მწარე სხარტულები - კვირის პალიტრა

მწარე სხარტულები

ჩვენ ხომ სიამოვნებით ვკითხულობთ გენიოსების სხარტ გამონათქვამებს, რომლებშიც დიდი სიბრძნეა. მაგრამ ყველა გენიოსი ვერ იქნება, დიდი სიბრძნე კი ჩვეულებრივ ადამიანსაც შეიძლება მოუვიდეს აზრად. ბატონი ნუგზარ ბარაბაძის სხარტ გამონათქვამებსაც იმ იმედით ვბეჭდავთ, რომ ისიამოვნებთ.

- ყველა საზღვართა შორის ყველაზე მტკიცე საზღვარია ნული. იგი ერთმანეთისაგან დადებითსა და უარყოფითს გამოყოფს. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ამ საზღვრის დარღვევის არც ერთი შემთხვევა.

- სამწუხაროდ, არსებობს რამდენიმე უკურნებელი სენი. შემთხვევით მისგან განკურნებულს მისალოცად აქვს საქმე. საბედნიეროდ, არსებობს ერთი უკურნებელი სენი - სიყვარული. მისგან განკურნებულს ვეღარაფერს მიულოცავ...

- კონსტანტინე გამსახურდია "დავით აღმაშენებელზე" მუშაობის დროს ჯარის აღმნიშვნელ ძველ ქართულ სიტყვას ეძებდა. ექვსი თვის ძებნის შემდეგ ფშავ-ხევსურეთსა და მთიანეთის კილოკავებში მიაკვლია სიტყვას - "ციხიონი". ცნობისთვის: ახლა ჩვენში ზოგიერთი ექვს თვეში რამდენიმე წიგნს წერს.

- საქართველო არის ევროპა და არ არის ევროპა, - ალპებში რომ მთებს დაუძახო: - გამარჯობა, მთებო, როგორ ხართ? მთები გიპასუხებენ: როგორ ხართ, როგორ ხართ.

საქართველოში რომ მთებს დაუძახო: - გამარჯობა, მთებო, როგორ ხართ? გიპასუხებენ: - გმადლობთ, თქვენ როგორ ბრძანდებით?

- დიდ პოეტსა და განუმეორებელ თამადას, გიორგი ლეონიძეს, ერთი გამორჩეული სადღეგრძელო ჰქონდა: აუწონავ პურს და აწონილ სიტყვას გაუმარჯოსო. ყველას აუწონავ პურს და აწონილ სიტყვას გისურვებთ!

- თუ ასე გაგრძელდა ხორცის ფასის მატება, საქართველოში ძროხას, როგორც ინდოეთში, წმინდა ცხოველად შერაცხავენ.

- აღმოსავლური გამონათქვამია - "ჰალვა-ჰალვას" ძახილით პირი სიტკბოს ვერ იგრძნობსო, ქართული - "აყვავებული ეკონომიკის" ძახილით კუჭი ვერ აივსება.