"არა მგონია, წარსულის გინებამ დადებითი შედეგი გამოიღოს" - კვირის პალიტრა

"არა მგონია, წარსულის გინებამ დადებითი შედეგი გამოიღოს"

ძველის ლანძღვა და ახლის ქება-დიდება შესისხლხორცებული კი გვაქვს, მაგრამ ამას, სიავის გარდა, არაფერი მოუტანია - თუკი ცუდიდან მოდიხარ, როგორღა იქნები კარგი! ამიტომაც, თუ ძველში იმ საუკეთესოს დაფასება არ ვისწავლეთ, რითაც ვარსებობდით, ყველაფერი ახალიც დაძველდება და ჩვენც მასთან ერთად სანაგვეზე გადასაყრელები გავხდებით. ამიტომ ჩვენი უფროსი თაობის ამ წერილს გთავაზობთ განსასჯელად.

კომუნისტების დროს ვცხოვრობდი და მოწმე ვარ, ერის სასიკეთო საქმეებს რის ფასად ვაკეთებდით. როგორ შეიძლება ამის დავიწყება, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ერის სასიკეთოდ მცდელობას ზოგადად დაეკარგოს ფასი! ამჯერად ჩემი  პროტესტი იმან გამოიწვია, რომ კომუნისტებს მთის დაცარიელებაშიც გვადანაშაულებენ, - მთის მოსახლეობის გაქრობა უნდოდათ, ხალხს ამიტომაც ასახლებდნენ ბარშიო. მაგრამ ამავე ლოგიკით დღევანდელ ხელისუფლებასაც მთის სახელის ამოგდება უნდა ჰქონდეს მიზნად, - ხომ ფაქტია, რომ მთის მოსახლეობას ის პირობები დღესაც არ აქვს შექმნილი, იქაურობა არ მიატოვოს. ანუ მთის დაცარიელების ფაქტორს ბუნებრივი სიძნელეები ქმნის და არა ხელისუფლების მცდელობა - მთა დაცალოს. ასე იყო კომუნისტების ავადსახსენებელ დროსაც - მთაში ხალხს უკიდურესად დუხჭირ პირობებში უწევდა არსებობა და ამიტომაც ბარში, მსხვილ მშენებლობებზე სამუშაოდ ჩამოასახლეს. მერე და მერე, ძალიანაც ვცდილობდით, რომ ხალხისთვის პირობები შეგვემსუბუქებინა. შემიძლია შემოგთავაზოთ ერთი დოკუმენტი, რომელიც 1971 წელს შეიქმნა. ეს "საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1971 წლის 16 თებერვლის #105 დადგენილება" გახლავთ. 28 მუხლისაგან შედგენილი 9-დანართიანი დადგენილება ფშავ-ხევსურეთის პრობლემებისადმია მიძღვნილი. მასში  დეტალურად არის გაწერილი რეგიონში სამანქანო გზების, ელექტროგადამცემი ხაზების, წყალსადენების, საცხოვრებელი სახლების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო ობიექტების, ვაჭრობის და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასოფლო საბჭოების მშენებლობაც კი. სხვათა შორის, ყველა მშენებლობას უცხოელი ინვესტორები კი არა, სახელმწიფო აფინანსებდა.

ამ დადგენილების პროექტის შექმნაში უშუალოდ ვმონაწილეობდი და წლების განმავლობაში მის მონიტორინგსაც ვახორციელებდი. გულიც სწორედ ამიტომ მტკივა, - დღემდე ვიცოდი, რომ იმ დროს ფშავ-ხევსურეთისთვის მცირე სიკეთე მაინც გავაკეთე. დღევანდელი გაგებით კი გამოდის, რომ ფშავლებისა და ხევსურების გაქრობას ვგეგმავდით.

ასე რომ, არა მგონია, წარსულის გინებამ ერისათვის რაიმე დადებითი შედეგი გამოიღოს. ალბათ უმჯობესი იქნება ენერგია იმას მოვახმაროთ, როგორ შევქმნათ ისეთი აწმყო, რომელიც ნამდვილად კარგ მომავალს მოიტანს.

გულწრფელი პატივისცემით,

ლონგინოზ ზაქაიძე