არც ამის შეგრცხვებათ?.. - კვირის პალიტრა

არც ამის შეგრცხვებათ?..

"ბატონო "კვირის პალიტრავ", ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ   ხალხზე გულშემატკივარი თქვენ გარდა არავინ გვეგულება, ჩირადაც არ ჩაგვაგდეს მათ რომ მივწერეთ, იქნებ თქვენთან დაბეჭდილი წერილი მაინც წაიკითხოს ჩვენმა მთავრობამ! გაგვაგებინონ, მაინც რა დანაშაული მიგვიძღვის ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომ არანაირი თხოვნა-მუდარის წერილმა არ გაჭრა და კვლავ უკიდურესად უმწეო მდგომარეობაში ვიმყოფებით დიდი სამამულო ომის ვეტერანები. ყველაზე დაბალი საპენსიო განაკვეთი - 80 ლარი დაგვიწესეთ, მაშინ როცა ჯან-ღონით სავსე, ახალგაზრდა პარლამენტარებზე 700 ლარი პენსიაა დაწესებული? ჩვენ ხომ არა მარტო ომის ვეტერანები, არამედ პატიოსანი შრომის ვეტერანებიც გახლავართ. არადა, მოსაცდელი დროც არ გვაქვს, - დღეისათვის მთელ საქართველოში, ალბათ, ოთხი ათასი ვეტერანი თუა ცოცხალი, რომლებსაც ყოველწლიურად 700-800 კაცი აკლდება, ქუთაისში კი მხოლოდ 170 ვართ დარჩენილი. რა მოხდა, ბოლოს და ბოლოს ისეთი, რომ ამ დაუძლურებულ, სამარის პირას მდგომ ადამიანებს ვერა და ვერ გაუზარდეთ საპენსიო განაკვეთი, თუნდაც 300 ლარამდე, რითაც შევძლებდით საშუალო დონეზე მაინც გვეცხოვრა. მთავრობისთვის მიბარებული დანაზოგიც დაგვეკარგა. არაფერს გთხოვთ, მხოლოდ მოგვეცით საარსებოდ აუცილებელი პენსია. თუ ამას არ გაგვიკეთებთ, მაშინ მოგვანიჭეთ პატიმრის სტატუსი და მიგვიჩინეთ ბინა ახლომდებარე სასჯელაღსრულებით ბანაკში, სადაც პატიმრისათვის სავსებით ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები გაქვთ შექმნილი.

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მიგვიყვანთ იმ ზომამდე, რომ ლამაზად ჩავიცვათ ჩვენივე ჩინ-მედლებით დამშვენებული ჩვენი ძველი სამხედრო ფორმა და ქუდმოხდილი დავდგეთ ხალხმრავალ ადგილებში მოწყალების სათხოვნელად. როგორ დავიჯეროთ, რომ ამის მაინც არ შეგრცხვებათ?

ღრმა პატივისცემით, ქუთაისში მცხოვრები დიდი სამამულო ომის ვეტერანები".