ოტიას სიტყვის სურნელი - კვირის პალიტრა

ოტიას სიტყვის სურნელი

ქართველები ერთმანეთს მაშინ ვაფასებთ, კაცი იმ ქვეყნად რომ წავა, ქება-დიდებას მერე მოვყვებით ხოლმე. ასე დაუფასებელნი წასულან იმ ქვეყნად ჩვენი გენიოსებიც. მაგრამ ზოგს გაუმართლებს კიდეც - მწერალ ოტია იოსელიანს ხალხი პატივს ქვეყნის დიდი სიყვარულისა და გულწრფელობისთვის სიცოცხლეშივე მიაგებდა, მეგობარიც ბევრი ჰყავდა. ქვემოთ მოყვანილი მწერლის გამონათქვამები მისი ერთი მეგობრის ჩაწერილია, - არა საგანგებოდ, არამედ უბრალოდ, მოცალეობისას. მათ მწერლის სიტყვის სურნელი ასდის, მწერლისა, რომლის ამ ქვეყნით გასვლიდან 40 დღე შესრულდა.

* მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მეიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, "ვეფხისტყაოსანს" დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს.

*უწმინდესს და უნეტარესს შევხვდი აჭარაში. იყო პოლემიკა. ზოგი ამტკიცებდა, 375 წლიდან ვართ ქრისტიანებიო, ზოგი - 435 წლიდან, ზოგი კიდევ რას ამბობდა, რა ვიცი. მე ვუთხარი, - იესო ქრისტეს სულ თორმეტი მოციქული ჰყავდა, ისინი რომ მსოფლიოში გაენაწილებინა, მათი ფრჩხილიც კი არ შეგვხვდებოდა. ღმერთმა სამი მოციქული ჩვენთან გამოგზავნა და კიდევ რაღა საბუთი გვინდა, რომ ჩვენი სარწმუნოება მაცხოვრის ხნის არის-მეთქი.

* წიგნი უზენაესია. ესენი ანადგურებენ წიგნს. პრეზიდენტი ეუბნება რამდენიმე ათას პირველკლასელს: - ჩვენ გვჭირდება ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდობა. ჩვენ გვჭირდება სტუდენტობა - ინტერნეტზე მიერთებულიო. ვერ ამოვხსენი ვერაფრით, ვინ გვიშვრება ამას და რატომ. ვერც ის გავიგე, რად გვჭირს ეს უშველებელი.

*ვენახს ვწამლავდი "მაშინით". დამიძახეს მეზობლებმა, - წვრილთვალება კაცი გკითხულობსო. რაღას ვიზამდი, გამევედი ჭიშკარში მაშინაჩამოკიდებული. რო დამინახა, უკან გაბრუნდა, - იზვინიტე, ია ქოლეგა იშჩუო. ვინ არის მერე შენი კოლეგა-მეთქი. ონ ფისატელო! მაშინ მე ვიქნები-თქვა. არაო! ონ დრამათურგო! მაინც მე ვიქნები-თქვა. არაო, ონ ოჩენ ზნამენითი დრამათურგო!.. მოკლედ, ძლივს დავაჯერე.

* ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა!

* მილიარდობით ტვინის უჯრედები აქვს კაცს, მარა, თუ არა განავითარე, რათ გინდა მერე. აკოტრიალე ეს თავი აქეთ-იქით, გამოვა რამე?

* ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს?

* ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო.