ჭაობი შუა ქალაქში - კვირის პალიტრა

ჭაობი შუა ქალაქში

ამ წერილს თან ფოტოც მოჰყვა. მინაწერი ირწმუნებოდა, - გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ეს ჭაობი თბილისის ცენტრში, საბურთალოზეა, შიგ თავკომბალები დაცურავენ და გემუდარებით, იქაურობა გაგვაწმენდინეთო...

ალბათ არ დაიჯერებთ, რომ თბილისის ცენტრში, ჩიქოვანის ქუჩაზე, კერძოდ, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს წინ, ჭაობია. მაგრამ მოგიყვებით მიზეზებს და იმედია, მის სანახავად აუცილებლად მოხვალთ.

ეს სკვერი ათეული წლების განმავლობაში ერთადერთი იყო, სადაც კორპუსებში ჩაჭედილი ჩიქოვანის ქუჩის მცხოვრებთ ბავშვები გამოჰყავდათ სათამაშოდ თუ ჰაერის ჩასაყლაპად. ერთ დროს აქ ახალი საქანელებიც გვქონდა და პატარები ერთობოდნენ, უფროსები სკამებზე ვისვენებდით და გვიხაროდა, რომ ბავშვებს სიამოვნებას ვანიჭებდით. გავიდა დრო. სკვერთან ახალი კორპუსი წამოიმართა და ჩვენი შვილების წილი ჰაერი და მზე შთანთქა. კარგი, ამასაც შევეგუეთ, რადგან სკვერი, მართალია, დაპატარავებული, მაგრამ მაინც დარჩა. მაგრამ ისე მტერი იყოს, ახლა ეს სკვერი და ჩვენ რომ ვართ - აქაურობა ჭაობად იქცა და შიგ ქუჩის ნაგავთან ერთად ბაყაყები მშვენივრად გრძნობენ თავს. ჩვენც იქვე ვსხედვართ და ბავშვების საცოდაობას შევყურებთ. უკვე დაჟანგულ საქანელასა და აიწონა-დაიწონაზე რომ ცოდვილობენ. გარშემო კი ჭაობის სუნი დგას და ჭაობის მწერები დაფრინავენ. ზოგი იტყვის, საქანელა თუ გაქვთ, თქვე კაი ხალხო, რაღა გინდათ, ადრე ეგეც არ იყოო. მშვენივრად ვიცით, რომ არ იყო, მაგრამ ისიც ვიცით, რომ თითქმის ყველა სკვერში თბილისში ბავშვებისთვის ყველა სახის სათამაშო დაიდგა და ამას ჩვენთან რატომ არ აკეთებენ? ეჭვი გვაქვს, რომ მავანს ამ სკვერის გაყიდვა და შიგ მრავალსართულიანი კორპუსის ჩაკვეხება უნდა. აბა, რას მივაწეროთ, რომ მრავალი წელია, მივმართავთ მერიას ამ სკვერის მოწყობის თაობაზე და პასუხი არ გვაღირსეს. ადრე ასუფთავებდნენ მაინც, ახლა დამლაგებლებიც კი დაითხოვეს. აქაურობა უპატრონო ძაღლების ბეწვითა და ნაგვით არის სავსე. ბარემ გვითხრან, - აიბარგეთ მაქედანო. მაგრამ ნეტავ, პატარებისთვის წაგლეჯილ ადგილზე თავად როგორ გაიხარებენ?!

ჩიქოვანის ქუჩის მცხოვრებლები

წერილის წაკითხვის შემდეგ წავედით და სკვერი ვნახეთ. მართლა საშინელი სანახავი აღმოჩნდა. საკვირველი კი ის იყო, ჩიქოვანის ქუჩაზე ჭაობის მწერებთან ერთად, ჭაობის მცენარეებიც გაჩენილა და მწვანედ ბიბინებს - ეს ერთადერთი მოყოჩაღებული სიცოცხლეა ამ ჩამკვდარ პარკში.

ნუთუ შეიძლება არსებობდეს იმაზე კეთილშობილური მიზანი, თუნდაც მრავალსართულიან კორპუსში მრავალი ოჯახის შესახლება იყოს, ვიდრე ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭებაა.