"ჩვენი დაბინძურებული მთა და სოფელი უცხოს უფრო აღელვებს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი დაბინძურებული მთა და სოფელი უცხოს უფრო აღელვებს"

"პიონერფილმელებმა", სოფელში ცალი ფეხი შემოდგეს თუ არა, სტაცეს ხელი ქართველიტურისტების მიერ დაყრილ ჭუჭყიან ბოთლებს და ტომრებში ჩაუძახეს"

გაოგნებულები დარჩნენ, -  ულამაზესი ქვეყანა გაქვთ და ასე რატომ ექცევითო!

თბილისურ სიცხეს გერგეთში გავექეცი. ჰოდა, რას ვხედავ, ამდგარა დილაუთენია სოფო გომიაშვილი და თვალებს ითხრის ტელეფონზე მესიჯების წერით.  სხვა გასართობი ვერაფერი ნახე-მეთქი? - ვუსაყვედურე. იმან - ჩემს მეგობრებს ვწერ, რომ აქცია გვაქვს, - ბავშვები გერგეთის დასასუფთავებლად უნდა წავიდეთ, თბილისიდანაც ჩამოდიან მოხალისეებიო. რა-მეთქი? სოფომ - თუ არ გჯერა, ნუ გჯერაო. მაგრამ გავიხედოთ და მოხალისეები მართლა გამოჩნდნენ! მაისურებზე დიდი წარწერით - "გახდი მოხალისე!" უჭირავთ ხელში ტომრები და მოდიან: თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის "პიონერფილმელები", მერე უცხოელები და მერე ისევ ჩვენები. თანაც ამ "პიონერფილმელებმა", სოფელში ცალი ფეხი შემოდგეს თუ არა, სტაცეს ხელი ქართველი ტურისტების მიერ დაყრილ ჭუჭყიან ბოთლებს და ტომრებში ჩაუძახეს. რა ვთქვა... სიხარულით კინაღამ ფრენა დავიწყე... ქართველები ისეთ სამოთხესავით ადგილებსაც კი ვანაგვიანებთ, როგორიც გერგეთია. სოფელმა, - აქ ნაგავს უცხოელი ტურისტი არ აგდებს, ისევ ქართველები ვყრითო. KvirisPalitra.Geმოკლედ, "პაპის ოქროს" (ასე ეძახის სოფოს პაპამისი) ვთხოვე - თუ გინდა დავიჯეროთ, რომ რამის გამკეთებელი ხართ, მომწერე, რას იზამთ-მეთქი.

სოფოს, თავის თაობასავით, კომპიუტერთან ჯდომა არ ეშლება და ელექტრონული წერილი მეორე დღესვე "მაახლა".

გამარჯობათ. გწერთ სოფო გომიაშვილი და გიგზავნით იმ ფოტოებს, რაც სოფლის დასუფთავებისას გადავიღე. ახლა სოფელში თუ ჩამოხვალთ, ის ძველი ნაგავიც აღარ დაგხვდებათ, სოფელში რომ ყრიდნენ, სანამ დასუფთავების მანქანა დაიწყებდა მუშაობას. სხვათა შორის, ბავშვებთან ერთად უფროსებიც ჩამოვიდნენ თბილისიდან და ამ ძველ ნაგავსაყრელს რომ შეხედეს, ცოტათი შეეშინდათ, - ამ ადგილის გასუფთავება ალბათ ძალიან ძნელი იქნებაო. მაგრამ გვანცამ, რუსუდანმა და მარინამ (ტატიშვილი, ძიგრაშვილი, მიზანდარი), - ესენი არიან ამ აქციის თაოსნები, - არავითარ შემთხვევაში, სირცხვილია, ჩვენ აქ საქმის გასაკეთებლად ვართ წამოსულებიო. რამის დატოვება მართლა სირცხვილი იქნებოდა, რადგან ჩვენთან ერთად უცხოელები იყვნენ და ძალიან მაგრად მუშაობდნენ. მერე, საღამოს, გვანცამ და რუსუდანმა აგვიხსნეს, - ესენი ევროპის სახლიდან (ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში) არიან, მათ ქვეყნებში გარემოს არავინ აბინძურებს. ჩვენთან ცელოფანებითა და პლასტმასის ბოთლებით გატენილი ქალაქები, სოფლები, ტყეები, მთები და ხეობები რომ ნახეს, გაოგნებულები დარჩნენ, -  ულამაზესი ქვეყანა გაქვთ და ასე რატომ ექცევითო! ჩვენ მოვიფიქრეთ, რამდენიმე ასეთი ადგილი მაინც დაგვესუფთავებინა, ამის პროექტიც დავწერეთ, მოეწონათ და თანხა გამოგვიყვესო.

KvirisPalitra.Geისე, რა საინტერესოა, არა, ჩვენი გადაყრილი ნაგავი სხვას რომ ჩვენზე მეტად აწუხებს! ამ ლაპარაკის შემდეგ რამდენჯერმე მწარედ გავიფიქრე, ჩვენი სამშობლო სხვისი დასასუფთავებელი რატომ უნდა იყოს-მეთქი და პასუხი ვერ ვიპოვე. არა მხოლოდ მე, სხვა ბავშვებმაც არაერთხელ გაიმეორეს ეს კითხვა. მუშაობა არც ერთს არ დაგვზარებია, პირიქით, ვმხიარულობდით. დაგვცხა,  მაგრამ სანამ სოფლის ხეობიდან ჭუჭყიანი ბოთლები და საზიზღარი ცელოფანის პარკები არ ამოვკრიფეთ, არ დაგვისვენია.

სხვა რა... სამუშაოს შემდეგ ბავშვებმა წყაროსთან ისადილეს და ყველა მშვენიერ გუნებაზე დადგა. თბილისელები გაიძახოდნენ, - აქ რა სილამაზეა, რა კარგი ბუნებააო. ჩვენთან მართლა კარგი ბუნებაა, ამიტომაც დადის ბევრი ტურისტი და თუ კიდევ რომელიმემ ჩემს დასუფთავებულ სოფელში ნაგავი დაყარა, გავეკიდები და ავაკრეფინებ!