"ჩაკრულო" - კოსმოსში - კვირის პალიტრა

"ჩაკრულო" - კოსმოსში

"არ მეგულება ერთი ქართველი მაინც, ეს ფაქტი არ ეამაყებოდეს"

ჩვენი კულტურა ჩვენი ყველაზე დიდი ეროვნული სიამაყეა, რადგან ის მოწმობს, რომ ის ერი ვართ, რომელიც, განსაცდელების მიუხედავად, საუკუნეების განმავლობაში ქმნის ღირებულებებს და ინახავს კიდეც. ასეთია ჩვენი ეროვნული ცნობიერება და საუკუნეებმა დაადასტურა, რომ მისი წაშლა შეუძლებელია. ამას ახალგაზრდა კაცის ეს წერილიც მოწმობს.

გამარჯობათ. მე და ჩემს მეგობრებს სიმღერა ძალიან გვიყვარს, ჩემთან ვიკრიბებით და "ვუბერავთ", ძირითადად, უცხოურს. მოკლედ, ეს არის ჩვენი ჰობი. ეგ არის - ცოტა მეზობლები გვიწყრებიან ხოლმე, - თქვენ რაც მოგწონთ, ეგება ჩვენ არ მოგვწონს და დაგვასვენეთო. ერთი კაცი შემოგვიჩნდა - თქვენ რომ რამე იცოდეთ, გადამთიელების სიმღერებს კი არა, ქართულს იმღერებდით. ჩვენი "ჩაკრულო" კოსმოსშია გაგზავნილი, რასაც თქვენ მღერით, იმათ ამხელა აღიარებას ვინ აღირსებდაო! ეგ არ ვიცოდით. გამოვკითხეთ და 1974 წელს გაუგზავნიათ რაკეტით ამერიკელებს.  "ჩაკრულო" კი მომისმენია, მაგრამ მაინცდამაინც ის ნამღერი მინდა მოვისმინო, კოსმოსში რომ გაუშვეს. თანაც ისიც მინდა გავიგო, ვინ იყვნენ ეს მომღერლები. ამას ვერ გამიგებთ?

ლევან ბედუკაძე

რას ჰქვია, ვერ გავუგებდით! ბატონ როსტომ საგინაშვილს მაშინვე დავუკავშირდით. ეჰ, ბიჭებო, ეგ სიმღერა რაკეტით კი არა, თანამგზავრით გაგზავნესო და დაიწყო: - "ჩაკრულოსთან" ერთად კოსმოსში კიდევ 25 საუკეთესო მელოდიაა გაშვებული, ასევე დედამიწის ყველა ლამაზი ბგერა: წყლის ხმაური, ქარის ხმა, ტყის შრიალი... ეს თანამგზავრი მარადიულად ივლის კოსმოსში და თუ ვინმე შეხვდება, მოისმენს ალბათ...

- რა ვიცით, ბატონო როსტომ, იქნებ მართლაც შეხვდეს ვინმე...

- მაგაზე გამახსენდა: ერთხელ ერთმა მეგობარმა მითხრა, - ახლა იქანა რომ მოისმინონ აი სიმღერა და ვინცხამ თქვას, მაი კაცი მომიყვანეთო, რას იზამო. ყველას დაგავლებთ ხელს და გაგიყოლებთ თან, იქ მარტო რა მინდა-მეთქი!

- ვისთან ერთად მღერით, ბატონო როსტომ?

- ილია ზაქაიძესთან ერთად. ორივენი სანდრო კავსაძის ანსამბლში ვმღეროდით, მაშინ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ერქვა, ახლა "ერისიონი" ჰქვია. 1974-ში ამერიკაში ვიყავით გასტროლებზე. რომ ჩამოვედით, მაშინ გავიგეთ, კოსმოსში "ჩაკრულო" გაუშვესო. ეგ იყო და ეგ. მერე 1977-ში წავედით ამერიკაში და იქაურ ქართველებს ვთხოვეთ, - იქნება გაგვიგოთ, ვინ და რამ "გაგვამგზავრა" კოსმოსშიო. გაგვიგეს. "ნასას" დავალებით, ერთ ამერიკელ ფოლკლორისტს შეურჩევია. ჯერ საბჭოთა კავშირი იყო და, რაღა თქმა უნდა, მოსკოვისთვის უთხოვიათ, - სიმღერა მოგვეცითო. იმათ რუსული გაუგზავნიათ. ამდგარა ეს ფოლკლორისტი: მასე არ უნდაო და ჩვენი "ჩაკრულო" გაუგზავნია. მაშინ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ამ ჩანაწერის მოსმენა.

რამდენიმე წლის შემდეგ ანზორ ერქომაიშვილს ამერიკიდან ჩანაწერი ჩამოუვიდა. დამირეკა და მითხრა, ზაქაიძესთან უნდა ავიდეთო. ილია უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი. მასთან რომ ავედით, ანზორმა მაგნიტოფონი ჩართო და ჩვენი ნამღერი "ჩაკრულო" დაიწყო. ანზორმა მკითხა, - ვინ მღერიანო. მეგონა, მეხუმრებოდა და ხუმრობით მივუგე, - მე რა ვიცი-მეთქი. გაბრაზებულმა ილიამ საწოლიდან თავი წამოყო: - შენ ხომ არ დაყრუვდი, ჩვენს ნამღერს ვეღარ ცნობო? როდესაც ოფიციალურად დადასტურდა ეს ყველაფერი, საოცარი გრძნობა დამეუფლა. მანამდე ასეთი რამ არასდროს განმიცდია. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულია, როცა იცი, რომ დედამიწაზე 25 საუკეთესო მუსიკალურ ნაწარმოებს შეარჩევენ კოსმოსში გასაგზავნად და ერთ-ერთი შენი ქვეყნის სიმღერა და შენი ნამღერია. დღემდე ვფიქრობ, რომ ეს ღვთის ნება იყო. არ მეგულება ერთი ქართველი მაინც, ეს ფაქტი არ ეამაყებოდეს. მიხარია, როდესაც ჩემი სახელისა და გვარის გაგებისას მაშინვე იმას ამბობენ, კოსმოში ხომ თქვენი ნამღერია გაგზავნილიო? ცხოვრება ამად ღირდა...