"იცოდეთ, რომ მიყვარხართ" - კვირის პალიტრა

"იცოდეთ, რომ მიყვარხართ"

"აქამდეც გავბედავდი მოწერას, ის რომ არ მეფიქრა, "კვირის პალიტრას" ჩემ გარდაც ბევრი სწერს და არ შევაწუხო-მეთქი. მაგრამ რა ვქნა, როცა თქვენს გაზეთსვკითხულობ, თვალზე ჩემდა უნებურად მადგება ცრემლი.

მეცხრეკლასელი ვარ და შეიძლება ეს ცრემლები ამის ბრალიცაა. თქვენ სამშობლოს სიყვარულზე, ისტორიაზე დამაფიქრეთ. ყველა წერილი ერთმანეთზე უკეთესია, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ მეკვრება სუნთქვა, როცა საქართველოს წარსულზე, მისი გადარჩენისთვის, მისი არსებობისთვის ბრძოლაზე ვკითხულობ. ასეთ წერილებს ყველაზე ხშირად კახა კენკიშვილი და ზვიად სეხნიაშვილი წერენ. მადლობას ვუხდი მათ, ყველა ჟურნალისტს, მთელ რედაქციას, ვინც განიზრახა, ქართველები სამშობლოს წარსულსა და მომავალზე დაგვაფიქროს. დემოგრაფიის თემაზე პუბლიკაციების შემდეგ იცით, რა გადავწყვიტე? თუ ღმერთი მომცემს, ოთხ შვილზე ნაკლები არ გავაჩინო.

თქვენ მე ძალას მაძლევთ, მიყვარდეს სამშობლო, მისი ისტორია, რწმენასაც მაძლევთ. ფარ-ხმალი არ დაყაროთ, იცოდეთ, რომ მიყვარხართ.

სიყვარულით, ხატია, თელავის IX საშუალო სკოლის IX კლასის მოსწავლე."