"დავალ მუდამ დარდიანი..." - კვირის პალიტრა

"დავალ მუდამ დარდიანი..."

რასაც ჩვენი წერილის ავტორი გვწერს, ზუსტად იმავეს ბევრი შემოგვჩივის. ჩვენ კი, ვისაც ჯერ არს, მათ შევჩივით.დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ჯერჯერობით აქედან რაიმე გამოვა, მაგრამ რახან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ბრძოლის უნარი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. გაზაფხული კი ერთხელაც იმ გზებით უსათუოდ მოვა, რომლებზეც ბატონი ნიკოლოზი გვწერს.

მე ნიკოლოზ  ლომაია გახლავართ. წლების განმავლობაში ციმბირში ვიყავი ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილი და სამშობლოში იმ რწმენით დავბრუნდი, რომ საკუთარ კერაზე ნაშოვნი გროშები სჯობს სხვის მილიონებს. პროფესიონალი მძღოლი ვარ. 28 წლის მანძილზე ჯერ სამშობლოში და მერე შორეულ ციმბირში მთელი სულით და გულით პატიოსნად ვმუშაობდი გზების მშენებლობაზე, - ჩემისთანა კაცი საქმის "გახალტურებას" ვერაფრით შეძლებს, არ მისცემს გული ამის ნებას. სამშობლოში ისეთი იმედით მოვდიოდი, რომ ჩემს მოხეტიალე ცხოვრებასა და წვალებას ბოლო უნდა მოღებოდა. ბოლოს და ბოლოს, თუკი მაინც შრომა მომიწევდა, სამშობლოსთვის ვიჯაფებდი. ოთხი წელიწადია, სენაკში ძმის ოჯახს ვარ შეფარებული და უსაქმურობით გამწარებულმა მართლა აღარ ვიცი, თავი ზღვას მივცე თუ რიონს. არ ვხუმრობ!

ასეთი რამ ნებისმიერ ჩემს დღეში ჩავარდნილ ადამიანს დამართვია - ენერგიით სავსე კაცი ოთხი წლის მანძილზე დასასაქმებლად ხან თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას მივადექი, ხან - ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობას, ხან - საავტომობილო გზების მშენებლობებს, ხან - რას და ხან - რას. შემოვიარე მთელი ქვეყანა. მესტიიდან სტეფანწმინდამდე, არსად სამუშაოდ არ მიმიღეს. მეუბნებიან, უცხოელები მუშაობენ, ტექნიკა და ადგილობრივები გვყავს დაქირავებული. თუ კარგი ტექნიკა გაქვს, მოიტანე და იმუშავეო. ზოგი იმასაც მეუბნება, აქ რა გინდოდა, რატომ ჩამოხვედი, ხომ ხედავ, რა ქვეყანაში ცხოვრობ, ვინ მოგცემს სამუშაოსო. მე კი, რაც ფული მქონდა, ამ სიარულში დამეხარჯა. ის იმედიც დავკარგე, რითაც სამშობლოში მოვდიოდი. არადა, რა ვქნა, არსად წასვლა რომ აღარ მინდა. ამიტომ მივმართავ ყველას, ვისაც გული შესტკივა იმ ქართველებზე, ვინც ცხოვრებამ კალაპოტიდან ამოაგდო და გზა აურია, ვისაც ნებისმიერ მშენებლობაზე თანამდებობა აბარია, - თუ თქვენ ნამდვილად გინდათ საქმეში წარმატება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ნამდვილად პროფესიონალი კადრის მიღება უნდა გინდოდეთ. არ მეეჭვება უცხოელების პროფესიონალიზმის, მაგრამ მათაც კარგად ვიცნობ და არა მგონია, ან ქართველებზე მეტი მუშაობა შეეძლოთ, ან ქართველებზე მეტად შესტკიოდეთ გული აქაურ საქმეზე. გამონაკლისი, რასაკვირველია, ყველგან და მათ შორის, ქართველებშიც არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლებნი ვართ.

პატივისცემით, ნიკოლოზ ლომაია