ახალი სამგზავრო ტარიფებისა და სხვა ცვლილებების შესახებ - კვირის პალიტრა

ახალი სამგზავრო ტარიფებისა და სხვა ცვლილებების შესახებ

დედაქალაქის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებამ ხალხს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გაჭირვებულს ქვა აღმართშიც ეწევა, - მასობრივი უმუშევრობის პირობებში, სხვა გადასახადებთან ერთად, მგზავრობის ფასის ზრდა ყოველდღიურობას უფრო დაამძიმებს. ამასთან დაკავშირებით რედაქციაში იმდენი წერილი მოდის, რომელიმეს გამოქვეყნებას აზრიც არ აქვს.

ჩვენ თითოეული წერილის ავტორის თხოვნა გავითვალისწინეთ და ახალ სამგზავრო ტარიფებსა და სხვა ცვლილებებთან  დაკავშირებით თბილისის მერიის პრესსამსახურს მივმართეთ:

- მოსახლეობას იმედი აქვს, თბილისის მერია შეეცდება ხალხის მდგომარეობის გათვალისწინებას და სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფს 80 თეთრამდე არ გაზრდის.

- თბილისის მერიამ უკვე განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსები  კერძო კომპანიების მფლობელობაშია და ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით ვერაფერს შეცვლის. თუმცაღა, კერძო კომპანიებმა გაითვალისწინეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობა. მოსახლეობის ეს ფენა მგზავრობის ფასის ნახევარს, ანუ 40 თეთრს გადაიხდის.

- გათვალისწინებულია თუ არა მსგავსი შეღავათები პენსიონერებსა და სტუდენტებზე.

- პენსიონერებისა და სტუდენტებისათვის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას შეღავათები გათვალისწინებული არ არის. თუმცა მათთვისაცაა მგზავრობის შეღავათი, თუკი ფასდაკლების ბარათ "მეტრომანით" ისარგებლებენ. ამ ბარათით ფასდაკლება ძველებურად იქნება როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში. ამ უკანასკნელში პირველი მგზავრობა 80 თეთრი ეღირება, ხოლო ყველა დანარჩენი - 65. ამ პროცესის რეგულირება სამარშრუტო ტაქსებში დამონტაჟებული სალაროებით განხორციელდება.

- რამდენადაა შესაძლებელი, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსები დაინიშნოს იქ, სადაც მათ დანიშვნას მფლობელი კომპანიები არ ვარაუდობენ. თუკი მოსახლეობას მგზავრობისას რამდენიმე ასეთი ტრანსპორტის გამოცვლამ მოუწია, მდგომარეობა უფრო დამძიმდება.

- პირველ ეტაპზე ახალი სამარშრუტო ტაქსებით უკვე ყავლგასული, ძველი სამარშრუტო ტაქსები შეიცვლება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უბანში ან ქუჩაზე გაჩნდება ახალი სამარშრუტო ტაქსების დეფიციტი, იმ უბნის ან ქუჩის მოსახლეობას შეუძლია კოლექტიური წერილებით მიმართოს თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურს, რომელიც მდგომარეობას შეისწავლის და ახალ სამარშრუტო ტრანსპორტსაც დანიშნავს.