერებით. აოცებდათ  უფაქიზესად აღდგენილი დადიანების სასახლე, რესტავრირებულიG ეკლესიები, კოტეჯები, მოვლილი მარანი და ეზოები, აღდგენილი ოჯალეშის ზვრები, ყოფილი სკოლა-ინტერნატი... ჩვენი მღვდელმთავრის, მეუფე პეტრეს მიერ უმცირეს დროში მოხდენილი სასწაული - აღდგენილი და განახლებული მარტვილის სამონასტრო კომპლექსი. გახარებულები მეუბნებოდნენ, - მეუფე პეტრეს მოვლინება ჭყონდიდის ეპარქიაში მარტვილელებისთვის ღვთის საჩუქარიაო. შეუძლებელია, არ აღვნიშნო, თუ როგორი სათნოებით ეხმარება იგი ყველა გაჭირვებულს და არა მარტო მათ, - რაც მას ნებისმიერი მარტვილელისთვის გაუკეთებია, იმისY ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

ჩემი მეგობრების აღტაცების შემხედვარეს უნებურად ინჩხურის საჯარო სკოლის ოდინდელი გასაჭირი გამახსენდა - როცა გაუგებარი მექანიზმებით იკრიბებოდა ელექტროენერგიის საფასური და სკოლას 370 ლარი დაადეს გადასახდელად. ჩვენ კი ფული არ გვქონდა... ამ დროს სკოლის მეზობლად ყოფილა მეუფე პეტრე. ჩვენი გასაჭირი გაუგია და იმწამსვე თავისი ხელით გადმოგვცა საჭირო თანხა. ვტიროდი, ჩემი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისა მრცხვენოდა, - ეკლესიას იქით სჭირდებოდა დახმარება, პირიქით კი მოხდა...

თავის დროზე ინტერნატის ასაშენებლად მამაჩემს ჭაობი მიუზომეს. მან ეს ჭაობი წალკოტად აქცია - რითაც ვამაყობ! მამაჩემი რამდენიმე ათეული წელი ამ სკოლა-ინტერნატის დირექტორიც იყო. მერე დრომ და ვიღაცების უზრუნველობამ ბევრი რამ მოსრა. მოვიდა მეუფე პეტრე და იქაურობა კვლავ აღადგინა. დღეს აქ ამბროსი ხელაიას სახელობის სასულიერო გიმნაზიაცაა.

დაბოლოს, ძალიან გვინდა, უკვე აღდგენილ და განახლებულ ინჩხურის საჯარო სკოლას დიდი ქართველი ჰიმნოგრაფის იოანე მინჩხის სახელი ეწოდოს. ეს კი მომავალში არავის მისცემს ნებას, დაივიწყოს თავისი ქვეყნის და კუთხის ისტორია და წარსული.

მარტვილი, ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორი: შორენა ახვლედიანი