"ჩვენ სხვანაირად ვიცხოვრებთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ სხვანაირად ვიცხოვრებთ"

ისეთი თაობა მოდის, სიკეთეს აღარ ველითო, - ხშირად გაიგონებთ. მერე მიაყოლებენ, - ამან ასე ქნა, იმან - ისეო. მაგრამ ვფიქრობთ, პირიქითაა. იმდენად გულწრფელი და გონიერი ახალგაზრდობა გვყავს, რაც უფროსებმა ქვეყანას დააკლეს თუ დამართეს, უსათუოდ ესენი გამოასწორებენ. ამ თემაზე ორ წერილს გთავაზობთ - მათი წაკითხვის შემდეგ იმედი მოგვეცა, რომ  ყველაფერი სხვანაირად იქნება.

მე ხატია მოდებაძე ვარ. ჭიათურაში ერთი ლამაზი, კლდიანი სოფელია, კაცხი, იქ ვცხოვრობ. მაგრამ ამ ჩემს კლდეებიან სოფელს უძველესი კულტურა აქვს და ძალიან კარგი ხალხიც ცხოვრობს. ჩემს სოფელშია კაცხის კლდის წმინდა სვეტი, რომელზეც ადრე სალოცავი ყოფილა, ბერები კიბით ადიოდნენ თურმე. მერე დანგრეულა. ძალიან მიხარია, რომ სვეტზე სალოცავი განაახლეს. მაგრამ ახლა მინდა გიამბოთ ჩემს საყვარელ ბაბუაზე და იმ განცდაზე, რომელიც მე და ბაბუამ ერთად გადავიტანეთ, როცა წმინდა სვეტის თავზე რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ბაბუა ხნიერია და მეორე მსოფლიო ომს მოესწრო. სულ მეუბნებოდა, - ბაბუ, ღმერთს ვთხოვ, შენმა თაობამ არ გადაიტანოს ის, რაც თუნდაც შენმა მშობლებმა გადაიტანესო. იმ დღეებში მხოლოდ ეს თვითმფრინავები კი არა, ბაბუას თვალები მზარავდა - წამით არ გვიშორებდა გვერდიდან. თითქოს ცდილობდა, მთელი ოჯახი სადღაც გადავემალეთ და განუწყვეტლივ იმეორებდა, - რუსი არ მძულს, მაგრამ თუ დაგვიპყრეს და შემოვიდნენ, ჩემზე მეტი მტერი არ ეყოლებათ. მოხუცი კი ვარ, მაგრამ ჩემი ქვეყნის დასაცავად იარაღის აღებას ვერავინ დამასწრებსო. ისეთ გუნებაზე ვიყავი, მეც ავიღებდი იარაღს, თუკი ვიშოვიდი. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ხანდახან ღამით ვიღვიძებ და იმ მიწაზე ვფიქრობ, რომელიც დავკარგეთ. ჩემი ბაბუა ამბობს, - ამ მიწას უსათუოდ დავიბრუნებთო. არ მინდა ჩემმა თაობამ ამაო იმედით იცხოვროს და ეს მიწა არ დაიბრუნოს. მეც მგონია, რომ ჩემი თაობა ამას უსათუოდ შეძლებს, უსათუოდ დავიბრუნებთ.

აი, ეს მინდოდა მომეწერა.

ხატია მოდებაძე, XII კლასის მოსწავლე

***

გიგზავნით ერთ ფოტოს, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა გადავიღეთ რუსთაველის პროსპექტზე, იქ, სადაც ჩვენს დაბადებამდე სამოქალაქო ომი იყო. სეირნობისას ერთ-ერთმა ჩვენგანმა ჭადარს ახედა და შიგ გაჩხერილი უმართავი რაკეტის ნარჩენი (როგორც აგვიხსნეს) დაინახა. ჭადარს შემოვუარეთ და დიდხანს ვაკვირდებოდით. მერე ერთმა კაცმა გამოიარა, შემოგვხედა და გვითხრა, - ეგ მანდ 1991 წლიდან არის, როცა რუსთაველზე ქართველები ერთმანეთს ვხოცავდით, აქ გარშემო ყველაფერი გადამწვარი იყოო. როცა ვკითხეთ, - კი, მაგრამ ასე რატომ გავიმეტეთ ქართველებმა ერთმანეთიო. თითქოს დაიბნა. მერე კი ყველაფერს დაწვრილებით მოგვიყვა...

ის კაცი რომ დაგვემშვიდობა, კარგა ხანს ვფიქრობდით, მაინც რა დაგვემართა ასეთი, რომ ასე გავიმეტეთ ერთმანეთი. ჩვენ  ამას არასოდეს ჩავიდენთ - სხვა მიზნები გვაქვს!

მხოლოდ ასე გვექნება უკეთესი ქვეყანა. ჩვენ ასე ვფიქრობთ.

ნიკოლოზი