"რა იქნებოდა, ქართველებს ჭკუა გვქონოდა, თორემ ფულს როგორღაც ვიშოვიდით" - კვირის პალიტრა

"რა იქნებოდა, ქართველებს ჭკუა გვქონოდა, თორემ ფულს როგორღაც ვიშოვიდით"

"რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ" ვინც მოიგონა, ბევრ რამეში ცდებოდა, - ქართველები ნამდვილად კარგები ვართ: ლამაზები, ნიჭიერები და ლაღები... მაგრამ უამრავი უარყოფითი თვისებაც გვაქვს, მათ შორის დაუფიქრებლობა. დიდი ილია ამბობდა, - მოყვარეს პირში უძრახეო. ჩვენც ასე გვირჩევნია და ამ წერილის ავტორსაც.

შეცდომას ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს. ერთი კია: შეცდომის დაშვების უფლება ზოგს აქვს, ზოგს - არა, უწინარესად, საქვეყნო საქმის მოთავეებს!.. ქართველებმა სანუკვარი დამოუკიდებლობა კი მოვიპოვეთ, მაგრამ ფეხზე ვეღარ დავდექით. როცა ვუყურებ, როგორ გაძლიერდნენ ის ქვეყნები, რომლებმაც ჩვენთან ერთად დააღწიეს რუსეთის კლანჭებს თავი, გული მტკივა. ეს იმ ქართველი კაცის გულისტკივილია, რომელსაც ახსოვს, როგორ მივექანებოდით უფსკრულისკენ და შეჩერება არ შეგვეძლო. ეს წერილიც იმიტომ მოგწერეთ, რომ იქნებ მომავალში მაინც დავფიქრდეთ... ჩვენი უფსკრული - იმპულსურობა და გაუწონასწორებლობაა. არასოდეს დამავიწყდება, 9 აპრილამდე როგორ დადიოდნენ ჩვენს 5000-კაციან ორგანიზაციაში ეროვნული მოძრაობის წევრები და როგორ ეუბნებოდნენ მუშებს: მონებო, ვისთვის მუშაობთ, რუს ხალხს თქვენ აჭმევთ, თქვენ ასმევთ და ისინი თქვენი შრომის ხარჯზე ცხოვრობენ. წამოდით, დაგვიდექით გვერდზე, ჩამოვაგდოთ კომუნისტები, თქვენი ნაშრომი თქვენ დაგრჩებათ და იცხოვრებთ ბედნიერადო! ამის შემდეგ გამოვიდოდა ერთი მუშა და იტყოდა, - ეს კისერი ხუთ რუსს რატომ უნდა ინახავდესო, მეორე იტყოდა, - 10 რუსი მაზის კისერზეო. მესამეს -  20-ზე აჰყავდა და ასე შემდეგ.

ერთხელ, 3000-მდე მუშა-მოსამსახურე აიყოლიეს და მთავრობის სასახლისკენ წაიყვანეს.  ერთ-ერთ "ცნობილ სახესთან" მივედი და ვკითხე, - ამდენი ფაბრიკა-ქარხანა, ტრესტი, სამმართველო, კვლევითი ინსტიტუტი ერთად რომ გაჩერდება, მთელი ქვეყანა უმუშევარი რომ დარჩება, ამდენი უმუშევრის რჩენას როგორ აპირებთ-მეთქი. მერე რა, უმუშევარ ხალხს სახელმწიფო დახმარებას ყოველთვე 500 მანეთზე მეტს მივცემთო. გავიფიქრე, - ამ კაცს არაფერზე წარმოდგენა არ ჰქონია-მეთქი და ახსნას შევეცადე,   - რას ბრძანებთ, ბატონო, როგორ შეიძლება ასე მოუმზადებლად მივაწყდეთ იმ ვეშაპ სსრკ-ს, აუცილებლად უნდა ვმუშაობდეთ, თორემ თუ იმ მრეწველობას გააჩერებთ, საიდანაც სახელმწიფოს ძირითადი შემოსავალი შემოდის, დახმარებას კი არა, პენსიასაც ვერ გასცემთ-მეთქი. მან კი პასუხად მარცხენა ხელი გვერდით მდგომს ჩაავლო, მარჯვენა ჩემკენ გამოიშვირა და წამოიძახა: - კიდევ კარგი, ამგვარად  მოაზროვნე სხვა არავინ გვყავს, თორემ რა ეშველებოდა ჩვენს ეროვნულ მოძრაობასო. ჩაჯდა მანქანაში და წავიდა...

მე ეს ყველაფერი მაინც ე.წ. პიარი მეგონა, ვერ დავიჯერებდი, რომ ასე დაუფიქრებლები აღმოვჩნდებოდით და ამ ყველაფრის ნგრევას არ შევაჩერებდით, მაგრამ ჩვენი ბიჭები სამტრედიაში, მატარებელს რომ დაუწვნენ ლიანდაგებზე, - რუსეთი უნდა ვაშიმშილოთო, მაშინ მივხვდი, მართლა გვჯეროდა, რომ 150-მილიონიან რუსეთს ვინახავდით. სამაგიეროდ, ეს არ სჯეროდათ უცხოელებს. არასოდეს დამავიწყდება, როგორ ჰკითხა "შპიგელის" კორესპონდენტმა საქართველოს პრეზიდენტს: - თქვენ თქვენი რესურსებით გაზის, ბენზინისა და ხორბლის ყიდვას შეძლებთო? მან კი უპასუხა: - საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა. ჩვენ ყველაფერს შევძლებთო. რამდენიმე თვის შემდეგ კი სამწუხაროდ, ისევ პრეზიდენტს მოუხდა იმავე ჟურნალისტისთვის თქმა: - რუსეთი კვების პროდუქტებს აღარ გვაძლევს და ძალიან გვიჭირსო.

ამის გაგონებაზე თავში შემოვირტყი ხელი, - ვაი ჩვენი ბრალი, პრეზიდენტს რატომ უნდა შეეშალოს, რომ არავინ არის ვალდებული, გარჩინოს-მეთქი და ერთი ჩემი ყოფილი თანამშრომელი მშვენიერი ქალბატონი გამომეპასუხა: - სირცხვილია, საქართველოს ბედნიერებას კუჭით რომ ზომავო!

რამდენიმე წლის შემდეგ კი ეს ქალბატონი ქუჩაში დავინახე გამხდარი და გაუბედურებული, - თურქეთში ვმუშაობო. არ ვიცი, რა დამართეს თურქეთში ასეთი, მაგრამ მისი უბედურების შემხედვარემ სიმწრით ენა მოვიკვნიტე, - მე და მას ჩვენი სამსახურის ნგრევისთვის საგანგებოდ რომ არ შეგვეწყო ხელი, არც ის იქნებოდა ამ დღეში, არც მე და არც ის მილიონ-ნახევარი ქართველი, რომელიც საყოველთაო ნგრევამ უცხოეთში გადახვეწა.

მართალია, ჩემი მიწიდან ვერსად წავედი და როგორღაც საარსებო ლუკმა მოვიპოვე, მაგრამ ჩემი ქვეყნის ბედის შემყურეს არც აქ მადგას კარგი დღე. ხატოვნად თუ ვიტყვი, - რა იქნებოდა, ქართველებს ჭკუა გვქონოდა, თორემ ფულს როგორღაც ვიშოვიდით.

პატივისცემით, ჯანო ბურდულ