მიყვარს და მტკივა! - კვირის პალიტრა

მიყვარს და მტკივა!

თბილისი ლამაზდება! სიკეთეზე აცრილი თუ არ ხარ, ამას ადვილად შეამჩნევ. მაგრამ ადვილად შეამჩნევ იმასაც, რომ ამ სილამაზეს ნაგავს ვაყრით, - გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რამდენჯერ შეძრწუნებულა ბევრი ჩვენგანი, როცა კორპუსებიდან გადმოყრილი ნაგვის პარკები პირდაპირ თავზე დასცემია.

ეს წერილი კი ახალგაზრდა კაცის პროტესტია ამ მავნებლობის წინააღმდეგ.

მიყვარს ჩემი ქალაქი და ბევრი რამ მტკივა.

მტკივა:

... აივნებიდან ეზოში მოსროლილი სიგარეტის ნამწვები, რომლებიც მოვლილ გაზონებსა და ბაღებს "ამშვენებს".

...ზარმაცი ქართველების მიერ ფანჯრებიდან გადმოფრენილი ნაგვის პარკები, რომლებიც ბუნკერამდე ვერ აღწევს და ხეებზე ჩამოკონწიალებულა.

...ლამაზი გოგონას მიერ გადმოფურთხებული საღეჭი რეზინი.

...ავტომანქანიდან მოსროლილი ბანანის ქერქი თუ პლასტმასის ბოთლი, რომელიც შეიძლება ცხვირ-პირში მოგხვდეს...

...სკვერებში, სკამების გარშემო დახვავებული მზესუმზირის ჩენჩო.

...პატარა ბიჭისგან ქუჩაში გადაგდებული "მაროჟნის" ქაღალდი და მის გვერდით - ხელჩაკიდებული დედა.

...დილაობით სასეირნოდ გამოყვანილი ძაღლების "საჩუქარი", სადაც მერე ბავშვები თამაშობენ...

მტკივა და ერთი ცნობილი ლექსის ცნობილი სტრიქონები მიტივტივებს გონებაში: "ღორი კი არ მძულს, მძულს მე წყეული, ადამიანი, ღორად ქცეული".

პატივისცემით, გია ფიფია თბილისი