დაკარგული ბავშვობის ექო - კვირის პალიტრა

დაკარგული ბავშვობის ექო

"ამ სურათზე მამაჩემი უცნობ რაჭველებთან ციმბირში გადასახლებისას  არის გადაღებული. სამწუხაროდ, მათ შესახებ მეტი არაფერი ვიცი. იქნებ მათი შთამომავლები რედაქციის საშუალებით გამომეხმაურონ"

საბჭოთა ბოროტების იმპერიამ მილიონობით ადამიანის ფსიქიკა დაანგრია. თან ისე ძლიერად, კვალი დღესაც არ წაშლილა. ამის სამაგალითოდ ისეთი "მცირე" დეტალის მოტანაც შეიძლება, რომლის გააზრებაც კი შემაძრწუნებელია, - მაგალითად, იმ საბჭოთა რეპრესირებულების შვილები, რომელთა მშობლებს შუაღამისას კარზე დაუკაკუნეს, საწოლებიდან აყარეს, დღემდე ვერ იტანენ დაკაკუნებას. უმამოდ გაზრდილები დღესაც გაუცნობიერებლად ეძებენ მამებს ან მათ დაკარგულ ნაკვალევს. ვახტანგ მამფორიას ამბავიც ამ კვალის ძებნაა და თუ იპოვის, შვებასაც მოიპოვებს.

ახლა უკვე ჭარმაგი კაცი ვარ, მაგრამ დღემდე ვოცნებობ, ნეტავ ბავშვობის შეცვლა შემეძლოს-მეთქი. სამწუხაროდ, არ შემიძლია. უმამოდ გავიზარდე - მამაჩემი, კლიმენტი მამფორიაც გაუყენეს იმ გზას, რომელიც ყველა ამქვეყნიურ სიხარულს ართმევს ადამიანს. თანაც, ერთხელ კი არა - 1938 წელს ერთხელ გაციმბირებული, 1949 წელს სსრკ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს განსაკუთრებულმა სათათბირომ მეორედ და სამუდამოდ გააციმბირა საბჭოთა ხელისუფლების დამამხობლის ბრალდებით.

ეს ფოტო სწორედ ამ წლებშია გადაღებული, 60 წლის წინათ. სურათზე მამაჩემი მარჯვნიდან მეორე დგას,  მის გვერდით - ასევე "ქვეყნის დამამხობელი", - დათიკო მებონია. აქეთ-იქით რაჭველები დგანან. რამდენჯერაც დამიხედავს მათი  ჩაფიქრებული სახეებისთვის, იმდენჯერ მიფიქრია, - მათ შვილებსაც ხომ ჩემსავით სტკიოდათ უმამობა, რა იქნება, ერთხელ მაინც შევხვდე, ეს ჩვენს ჯურღმულიან ბავშვობას ცოტათი ამოავსებს-მეთქი. და სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინ დათიკო მებონიას შვილი მართლაც ვნახე. აბა, როგორ გამოვხატო ის სიხარული - თითქოს იმ ტვირთის, რომელიც მთელი ცხოვრება მომაქვს, უზარმაზარი ნაწილი მომშორდა. ახლა იქნებ ამ რაჭველების შვილებსაც შევხვდე. სამწუხაროდ, მათი სახელები არ ვიცი, მამას არ მოუწერია, - შესაძლოა, ვინმემ თავისიანი შეიცნოს და კვალი მაპოვნინოს. მაშინ განგებასაც მადლობას შევწირავ და თქვენც.

პატივისცემით,

ვახტანგ მამფორია

P.S. ამ ფოტოს სიამოვნებით ვბეჭდავთ, ქედს ვიხრით ამ გაწამებული და ზოგადად ყველა მათი ბედის მქონე ადამიანის ხსოვნის წინაშე. თუკი ფოტოზე ასახულთა ახლობლები გამოჩნდებიან, ვთხოვთ, გამოგვეხმაურონ.