"ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის"

"იყო დრო, ჩვენი უდაბნო ყვაოდა"

"ჩვენი მთავრობა ხმა არ გაიღოთო და განუწყვეტლივ პენსიების გაზრდას გვპირდება"

ვისაც დავითგარეჯის სანახავად მზით დაშაშრული ველები გადაულახავს, სოფელ უდაბნოს დანახვისას უსათუოდ გაუჩნდება ასეთი გრძნობა - სოფელი ისე დგას, როგორც ღამით გზააბნეულისთვის სანთელი. ეს სოფელი საზღვრისპირა ქართულ მიწაზე გვაიმედებს, რომ იქ ვიღაც დგას დარაჯად. დღეს კი ამ სოფლის გაჭირვებას ვინღა დაგიდევს, როცა მთელ საქართველოს უჭირს. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ასეთი სოფლების მნიშვნელობა უფრო გაიზარდა. ამიტომაც ამ სოფლის მკვიდრის, ბატონ იოსებ უსტარაშვილის წერილი გულისყურით წავიკითხეთ. მერე ბატონი იოსები თავადაც გვეწვია.

კარგად ვიცი, ძალიან ბევრი შემოგჩივით, რადგან ჩვენი საქმე ისეა, როგორც გალაკტიონი იტყოდა, - "ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის". კარგად ის არის, რომ იმის საშუალება გვაქვს, არც მოვკვდეთ და არც მოვრჩეთ, რადგან გაზრდილმა გადასახადებმა, უმუშევრობამ და საწვავის სიძვირემ ხელ-ფეხი შეგვიკრა. მით უფრო პენსიონერებს. ჩვენი მთავრობა კი, - ხმა არ გაიღოთო და განუწყვეტლივ პენსიების გაზრდას გვპირდება. დროდადრო გროშებით გვიზრდის და ამით  თითქოს კმაყოფილი უნდა ვიყოთ.

მთელი სიცოცხლე სოფლის მასწავლებელი ვიყავი და იმდენი ვერ მოვაგროვე, დამწვარი ბოსლის ადგილას ფიცრული შემეჭედა, პირუტყვი რომ  ვიყოლიო. მაგრამ ვაი მის შენახვას. საწვავი  ისე ძვირია, რომ ერთი ჰექტრის მოთიბვა და მოტანა 35-40 ლარი ჯდება. იყო დრო, როცა მოსავალიც მოგვყავდა - უდაბნოში რომ ჩაგვასახლეს, სწორედ მაშინ გამოგვიყვანეს სარწყავი წყალი.

ახლა სარწყავმა არხმა ჭირი მოგჭამათ. ჭაპანწყვეტით გაზრდილი პირუტყვის დაკვლა მთავრობას უნდა შევუთანხმოთ, - ასე მოგვთხოვეს ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმაო. სირცხვილი ამისთანა მეგობარს! ან რატომ უნდა დაუმეგობრდე მას, ვინც შენი გლეხის დაქცევას მოინდომებს! მაგრამ მეეჭვება, რომ ჩვენი მთავრობის გარდა, ჩვენი ასე დაბრიყვება ვინმეს თავში აზრად მოსვლოდა. კარგად გვიცნობენ, - კისერს ისე წავუხრით, როგორც ჩვენებური ხარები. ან რა ვქნათ - გლეხი შრომისთვის არის შექმნილი და არა მთავრობასთან საბრძოლველად. მთავრობასთან ჩვენმა ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს, მაგან უნდა უთხრას, - ამ ხალხს სულს რომ ხდით, არ შეგარჩენთო. ისიც, ძალას რომ დაინახავს, ხალხს ამდენს ვეღარ გაუბედავს, თორემ ისე მთავრობა მე რას მიშლის, თუ ხალხის სახეირო საქმეს გააკეთებს.

ოპოზიცია მთავრობას "წადი-წადის" იმიტომ ეძახის, მე უნდა მოვიდეო! ამას რა ჰქვია?! შენჩემიაობა ჰქვია. ამასობაში ჩვენი სოფელიც დაიცალა, მიტოვებული სახლების ლიბოში უდაბნოს გველები მრავლდებიან.

ძალა თავად ჩვენში, ხალხშია. გმადლობთ, რომ ხალხის ნააზრევს ბეჭდავთ - ამ წერილსაც ხალხი წაიკითხავს და ოდესმე გონს მოვა. მაშინ ეგებ ჩვენს სოფელსაც ეშველოს.

იოსებ უსტარაშვილი