"ნუ შეურაცხვყოფთ ეროვნულ დროშას" - კვირის პალიტრა

"ნუ შეურაცხვყოფთ ეროვნულ დროშას"

რას ნიშნავს ჯვარი ყოველი ქრისტიანისთვის, ამას ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ეროვნულ სიწმინდედაა აღიარებული დროშაც, რომელსაც ოდითგან უჩოქებდნენ და ემთხვეოდნენ. თუ ადამიანი ამ შეგნებით ხარ გამსჭვალული (და ასე უნდა იყოს!), მაშინ უსათუოდ შეგაწუხებს ეროვნული დროშის უპატივცემულობა.

ძალზე მიხარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დროშად ჯვარი აირჩია. გვქონდეს იმედი, რომ ეს ჯვარი ისევე მოგვიტანს გამარჯვებას მტრებთან, როგორც ერთ დროს კონსტანტინე კეისარს გაამარჯვებინა დუშმანზე. მაგრამ, საუბედუროდ, ამ ჯვარს მეტად უდიერად ეპყრობიან ისინიც კი, რომელთაც ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო სიმბოლიკის მთავარ ატრიბუტად აქციეს და რომელიც აკურთხა ეკლესიამ. კარგად მესმის, რომ დროშა აღმართული უნდა იყოს პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტის შენობაზე, ქალაქის საკრებულოზე, სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებაზე, მაგრამ რა უნდა ხუთჯვრიან დროშას ისეთ ადგილებში, სადაც თაყვანისცემის ნაცვლად ლანძღვა-გინება გაისმის? რა საჭიროა მაინცდამაინც ქართული, ხუთჯვრიანი დროშა დაიხატოს ნებისმიერი მშენებლობის დამცავ ღობეზე, რომელთა გასწვრივ ჭუჭყი და ნაგავია?! რა უნდა დროშას საზკვების ობიექტებში, სადაც ცხიმის ორთქლისაგან გაქვავებულ ლაქებს ბუზები ესევიან!  ან მიწისზედა გადასასვლელებზე რა უნდა დროშას?

ვფიქრობ, დროა, გონს მოვეგოთ. ნუ გავთელავთ ჯვარს. იატაკის და გადასასვლელი ბაქნების მოზაიკა შეიძლება სხვა კომპოზიციით გაიწყოს.

ნურავის მივცემთ უფლებას, უდიერად მოეპყროს სიწმინდეს, რომელიც ჩვენი, როგორც ამქვეყნიური, ისე იმქვეყნიური გამარჯვებისა და ნეტარების საწინდარია. როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა".

პატივისცემით, ალექსანდრე ცანავა