"ერთ დღეს თქვენი ახლობლების საფლავებსაც მიადგებიან!" - კვირის პალიტრა

"ერთ დღეს თქვენი ახლობლების საფლავებსაც მიადგებიან!"

ჩვენ ირგვლივ არაერთი უსასოო ადამიანია, რომელთა ბედი არავის აინტერესებს. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ამ წერილის ავტორისთვის გულმხურვალედ აქვს ნათქვამი, თქვენისთანა გამოცდილი ადამიანების უმუშევრობას არაფრით დავუშვებო. შესაძლოა პრეზიდენტი (იმჟამინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე) მაშინ ამას გულწრფელადაც ამბობდა, მაგრამ... ბატონ პრეზიდენტს ამ ფოტოთი და წერილით ერთი ქალბატონი გვინდა შევახსენოთ...

"მარტოხელა ქალი ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, ამის გამო არასოდეს მიწუწუნია. პირიქით, თუკი ვინმეს სასოწარკვეთილს ვნახავდი, შევუძახებდი და ვეხმარებოდი როგორც შემეძლო. შეძლებით კი ბევრი რამ შემეძლო, რადგან 1997 წლამდე პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ვმუშაობდი. მერე პარლამენტიდან წამოვედი, ამის მიზეზებზე აღარაფერს ვიტყვი... ამასობაში, დედა გამიხდა ავად... როგორც კი მომჯობინდა, სამუშაოს საშოვნელად პარლამენტის იმ დეპუტატებს მივმართე, რომელთაც პირადად ვიცნობდი. იმედი მქონდა, ჩემს შესაძლებლობებს გაითვალისწინებდნენ (არავის ეგონოს, თავზე დიდი წარმოდგენისა ვიყო - ფილოლოგიური და იურიდიული განათლება მაქვს მიღებული), მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, მათთვის ჩემი ჭირი ღობის ჩხირი აღმოჩნდა...

გარდამეცვალა დედა და ერთადერთი ძმა. ასე დავრჩი მარტო, უმუშევარი, 100-ლარიანი პენსიის იმედად. დამრჩა კიდევ ერთი რამ, ყველაზე ძვირფასი - დედისა და ძმის საფლავები, რომელთა მოვლაც ისეთივე ჯოჯოხეთად მექცა, როგორადაც ცხოვრების ბოლო წლები.

საქმე ის არის, რომ გააუქმეს #102, 98 ავტობუსები, რომლებიც  საბურთალოს სასაფლაომდე მიდიოდნენ. ახლა ან ფეხით უნდა დავადგე გზას სასაფლაომდე, რაც ჩემს შესაძლებლობას აღემატება, ან რამდენიმე ტრანსპორტი გამოვიცვალო, რისი სახსარიც არ გამაჩნია. საკვირველი კი ის არის, რომ მერია, რომელიც ასე ზრუნავს ქალაქში პარკების გაშენებასა და შადრევნების მოწყობაზე, რატომ არ ფიქრობს იმ გაჭირვებულ ჭირისუფალზე, ვისაც ცხოვრებაში არაფერი დარჩენია, საფლავების გარდა. ესეც რომ არ იყოს, იქ თუ დანაკუწებულ  ყვავილებს არ დატოვებ, მეორე დღეს აღარ დაგხვდება. მAაშ, რა აზრი აქვს გადატეხილი ყვავილებით საფლავის დანაგვიანებას? შადრევნების მოწყობა ქალაქში მისასალმებელია, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ მერიამ, რომელსაც დამკრძალავი ბიურო "ჰერმესი" ექვემდებარება, სასაფლაოსკენ მიმავალი სამარშრუტო ხაზი აღადგინოს და საბურთალოს ძველ სასაფლაოზე ერთი ონკანი მაინც დააყენოს, რათა ზაფხულში ჭირისუფალმა საფლავის მორწყვა შეძლოს.

სასაფლაოებით ქურდებმა, ნარკომანებმა და ლოთებმა ბიზნესი წამოიწყეს, - იპარავენ  ყველაფერს - ცოცხალ თუ ხელოვნურ ყვავილებს, ჯვრებს და კალათებს. ანადგურებენ საფლავის ქვებს, აგლეჯენ ზედ დატანილ მეტალის წარწერებს და ჯართში აბარებენ.

მე ვეკითხები ქალაქის მერიას: როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩვენში მიცვალებულისადმი ასეთი უპატივცემულობა და საფლავების ვანდალიზმი?! ბინის ქურდებს ხომ იჭერს პოლიცია, ნუთუ სასაფლაოს ქურდი ქურდი არ არის?! ნუთუ არ შეიძლება ამის აღკვეთა?! ერთ დღეს ხომ "სასაფლაოს ბიზნესმენები" გავლენიანი პირების გარდაცვლილი ახლობლების საფლავებსაც მიადგებიან?!

ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, ყველას ჩვენ-ჩვენი ჯვარი გვაქვს. თუ არაფრად ჩავაგდებთ მიცვალებულთა ხსოვნას, მაშინ ჩვენი ხსოვნის საქმეც წასულია. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც თავად სიკვდილ-სიცოცხლის არსებობა.

პატივისცემით ცირა დოლაბერიძე