890 წელი გასულა... - კვირის პალიტრა

890 წელი გასულა...

ყველა ქართველისათვის საამაყოა დიდგორი და დიდგორის ბრძოლა - ამ ბრძოლაში გამოვლინდა ქართველთა გმირული სული, მამულისა და სარწმუნოების უსაზღვრო სიყვარული. ქართველი ერი ყოველწლიურად 12 აგვისტოს ზეიმობდა დიდგორობას, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია,  არ აღნიშნულა. "გატყდა ნავსი" და პრეზიდენტის თაოსნობით წელს ტარდება ეს საამაყო დღესასწაული.

890 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიდგორის ველზე სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ თავის მეომრებს შეუძახა დავით აღმაშენებელმა: "ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ქვეყნისა და რჯულის გადასარჩენად კვლავაც ვაჟკაცურად ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ამა მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკთა მხედრობასაც ადვილად დავამარცხებთ. მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით, ვიდრე აქედან შერცხვენილნი გავიქცევით". შეუძახა და მტერს ეკვეთნენ ქართველები. ასე ბრწყინვალედ აღწერა მემატიანემ ქართველთა "ქცევაი საკვირველი" "ძლევაი საკვირველში", გაგვაცნო ის "იარაღი", რომლითაც ქართველნი იბრძოდნენ იმ უთანასწორო ბრძოლაში რიცხობრივად ათჯერ მეტი მტრის წინააღმდეგ. აი, ეს იარაღიც: "მახვილი სულისაი" - სულის სიძლიერე, "ცეცხლი სარწმუნოებისაი" - სარწმუნოებისადმი სიყვარული და ერთგულება, "ერქვანი ჯვარისაი" - ჯვარისადმი პატივისცემა და თაყვანი, ძველად ხომ ქართველებს იხსენიებდნენ, როგორც "მმოსავნი ჯვარისაი".

დიდგორის ბრძოლის წინ ჩვენი ქვეყნისა და ქრისტიანობის ბედი ბეწვზე ეკიდა. შეიძლება ითქვას, რომ დიდგორში გამარჯვებით ქრისტიანობის მზე ამობრწყინდა და ეს მზე თვით დავით აღმაშენებელი გახლდათ. ამის უტყუარი მოწმეა მისი ყელსაბამი ოქროს ხატის წარწერა: "ღმერთო, ადიდე შენ მიერ გუირგუინოსანი დავით, აფხაზთა და ქართველთა, ჰერთა და კახთა მეფე-მზე ქრისტიანობისაი". დიდგორის ბრძოლამდე რაც გააკეთა დავითმა ერისა და ქვეყნისათვის, ერმა "აღმაშენებელი" შეარქვა, ხოლო დიდგორის ბრძოლის შემდეგ მეორე ზესახელი - "მზე ქრისტიანობისაი" უწოდა. განა ცუდად ჟღერს: "დავით მეოთხე აღმაშენებელი - მზე ქრისტიანობისაი" ან "ქრისტიანობის მზე დავით აღმაშენებელი".

იმედია, ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან  დაკავშირებით ახლა მაინც ყურად იღებენ ვისაც მსგავსი საკითხების მოგვარება ევალებათ და მეორე ზესახელითაც შეამკობენ ქართველთა საამაყო მეფეს. აქვე შევახსენებ მკითხველს, რომ მოწინააღმდეგე კოალიციური ლაშქრის მთავარსარდალი გახლდათ მუსლიმანურ სამყაროში სახელგანთქმული მეომარი ილღაზი არდუხის ძე. მან დიდი მარცხი აგემა ჯვაროსნებს 1119 წელს ორონტოს ველზე, რისთვისაც "სარწმუნოების ვარსკვლავი" შეარქვეს. ამ დროიდან იხსენიება, როგორც "ნეჯმ ად-დინ ილღაზი". ამიტომაც აირჩია იგი ერაყის სელჩუკიანთა იმ დროინდელმა გამგებელმა მაჰმუდ მუჰამედის ძემ გაერთიანებული ლაშქრის სპასალარად. მაშ, დიდგორში ერთიმეორის პირისპირ იდგა მუსლიმანთა "სარწმუნოების ვარსკვლავი" და ქართველთა "მზე ქრისტიანობისაი". ჩვენდა საბედნიეროდ, "ქრისტიანობის მზემ" ჩაფერფლა და გაანადგურა "სარწმუნოების ვარსკვლავი". სამწუხაროდ, დღესაც, როგორც იმ დროს, ქვეყნისა და მართლმადიდებლობის ბედი ბეწვზე ჰკიდია.

შენ, ჩემო მიწავ, მიწავ, ქართულო,

ღვთისმშობლის წილო დიდო ვენახო,

შენი ორგული და შენი მტერი

დიდგორის ველზე მკვდარი მენახოს.

დღეს შენი ბედი ბეწვზე ჰკიდია,

ერის ქონებას მტერი თავისობს,

მინდა ვინატრო დიდგორის ბრძოლა,

მაგრამ დავითი?

დავითი არ გვყავს, ვინ იდავითოს?!

ღმერთო, ამრავლე საქართველოში

თავდადებულნი სამშობლოს ბედზე,

ვინც ითამარებს ბასიანს, შამქორს,

ვინც იდავითებს დიდგორის ველზე!

ქრისტიანნო, ილოცეთ დიდგორში ერისა და ქვეყნისათვის, რათა დიდგორული გამარჯვება და დიდგორელთა დიდი გული დაგვებედოს "ყოველთა ქართველთა". ამინ!

ზაქრო გიგაური