"წარსულს ვერაფრით შეცვლი" - კვირის პალიტრა

"წარსულს ვერაფრით შეცვლი"

ღირებულებების გადაფასება ყველა დროში ხდება. ჩვენს დროში - ყველაზე აჩქარებულად. შეუძლებელი იყო, აჩქარებულ ცხოვრების ბორბალს ფასეულობებიც არ ჩაეთრია. თუმცა, მარადიული ფასეულობებიც არსებობს. მაგალითად, წარსული, რომლის დავიწყება საყრდენის გამოცლას ნიშნავს. როგორიც უნდა იყოს ჩვენი წარსული, მის შეცვლას ვერ შევძლებთ, ვერც უარყოფას. რაც მეტად გავურბივართ საკუთარ თავს, მეტადვე ვუბრუნდებით. ჩვენც კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით სახელებს, რომლებმაც კაცობრიობას თავისი კვალი დაატყვეს. მათ შორის არის იოსებ ჯუღაშვილიც. ეს ამბავი, ვფიქრობთ, უინტერესო არ იქნება მკითხველისთვის.

სტალინისტი არ გახლავართ, მაგრამ ამ საბჭოთა ბელადის სახელის იგნორირება რომ არც ერთ თაობას არ გამოუვა, ვხვდები. ამიტომაც მინდა გავიხსენო ოდესღაც კრემლთან დაახლოებული პირის ნაამბობი, სტალინთან დაკავშირებით.

ხრუშჩოვი, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, საგინებელ სიტყვებს არ იშურებდა სტალინის მისამართით, თუმცა  სტალინი ქართული გვარით არასოდეს უგინებია, გორბაჩოვი კი გამუდმებით ჯუღაშვილ-ჯუღაშვილს გაიძახოდა. ასე უსვამდა ხაზს, რომ მისი ლანძღვის ობიექტი ქართველი იყო.

იმ დროს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვმუშაობდი და წერილი გავუგზავნე მაშინდელი "პრავდის" მთავარ რედაქტორს, ვიქტორ აფანასიევს. გაზეთის პროფესიონალ რედაქტორს ყოველთვის აინტერესებდა მკითხველთა წერილები. აფანასიევიც დაინტერესდა ამ წერილით, რომელსაც ასე ვიწყებდი: "ვიქტორ გრიგორევიჩ, წაიკითხეთ არქივიდან ამოღებული ეს დოკუმენტი, თუ რას ეუბნება სტალინი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე კალინინს, რომელმაც ბელადი გმირობაზე წარადგინა და ვიმედოვნებ, დამეთანხმებით, რომ ის უფრო პატიოსანი იყო, ვიდრე რუსეთის ყველა დღევანდელი პოლიტიკოსი-მეთქი.@@" წერილს ვურთავდი არქივიდან ამოღებული დოკუმენტის ასლს, რომელშიც ეწერა, თუ როგორ გაკიცხა სტალინმა კალინინი გმირობის წოდებაზე წარდგენის გამო: - ამხანაგო კალინინ, ამისთვის დასასჯელი ხართ. როგორ შეიძლება თბილ კაბინეტში კაცს გმირობა მიენიჭოსო.

ხრუშჩოვს, როგორც მიამბეს, პირადი მიზეზი ჰქონდა სტალინზე შურის საძიებლად. პირველი: სამამულო ომის წლებში, როცა სტალინის ორივე ვაჟი, იაკობი და ვასილი, ფრონტზე იბრძოდა, ხრუშჩოვის ოფიცერი შვილი, არყით გალეშილი, მოსკოვში დაბალი რანგის ათ ოფიცერს ჩაამწკრივებდა, თავზე ბოთლებს ადგამდა და რევოლვერით ამსხვრევდა. ერთხელ, ასეთი თამაშის დროს, ერთ-ერთ ოფიცერს შუბლი გაუხვრიტა. იმ დღესვე ხრუშჩოვი სტალინთან შევიდა და სთხოვა, - გთხოვთ, როგორც მამას, გამიგოთ და მაპატიოთო. სტალინმა კი მიუგო: - ძალიან მინდა, რომ ვაპატიო შენს შვილს, მაგრამ რა პასუხი გავცე იმ ოფიცრის მამას, რომელიც შენმა შვილმა მოკლაო. სტალინმა ხრუშჩოვის ვაჟი ტრიბუნალს არ გადასცა, მაგრამ მეორე დღესვე ფრონტის წინა ხაზზე გაუშვა. ოფიცერი ხრუშჩოვი იქ დაიღუპა. ეს იყო ხრუშჩოვის შურისძიების ერთი საბაბი.

მეორე: 1941 წლის მიწურულს გერმანელები მოსკოვს მიადგნენ. 30 კილომეტრი აშორებდათ მოსკოვიდან. სტალინი კაბინეტში მაგიდაზე ფრონტის რუკას დაჰყურებდა და საბრძოლო ოპერაციას გეგმავდა. ამ დროს ხრუშჩოვი შევიდა და მოახსენა: - ამხანაგო სტალინ, ნახევარ საათში გერმანელები კრემლში იქნებიან. გთხოვთ კუიბიშევში გადაფრინდეთო და გაჭიმული დადგა. სტალინმა არც შეხედა. რუკას ჩასცქეროდა, თან ჩიბუხს ეწეოდა. ხრუშჩოვი კი იდგა. ამასობაში სტალინმა გეგმის დამუშავებაც მოამთავრა, ჩიბუხიც მოსწია და ხრუშჩოვსაც მიუბრუნდა: - უკვე 35 წუთი გავიდა, სად არიან გერმანელებიო და ჩიბუხი თავზე დააფერთხა, - ახლა ისე გადი, ფერფლი არსად დაყაროო. ასეთი გახლდათ ხრუშჩოვის შურისძიების მეორე მიზეზი. ვერ დავიჩემებ, რომ ეს ჰუმანური საქციელია, თუმცა ომის დროს, როცა მტერი არაადამიანურად გექცევა, ხოლო უმაღლესი ოფიცრობა კურდღელივით მფრთხალია, ჰუმანიზმი გამარჯვების მომტანი არ არის.

პატივისცემით, ავთანდილ ქურხული