რას ერჩით სოფელს?! - კვირის პალიტრა

რას ერჩით სოფელს?!

უნიკალური გამოთქმა, მაძღარს სხვაც მაძღარი ეგონაო, ჩვენმა ხელისუფლებამაც დიდებულად მოირგო და ხორცის გაძვირებით აუცილებელი პროდუქტის გარეშე დატოვა ბევრი ოჯახი. კეთილი ნება რომ არსებობდეს, პრობლემას პირუტყვის რაოდენობის ზრდაც მოაგვარებდა, მაგრამ ხელისუფლებისთვის ამაზე არსებითი ქალაქებში გასართობებზე ფულის ხარჯვა აღმოჩნდა. ასე რომ, ქალაქში ვერთობით, სოფელში კი გლეხი ბევრი რამის გამო ირტყამს თავში ხელს, მათ შორის კი სოფლად პირუტყვის გახშირებული დაცემისთვისაც.

არ ვიცი, როგორ აფასებს პავლოვს ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ საკმოდ დიდი ფიზიოლოგი და მეცნიერი იყო. სწორედ მას ეკუთვნის გამოთქმა, რომ მედიცინა კურნავს ადამიანებს, ხოლო ვეტერინარია კურნავს კაცობრიობას. ახლა გადავხედოთ, რა დღეშია ჩვენს სოფელში კაცობრიობის განმკურნებელი ვეტერინარია. კარგს ვერაფერს მოგახსენებთ: საქართველოში შინაური ცხოველების ციმბირის წყლულით დაავადების და სიკვდილიანობის შემთხვევები გაიზარდა. ამ მართლაც ვერაგ დაავადებაზე, სამწუხაროდ, ხშირად გვსმენია, მაგრამ არც ახლა გვაწყენს იმის შეხსენება იმათთვის, რასთან გვაქვს საქმე...

ციმბირის წყლულის მიკრობი  ანტჰაცის ჟანგბადთან შეხებისას იკეთებს სპორას და 100 გრადუსზე დუღილს ორ საათს უძლებს, ხოლო გარემოში, ნიადაგში, ათწლეულობით ცოცხლობს და მრავლდება. შინაური ცხოველების ხშირი დაავადება და დაცემა ციმბირის წყლულის საწინააღმდეგო არასრულფასოვანი პროფილაქტიკური ვაქცინაციის შედეგია.

საქართველოში ციმბირის წყლულის 70-ზე მეტი არაკეთილსაიმედო, ანუ მუდმივი კერაა. ამ ადგილებში ცხოველები, ციმბირის წყლულის საწინააღმდეგოდ, წელიწადში ორჯერ უნდა აიცრას, დღეს კი ერთხელ აცრაც შეუძლებელი გაგვიხდა. ამიტომაც გვაქვს ეს სავალალო შედეგები. ამასთანავე, ვაქცინაცია პირუტყვის სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდაც არის საჭირო, თუმცა, კიდევ ვიმეორებ: არათუ ვაქცინაცია, ჩვენში ისეთი დაავადებების კვლევაც კი აღარ მიმდინარეობს, როგორიცაა: ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ლეიკოზი.  არადა  ბევრი მათგანი ცხოველიდან იოლად გადადის ადამიანზე. ამ დროს  მთავრობა მიადგა და სოფლად მუსრი გაავლო როგორც ვეტერინარიას, ასევე ვეტლაბორატორიებს, ვეტუბნებს, შეამცირა და უმუშევრად დატოვა უამრავი სპეციალისტი. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით, ცხოველთა დაავადებები გავრცელდება ადამიანებშიც. მე, რასაკვირველია, მესმის, რომ ეს სასიამოვნო დასკვნა არ არის, მაგრამ სათქმელი ხომ უნდა ითქვას, სხვა რომ აღარაფერი, როგორც ვეტერინარმა, ვალი  ასე მაინც ხომ უნდა მოვიხადო. აქვე, ისიც მინდა, ჩემს ხელისუფლებას შევახსენო, რომ ცხოველური პროდუქციის გაძვირება ერის ჯანმრთელობას კარგს არაფერს მოუტანს.

პატივისცემით, ვეტერინარი ილია ხარაშვილი