ქართველების "პატივცემული" ობელისკები - კვირის პალიტრა

ქართველების "პატივცემული" ობელისკები

კრწანისის ბრძოლის ყოველ წლისთავზე ბევრი ჩოხოსანი ქართველი დასეირნობს თავმომწონედ ამ ბაღში

"კარგა ხანს ვიყოყმანე ეს წერილი მომეწერა თუ არა. იმას ველოდებოდი, ეგებ ვისაც ეხება, შერცხვეს და კრწანისის გმირების ქანდაკებას მიხედოს-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად. თანაც საქმე განა მარტო ამ ერთ ობელისკშია. რამდენიმე ხნის წინ სწორედ "კვირის პალიტრაში" წავიკითხე იაპონელებზე სტატია და გამოგიტყდებით, შემშურდა: გადაუწყვეტიათ, ჰიროსიმაში დაღუპულთა პატივსაცემად მარადიული ცეცხლი ატომური იარაღის სრულ განადგურებამდე ენთოს. ატომურ იარაღს მსოფლიო რომ არ შეელევა, მშვენივრად იციან, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ იაპონელები იქნებიან, ცეცხლიც ენთება. ასე სცემს პატივს წარსულს ქვეყანა, რომელსაც მომავლის არ ეშინია. არც უნდა ეშინოდეს, უპირველესად იმიტომ, რომ წარსულს უფრთხილდება. შემშურდა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ჩამოგლეჯილ-ჩამოფატრული ძეგლები და ობელისკები გამახსენდა, რომელიც საქართველოში ყველგან გხვდება თვალის ამოსათხრელად და გულის გასახეთქად. იმ ობელისკებზე ვლაპარაკობ, რომლებიც წლების წინ ქართველმა ხალხმა აღმართა იმის მიუხედავად, რომ იმპერიას, რომელსაც ემორჩილებოდა, გულზე სულაც არ ეხატებოდა გმირები. ამ ობელისკებში ჩვენი თავისუფლების წყურვილი იხატებოდა, წარსულით სიამაყე და ნატვრა, რომ ოდესმე მტერს წინაპრებივით დავათმობინებდით წართმეულ მამულს. მერე მათ საზარელ მსოფლიო ომში დახოცილი ქართველების ძეგლებიც დაემატა, რომლებიც, სხვათა შორის, ზუსტად ისე იცავდნენ თავიანთ მიწასა და ოჯახებს მტრისგან, როგორც სხვა ჩვენი წინაპრები. ბოლოს, სამწუხაროდ, ახალ ომებში დაცემულთა ხსოვნისათვისაც აღიმართა ობელისკები. და ახლა რა ვქნათ, წლები რომ გავა, ესინიც ბალახით უნდა გადავაჯეჯილოთ?

რა ხანია, ორთაჭალის ბაღში, კრწანისის გმირების დაცემის ადგილას, ფეხმოგლეჯილი სულთმობრძავი ბიჭის მემორიალს ავუვლი და ჩავუვლი და სირცხვილით თვალები სად წავიღო, აღარ ვიცი. ხალხსაც ვუყურებ, ნეტა, ესენი რაღას ფიქრობენ-მეთქი და... ბევრი სულაც არ იხედება იქითკენ. აბა, რა საყურებელია, რაც გულზე გხვდება!. არადა, კრწანისის ბრძოლის ყოველ წლისთავზე ბევრი ჩოხოსანი ქართველი პოლიტიკოსი დასეირნობს თავმომწონედ ამ ბაღში - ჩემი თვალით მინახავს. ნეტავი, საკუთარ თავს თუ არა, შვილებს მაინც რას ეუბნებიან სამუდამოდ ჩამქრალი და ამომწვარი მარადიული ცეცხლის შემხედვარენი? ან რაა სათქმელი. ერთი პატარა ბიჭი ექაჩებოდა ფეხმოგლეჯილი ქანდაკებისკენ დედას, - რა მოუვიდა, ფეხი რატომ არა აქვსო... საგანგებოდ დაველოდე, რას უპასუხებს-მეთქი და... ვერ უთხრა, მოიპარესო, შერცხვა. მე მომიბრუნდა, - ეს ქართველის გაკეთებული არ იქნებაო. რატომ, ვითომ, თუ ქართველები ავუვლით და ჩავუვლით, ამ დამახინჯებულ კრწანისის გმირს (და სხვა უამრავ ასეთ ობელისკს), ვერ ვუვლით და ვერ ვაფასებთ, ვითომ ფეხს რატომ არ მოსტეხდა ჯართში ჩასაბარებლად?

ეს, შეიძლება, სამასი არაგველის ბაღთან ოდნავ მოშორებით მდგომი ჰაიდარ ალიევის ქანდაკების შემხედვარე აზერბაიჯანელმა არ იკადროს, რადგან აზერბაიჯანის ლიდერის ქანდაკება მუდამ ზეთით არის გაპრიალებული, გარშემო სკვერიც ყვავილებით გადაპენტილა.

"რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის", ჩვენი მომავალი თაობის სულებს კი ცხოვლად წინაპრების განადგურებული სიმბოლოები აჩნდება. და... განადგურებული წარსულიც. აბა, როგორ ვაპირებთ, ქვეყანას მომავალი ჰქონდეს?

პატივისცემით, ნოდარ ქორიძე".