მეგობრის საჩუქარი - კვირის პალიტრა

მეგობრის საჩუქარი

გოგონა, რომელზეც ახლა გიამბობთ, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული 13 წლის მარიამ მარგველაშვილია. იგი ლაიფციგის სამოდელო სააგენტოების რჩეულია. ვინც მშვენიერების ფასი იცის, ისიც იცის, რა ძვირი ღირს სილამაზე. ალბათ ამიტომაც აჩერებდნენ გერმანიის სააგენტოები 6 წლის მარიამ მარგველაშვილის დედას დიუსელდორფის ქუჩებში - რა მშვენიერი ბავშვი გყავთ, დაგვირეკეთ და დავასაქმებთო. გერმანიაში მარიამის მამის სიცოცხლის შესანარჩუნებლად წასულ ოჯახს პატარა შვილი მხსნელ ანგელოზად მოევლინა. გოგონას ამბავი კი მისმა ბავშვობის მეგობარმა მოგვწერა, - მეგობრის წარმატება ასე გიხაროდეს, ესეც ნიჭია.

გამარჯობა. არ ვიცოდი, წერილი ვისთვის მიმეწერა და მეგობრებმა მირჩიეს, "კვირის პალიტრას" მიმართეო. ჩემი მეგობარი მარიამ მარგველაშვილი 6 წლის იყო, გერმანიაში საცხოვრებლად რომ წაიყვანეს მშობლებმა. ახლა თბილისშია, მაგრამ მალე ისევ წავა, რაზეც გული მწყდება. მინდა რაიმე ისეთი გავუკეთო, სულ ახსოვდეს. იქნებ დამეხმაროთ. მარიამს თბილისში ის გერმანული გაზეთები აქვს ჩამოტანილი, რომლებიც მასზე წერენ, - იქ უკვე ძალიან ცნობილია. სურათები გადავუღე და არც კი იცის, ისე გიგზავნით. თუ დაგაინტერესებთ, დაგვიკავშირდით. მაშინ მარიამსაც ვეტყვი და რედაქციაში მოვიყვან.

ნანუკა მოდებაძე

განა გული მოგითმენდათ, ასეთი გოგონა არ გაგეცნოთ? ამიტომ ნანუკას დავურეკეთ, - მართალია, თავად ქალაქში არ იყო, მაგრამ მარიამის ტელეფონის ნომერი მოგვცა. მარიამიც რედაქციაში მოვიდა. ბავშვობიდან სამშობლოს მოწყვეტილი ქართველივით კი არა, ისეთი ლამაზი ქართულით ლაპარაკობდა, პირველად ამან გაგვახარა.

- მართლა ლამაზი და კარგი გოგო ყოფილხარ, ისეთი უნაკლო ქართულით ლაპარაკობ. არადა, ავიწყდებათ ხოლმე...

- ალბათ. მაგრამ მე დიუსელდორფის საკვირაო ქართულ სკოლაში დავდივარ. ვიცი გერმანული, ფრანგული და ინგლისური ენებიც.

- გერმანული გაზეთები აჭრელებულია შენი ფოტოებით, თანაც ხან მომღერლის რანგში ხარ, ხან ბალერინასა და სამეჯლისო მოცეკვავის, ხან - მსახიობის, ხან - მოდელის, ხან კიდევ რომელიღაც სავაჭრო ფირმის სახე. ეს, მგონი, ძალიან ბევრია შენი ასაკისთვის.

- გერმანიაში ძალიან ცოტა ბავშვი მღერის და როცა მომისმენენ, ყველგან მიწვევენ. ახლა დიუსელდორფის თეატრის მიუზიკლში ვარ მიწვეული. თბილისიდან წასვლამდე კომპოზიტორი მარინა მირველაშვილი მასწავლიდა სიმღერას. სხვათა შორის, ბოლო დროს ერთი სიმღერა დავწერეთ - საქართველოს მონატრებაზეა... "ათასფერად მოხატული ცა, ოქროსფრად მოელვარე მზე"... გერმანიაში მე და დედას ავტობუსში გამოგველაპარაკა ვიღაც, თურმე სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ყოფილა. მიმიწვია. ბავშვების ტანსაცმელს მას მერე ვუკეთებ რეკლამას. საბალეტო სპექტაკლებშიც ვცეკვავ. ბერლინის საბალეტო სკოლას უნდოდა მათთან გადავსულიყავი, ინტერნატში მეცხოვრა და ისე მესწავლა, მაგრამ მამა არ დათანხმდა.

- რატომ?

- არ უნდოდა ინტერნატში მეცხოვრა.

- მამას სჭირდებოდა გერმანიაში მკურნალობა?

- დიახ. ცხრა აპრილს ფეხში ნიჩაბი ჩაარტყეს და განგრენა დაემართა.

რომ არ წავსულიყავით, ფეხს მოაჭრიდნენ.

- ერთი ეს მითხარი, გერმანიაში რომ მიდიხარ, გიხარია?

- სულაც არა. ყოველი აგვისტოს ბოლოს ვტირი, - თქვენ წადით და მე დავრჩები-მეთქი.

- ალბათ, სამშობლოში დაბრუნდები. გახსოვდეს, შენი ნიჭი მას უნდა მოახმარო.

- აუცილებლად!