"მღეროდა და ხალხის გულში თაფლად იღვრებოდა" - კვირის პალიტრა

"მღეროდა და ხალხის გულში თაფლად იღვრებოდა"

ზოგ სახელში საერთო-ეროვნული ღირსებებია თავმოყრილი. ჰამლეტ გონაშვილიც ერთი ასეთი სახელია. მისებრი კაცები ღმერთმა უმრავლოს საქართველოს. ჰამლეტ გონაშვილი ივლისში 85 წლის უნდა გამხდარიყო.

ვისაც ყურში დღესაც ჩაესმის გონაშვილის ხმა, ყველამ იცის, რომ ვერანაირი სიტყვით ამ ჰანგებს ვერ შეამკობ. მე მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რა კაცთმოყვარე, მიმტევებელი და თანამდგომი იყო.

არასოდეს დამავიწყდება მისი დარიგება უცხოეთში გამგზავრების წინ - ქუჩაში რომ მიდიხარ და გგონია, ირგვლივ კაცის ჭაჭანება არ არის, უწესოდ მაინც ნუ მოიქცევი, რომელიმე ფანჯრიდან შეიძლება ვიღაცამ შენს საქციელს მოჰკრას თვალიო. მაგრამ თუ უცხო ქალაქში ვინმეს უკადრის ქცევას შეამჩნევდა, აუცილებლად დატუქსავდა: - შენს სახელს და შენი ერის სახელს უნდა გაუფრთხილდეო... ჰამლეტის ფიქრი და აზრი მუდმივად სამშობლოს დასტრიალებდა. ამიტომაც ჰქონდა ხმაში სითბო და თაფლი ერთად. ალბათ ამიტომაც ერია მის უაღრესად გასხივოსნებულ, მომაჯადოებელ ბგერაში დიდი სევდაც. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ რომელიმე სხვა ერის კეთილისმსურველი არ იყო - სადაც უნდა ჩავსულიყავით, პირველად ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებდა. თუ ვინმეს აიყოლიებდა ანსამბლიდან, ხომ კარგი, თუ არადა, დაადგებოდა გზას და მთელი დღე ქალაქს შემოივლიდა.

70-იან წლებში დედოფლისწყაროში გვქონდა კონცერტები. 7-8 ბიჭი აგვიყოლია, წავიღეთ ღვინო, სამწვადე, გუდის ყველი, მწვანილი და გავეშურეთ ხორნაბუჯის ციხესიმაგრისკენ. ხორნაბუჯი ხომ პირველი ხვდებოდა აღმოსავლეთიდან შემოსულ მტერს და მკერდით იცავდა კახეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს. ციხეს ირგვლივ შემოვუარეთ. ჩაფიქრებულებმა დავათვალიერეთ იქაურობა... მერე "გავმაგრდით" აღმოსავლეთის კედელთან და ჯერ "ქართველო, ხელი ხმას იკარ" დავაგუგუნეთ, მერე "შავლეგო" მივაყოლეთ, "ჯვრის წინა". მერე სადღეგრძელოები ვთქვით!.. აი ის იყო, ამოხეთქილი საქართველოს სიყვარული, ტკივილი, სიამაყე...

ერთი ნიშანდობლივი ამბავიც მინდა გავიხსენო, ახალგაზრდობისა. ჰამლეტი მაშინ საცოლე ყმაწვილი იყო. ამ დროს ყველას ბულბული უსტვენს გულში და ჩვენც გვყავდა ჩვენი ონავარი ბულბული... რუსეთის ქალაქში ვიყავით გასტროლებზე. მომხიბვლელ რუს გოგონებთან ყოფნა გადავწყვიტეთ... გავიდა ხანი და ჰამლეტი არ გამოდის ნომრიდან. შევშინდით. ერთი ჩვენგანი მიადგა ჰამლეტის კარს - ჰამლეტი პატივცემულ მანდილოსანს საქართველოს ისტორიას არ უყვება? ხარხარი რომ აგვიტყდა, - გვიპასუხა, - იმანაც ხომ უნდა იცოდეს, ვის ეხუტებაო?!.

ღმერთს ვევედრები, რომ ჰამლეტისნაირი ქართველი ბევრი მისცეს ჩვენს ქვეყანას. მისნაირად შეიძლება ვერ იმღერონ, მაგრამ ქცევით ხომ შეიძლება მიჰბაძონ და ნურვის  გაალანძღვინებენ საკუთარ დედას და დედასამშობლოს.

დაბოლოს, ჰამლეტის გარდაცვალების დღე მინდა გავიხსენო: ჩემს ეზოში ყველა ყვავილი დავკრიფე, ჩავაწყვე მანქანაში და წავედი. ბაკურციხეში ორგან გავჩერდი აყვავებული ვარდების სათხოვნელად. პირველი გაჩერებისას ქალბატონმა ჰამლეტის სახელის გაგონებისთანავე ერთი ამოიოხრა, თვალებიდან ცრემლებიც გადმოყარა, მუხლებზე მწარედ დაირტყა ხელები და ვიშ-ვიშით გამოიტანა სეკატორი. ვარდები კოკრებიან-ყვავილებიანად დაჭრა და გამომატანა... მეორეგან დიასახლისმა სიტყვა არ დამამთავრებინა, - ვაიმე შვილოო, ამოიგმინა - ძირიანად დაგიგლეჯ ამ ვარდებს, ერთი წამითაც არ დავფიქრდებიო. და რომ არ დამეჩქარებინა, ალბათ მთელ ბაღს გადაკაფავდა...

როსტომ საგინაშვილი, მომღერალი