"ვითომ რატომ არ უნდა ვიბრძოლო?" - კვირის პალიტრა

"ვითომ რატომ არ უნდა ვიბრძოლო?"

მეტად არაორდინარული ხალხი ვართ ქართველები. თუ რამე ჩავიფიქრეთ, ნებისმიერ გზას გამოვნახავთ, თუნდაც ყირაზე დადგომა დაგვჭირდეს. მართალია, ჯერჯერობით ქუთაისელ ბესიკ ადამიაზე ვერ ვიტყვით, ყირაზე დადგაო, მაგრამ საქმეს მაინც ასეთი პირი უჩანს. არადა, ამ კაცის ნამდვილად საინტერესო და სასარგებლო იდეის განხორციელება, წესით, ასეთი საწვალებელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ...  ბესიკ ადამია გვწერს:

"კვირის პალიტრას" დიდ პატივს ვცემ, ვიცი, ეროვნულ საქმეებს მხარში როგორ უდგახართ. ამიტომაც გადავწყვიტე თქვენთვის მომეწერა. პარიზში, ელისეს მინდვრებზე, მშვიდობის კედელზე, მსოფლიოს 49 ენაზე წერია სიტყვა "მშვიდობა". ამის მნახველს აღტაცება დამეუფლა და ამავე დროს გულიც დამწყდა -  რატომ არ უნდა ყოფილიყო ამ კედელზე ქართულად დაწერილი სიტყვა KvirisPalitra.Ge"მშვიდობა"? ჩემთვის ეს სიტყვა იმდენად ძვირფასია, რომ საკუთარ მანქანზე 22 ენაზე წავაწერე, ქუთაისში მშვიდობისა და მეგობრობის კლუბიც კი დავაარსე. თუ მშვიდობაზეა ლაპარაკი, კავკასიის მშვიდობიანობასაც სამ ერს - ქართველებს, აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის მშვიდობა განსაზღვრავს. სწორედ მშვიდობა და კავკასიის დამოუკიდებლობა თუ გვინდა, სამივე ერმა ერთმანეთზე უნდა ვიფიქროთ. მეც ვიფიქრე და 2011 წლის აპრილში თხოვნით მივმართე საფრანგეთის მთავრობასა და პრეზიდენტს, - რომ მშვიდობის კედელზე ფორმულით "49+3" დაემატებინათ წარწერა "მშვიდობა" სამი კავკასიელი ერის ენაზე. მალევე შემატყობინეს, რომ ჩემი თხოვნა დარეგისტრირდა საფრანგეთის მთავრობაში. მოგეხსენებათ, ბიუროკრატიული ბარიერები ყველგან არის. ამიტომაც საფრანგეთის საელჩოს საქართველოში თხოვნით მივმართე, ამ ინიციატივის განხორციელებაში შეეწყო ხელი და საფრანგეთში გამგზავრების ნება დაერთო. სამწუხაროდ, ბატონი ერიკ ფურნიეს უარყოფითი პასუხი მივიღე, რაც ჩემთვის გაუგებარი გახლავთ. ამიტომაც ჩემი პროტესტი ფრანგული ინსტიტუტის წინ გამოვხატე, - დავდექი პლაკატით და ამ ინსტიტუტის დირექტორთან შეხვედრა მოვითხოვე. პირველად არც იმან მიმიღო, მაგრამ ჩემსას მივაღწიე და ახლა ვნახოთ, რა იქნება. მიმაჩნია, რომ ეს იდეა მაინც გასახმაურებელია. ისე ფანატიკურად ვიბრძვი, ჩემსას მივაღწევ. რომ იცოდეთ, როგორ მინდა მომავლში ამ კედელზე მსოფლიოს ენებს შორის ქართულ ენაზეც ვიხილო სიტყვა "მშვიდობა"...

P.S. რადგან ეს ამბავი ჩვენც ძალზე საინტერესოდ მოგვეჩვენა, ქუთაისში ბესიკ ადამიას დავუკავშირდით. მან კი ფრანგული ინსტიტუტის დირექტორთან, ჟოელ ბასტონთან შეხვედრის ამბავი გვიამბო.

- ამ უდავოდ განათლებულმა კაცმა ბოდიში მომიხადა მოგვიანებით მიღებაზეც და კითხვაზეც, - რატომ გინდათ ამ წარწერებს შორის ქართულიც იყოსო, ცოტა გავცხარდი, - თქვენგან ასეთ პასუხს არ ველოდი, მსოფლიოში სულ 14 დამწერლობაა და ერთ-ერთი ჩვენია, ვითომ ჩვენზე მეტად ამის ღირსი ვინ არის-მეთქი. მერე მითხრა, - თქვენს თხოვნას აუცილებლად გადავცემ პარიზის მერსო. ამაში დარწმუნებული ვარ. თუმცა ჩემი აზრით, ასეთი საკითხებით ჩვენი, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებიც უნდა დაინტერესდნენ. ამიტომაც მათაც გავუგზავნე მიმართვა. იმედი მაქვს, მათი კანცელარიიდან ვინმე გულშემატკივარი წაიკითხავს და გვერდით დამიდგება.

- მართლა ფანატიკურად იბრძვით.

- ყველაფერი კარგი, რაც კაცობრიობამ დატოვა, ფანატიკოსების შექმნილია და ვითომ რატომ არ უნდა ვიბრძოლო?