სტუდენტური ბარათი - კვირის პალიტრა

სტუდენტური ბარათი

ამ წერილში ის ხალისი და სილაღე ჩანს, რაშიც ჩვენ ყველამ შევაბიჯეთ, როცა სტუდენტები ვიყავით. გამოხდა  ხანი და დამთავრდა სტუდენტობა. მაგრამ განა ის  დღეები სადმე წავიდა? და თუ დღევანდელი სტუდენტობა თავის სილაღეს "კვირის პალიტრას" უზიარებს, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ამ წერილს ორნი გწერთ. ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდით. უნივერსიტეტის წინ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. გრანიტის ფილებზე ჩამოვსხედით და თავში გიჟური აზრი მოგვივიდა - წერილი დაგვეწერა და აქვე, უნივერსიტეტთან, "სიტყვა და საქმის" ყუთში ჩაგვეგდო. ხომ კარგი აზრია? რატომ გწერთ? პირველ რიგში იმიტომ, რომ წერილების წერა გვიყვარს და არა მხოლოდ ელექტრონულის. მეორე - თქვენ გვიყვარხართ და გვინდა მოგწეროთ, რომ შეიძლება საქართველოში ბევრი უმაღლესი სასწავლებელია, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ამ უმაღლეს სასწავლებელში ვსწავლობდით. უკვე ბაკალავრიატი დავამთავრეთ და ალბათ ძალიან მოგვენატრება ჩვენი სტუდენტობის წლები..

ჩვენი სიხარულიც გვინდა  გაგიზიაროთ, სასწავლებლად  უცხოეთში მივდივართ,  ერთი - გერმანიაში, კასელის უნივერსიტეტში, მეორე - ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში და ძალიან გვინდა, იქიდან ისე დავბრუნდეთ, რომ შევძლოთ მხარში ამოვუდგეთ ჩვენს გაძვალტყავებულ ქვეყანასა  და იმედიან  ხალხს. ამას გულწრფელად  ვამბობთ. ახლა კი, არ დაგვიჯერებთ და - ჯერ არ წავსულვართ და უკვე გვენატრება ჩვენი სამშობლო.

აი, ამით ვასრულებთ ჩვენ სტუდენტურ არზას, გითვლით მოკითხვას და იმედი გვაქვს,  წაიკითხავთ ამ ჩვენს წერილს. ნახვამდის და გკოცნით ბეეევრს!

თქვენი მეგობრები - ანი და თეკო