ვინ არის ეს ქალი მტრედით... - კვირის პალიტრა

ვინ არის ეს ქალი მტრედით...

ამ თემაზე ხშირად ვწერთ, მაგრამ რა ვქნათ, თუ თემა ისეთია, რომ სულ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, - იგი ჩვენი წარსულია და მომავალი, რომელიც წარსულიდან მოდისო. ერთმა გოგონამ წერილი მოგვწერა, რომელსაც საიდანღაც დაბეჭდილი ფოტო ამოუჭრია: - მე მაკო ჭელიძე ვარ. გეხვეწებით, გამაგებინეთ, ამ ფოტოზე რომ ფერეიდნელებთან ქართველი ქალი დგას, ვინ არისო. სურათს მინაწერი ჰქონდა: "ფერეიდანი, 1927 წელი. სარა ჭელიძე სოფელ ქვემო მარტყოფის გლეხის ქალებთან და ბავშვებთან".

მაკოს გამოგზავნილ სურათზე აღბეჭდილ ფერეიდნელ ქართველებს დრო-ჟამის ძალადობა იმგვარად ეტყობათ, გული დაგეწვება. ბავშვებსაც კი 400 წლის წინანდელი სევდა შერჩენიათ  - მტრისგან აყრილი ქართველის სევდა...

ეს ულამაზესი მანდილოსანი, სარა ჭელიძე კი, იყო მეუღლე მწერლის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის, ბანკის მოხელის ამბაკო ჭელიძისა.

ამბაკო ჭელიძე ერთხანს მუშაობდა "ივერიის" რედაქციაში. საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრების შემდეგ მონაწილეობდა ირანში ირან-საბჭოთა კავშირის ბანკის დაარსებაში (1923-29 წწ.). ამ ქვეყანაში რამდენიმე წელი დაყო, რაც გამოიყენა ფერეიდნელ ქართველებთან კავშირის აღსადგენად; შეისწავლა ფერეიდნელთა კილო, ყოფა, რასაც მიუძღვნა მეტად საინტერესო წიგნები: "ფერეიდნელი ქართველები", "ექვსი წელი სპარსეთში". ამბაკო ჭელიძემ ბრწყინვალედ თარგმნა სპარსელი ლირიკოსების, მათ შორის ომარ ხაიამის, ნიზამი განჯელის, საადის ნაწარმოებები.

მან სწორედ ირანში გაიცნო ფერეიდნელ ქართველთა ლიდერი (ფერეიდნელები წინამძღოლად ყოველთვის ირჩევდნენ გონებითა და ძალით გამორჩეულ კაცს) სეიფოლა იოსელიანი. სეიფოლას მეშვეობით კი - იქაური ქართველები.

რასაკვირველია, ამბაკო ჭელიძეს ირანში მეუღლეც თან ახლდა და ცხადია, ფერეიდანშიც წაიყვანა იქაური ქართველების იმედად. სარაც ლაღად ჩამდგარა თავის ოდესღაც დაკარგულ სისხლსა და ხორცთან და ფოტოგრაფს ლაღადვე უღიმის, - არ გეგონოს, ქართველი ქალები მართლა ასეთი დაჩაგრულები ვართ, აქ რომ ხედავო - ალბათ მართლა რამდენ ფერეიდნელ ქართველ ქალს გაუჩნდებოდა სურვილი, მხრები სარასავით ლაღად გაეშალა და მისებრ თამამად შეეხედა მზისთვის...

მას შემდეგ საუკუნეც მალე მიიწურება და ბევრი რამ შეიცვლება, ოღონდ - არა ქართველი ქალების ნატვრა, ენახათ საქართველო ბედნიერი და ლამაზი. ასე იყო საქართველოში, ასე იყო ფერეიდანში. და სანამ დედა ამ სურვილს თაობიდან თაობას გადასცემს, საქართველოს  ვერაფერი წაშლის, ისე როგორც ფერეიდანში ქართული სული ვერ წაშალეს საუკუნეებმა.