"ძალიან ვინანიებ ჩემს კრიტიკას, ბატონო მიხეილ" - კვირის პალიტრა

"ძალიან ვინანიებ ჩემს კრიტიკას, ბატონო მიხეილ"

ძვირფასო რედაქცია, ახლა ჩემი  დარდი უნდა გაგიზიაროთ. ვნანობ, ჩვენი პრეზიდენტის პოლიტიკას რომ ვაკრიტიკებდი. რა ვიცოდი, თუ ასეთი აღმშენებელი იყო, თორემ ხმას რავა ამოვიღებდი. ახლა როგორ მივხვდი? როგორ და, ზუგდიდში ერთი სოფელია, დარჩელი. იქაური გახლავართ, სოფელ ერგეტაში კი მიწის ნაკვეთი მაქვს.სანამ ხვნა-თესვის კამპანია დაიწყებოდა, მანამდე სამი თვის პენსია წინასწარ ავიღე და ვიყიდე ველოსიპედი. ასე ველოსიპედზე ამხედრებული გავემგზავრე სოფელ ერგეტაში, ყანაში.

ჩემი სოფელი 12 კილომეტრით არის დაშორებული კურორტ ანაკლიიდან. ჰოდა, ვიფიქრე, სანამ ყანაში წავალ, მანამდე მოდი, ანაკლიას ვნახავ-მეთქი და იქით გავქროლდი. დედა, ეს რა ვნახე, ერგეტის მოსახვევში რომ მოვუხვიე - რუსეთის დიდ ქალაქებში არ მინახავს ამისთანა ასფალტი! არის გასრიალებული, მარა რანაირად! რა ნახა ეს ჩემმა თვალებმა! ხიდების მშენებლობას არ იკითხავთ? ასწლიანი გარანტიითაა აშენებული, მშენებლები ქალაქ ხობიდან არიან. მივქრივარ და თან ვესალმები, - დიდება მიშას, მადლობა თქვენ! ამის მერე რა გამაჩერებდა და განმუხურშიც გავქანდი. მე იქ აღმშენებლობა ვნახე, ავ თვალს არ ენახება! განმუხურსა და ანაკლიას შორის გადებული ხიდი, ანაკლიის სანაპიროზე სასტუმრო რომ შენდება, მალე ჩადგება ექსპლუატაციაში! პატრიოტთა ბანაკს აღარ იკითხავთ? მოკლედ, ყვავის იქაურობა.

ბატონო მიხეილ, განმუხურში მცხოვრებნი ხუმრობენ, - ძველად, კომუნისტების დროს, არც ერთი რაიკომის მდივანი არ ჩამოსულა განმუხურში, ახლა კი პრეზიდენტი თვეში სამ-ოთხჯერ დაიარებაო. ბატონო მიხეილ, გაკვირდები და გაოცებული ვარ, როგორ ასწრებ ამ ყველაფერს - რასაც თქვენ დადიხართ და აკეთებთ, მგონია, უცხოპლანეტელი ხართ და ორეული გაგაჩნიათ!აბა, როგორ არ ვიფიქრო ასე, როდესაც სვანეთში ზღვის დონიდან ოთხი ათას მეტრ სიმაღლეზე იტალიელ ალბერტო ტომბასთან ერთად თხილამურებით სრიალობ და ორ საათში ზღვაში ბანაობ აკვალანგისტად ჩაცმული, საღამოს კი გამოსასვლელი ტანისამოსით ყაზახების აშენებულ სასტუმროს ხსნი!

ჰოდა, ძალიან ვინანიებ ჩემს კრიტიკას, ბატონო მიხეილ. რაც თქვენი შეფასებისას ნაცნობ-უცნობებში მილაპარაკია, - თურმე ვცდებოდი, გვიან მივხვდი, რომ თქვენ დიდი აღმშენებელი ბრძანდებით!

ახლა ჩემი ველოსიპედით ვაპირებ ბათუმის მონახულებას, მოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას არ ვბაძავ, უბრალოდ, მაინტერესებს, რასაც ტელევიზიით გვაჩვენებენ, ეს მართლა ასეა, თუ არა?

ვიყავი თქვენ მიმართ ურწმუნო თომა და გავხდი მორწმუნე.

ოთარ აბულაძე, სოფ. დარჩელი