სანამ საცხოვრებელი კორპუსი ნანგრევებად ქცეულა - კვირის პალიტრა

სანამ საცხოვრებელი კორპუსი ნანგრევებად ქცეულა

ყოველი სახელმწიფო ისეა (ანდა, უნდა იყოს), როგორც ოჯახი. თუ ოჯახში რაიმე დაბრკოლება გამოჩნდა, ოჯახისთავი მის მოსაგვარებლად ხელებდაკაპიწებული იწყებს შრომას.ასე რომ, თუკი ჩვენ ხელისუფლებას ვთხოვთ, ხალხს მიხედეო, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მეთაურია და ხელებდაკაპიწებულმა უნდა იშრომოს.

ჩვენო რედაქციავ, როცა ამ წერილს მესამე მასივიდან გწერთ, თან ვფიქრობთ, რომ სადაცაა, ჭერიდან ბათქაში დაიწყებს ჩამოცვენას და ჭერი თავზე დაგვეცემა. დაგვერწმუნეთ არ ვაზვიადებთ, - ხუთი თვეა ამ დღეში ვართ. საქმე  ის არის, რომ ჩვენი კორპუსი (თბილისი, მესამე მასივი, I კვ. კორპ.6) თვალსა და ხელს შუა ინგრევა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთმა მობინადრემ სადარბაზოს მეორე მხრიდან  საყრდენი კედელი გამოანგრია - ეზოში გასასვლელი აქედან უნდა გავიკეთოო. თავიდან ვერ მივუხვდით ჩანაფიქრს.  მერე კი, როცა სადარბაზომ დაშლა დაიწყო და  მობინადრეები კინაღამ მოიყოლა, ყველაფერს მივხვდით. ისიც გავაცნობიერეთ, თუ რატომ გაყიდა ხსენებულმა მობინადრემ ახალგარემონტებული ბინა, - ეტყობა, სხვებზე ადრე შენიშნა, კედლებიდან აგურების ცვენა, სართულების დაბზარვა და დაწევა. თვითონ თავს უშველა, ჩვენ კი საშინელ დღეში ჩაგვაგდო. სადარბაზო ისე დაირღვა, ისანი-სამგორის გამგეობის თანამშრომლები რომ მოვიდნენ, თვალებზე ხელები აიფარეს და სადარბაზოს მობინადრეებს უთხრეს, - დროებით გაგიყვანთ, ბინის ქირასაც გადაგიხდით, თუ აქედან არ გამოხვედით, ყველანი დაიხოცებითო. უმადურები არ ვართ, შეუძლებელია, ამ ხალხს ამისთვის მადლობა არ უთხრა, - უფროსებზე რომ არაფერი ვთქვათ, ბავშვები გადაარჩინეს სიკვდილს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამით მოსალოდნელ უბედურებას თავიდან ვერ ავიცილებთ. - უკვე დაშლილ პირველ სადარბაზოს მეორე მიჰყვება და ჩამოიშლება.

თუ მეორეც დაინგრა, მესამე მიჰყვება და ასე შემდეგ... თავად განსაჯეთ, რა დღეში ვართ. გამგეობაში გვეუბნებიან, - ვიცით, გვესმის ყველაფერი, მაგრამ კანონი ასეთია, კორპუსების გამაგრებაში აუცილებლად მოსახლეობის მონაწილეობაა საჭირო, - თქვენ უნდა მოძებნოთ კომპანია, რომელიც ხარჯთაღრიცხვას შეადგენს და კორპუსს გაამაგრებს. ამ თანხიდან ნაწილს თბილისის მერია დააფინანსებს, ნაწილი კი თქვენ უნდა გადაიხადოთო. ასეთი კომპანია მოვძებნეთ. გვიანგარიშა და თითო ოჯახს დაახლოებით 3.000 ლარის გადახდა გვიწევს. ჩვენი საქმე ისეა, ვაის გავეყარე და უის შევეყარეო, - ამდენი ფულის გადახდა რომ შეგვეძლოს, მერია კი არ შევაწუხებდით, აქამდე მივხედავდით თავს. იქნებ თქვენ მაინც გვიშუამდგომლოთ ისანი-სამგორის გამგეობასთან.

P.S. როცა ასეთ წერილებს კითხულობ, შიში გიპყრობს: სასწრაფოდ თუ არ იღონე რაიმე, რაღაც მოხდება ისეთი, სინდისზე რომ დაგაწვება. ამიტომ მაშინვე დავუკავშირდით ისანი-სამგორის გამგეობას და წერილი წავუკითხეთ. მათ კი გვიპასუხეს:

-  ვიცით, რომ ურთულესი მდგომარეობაა. ამას ისიც ემატება, რომ ყველაფერი წლის ბოლოს ხდება, როცა თანხები თითქმის ამოწურულია. მიუხედავად ამისა, ხალხი რომ არ დახოცილიყო, ერთი სადარბაზო გამოვიყვანეთ და ბინები ვუქირავეთ.

- სულ მოკლე ხანში მეორე სადარბაზოც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდება. მათ მერიის თანადაფინანსებაში მონაწილეობა არ შეუძლიათ, - უმეტესობა სოციალურად დაუცველი და დევნილია.

- საკვირველი ის არის, რომ ყველა ხელისუფლებას საყვედურობს, მაგრამ ჩვენს ხალხს თავადაც აკლია მოქალაქეობრივი შეგნება. ამის მეხუთედიც არ დაჯდება, თუ თანადაფინანსებაში კორპუსის ყველა მცხოვრები მიიღებს მონაწილეობას და თავიდან  არ აიცილებს პასუხისმგებლობას. მათი დაყოლიება კორპუსის ამხანაგობამ უნდა შეძლოს, სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს.

- მაგრამ თუ ხალხი დაიხოცა, მსგავსი მექანიზმების ძიება უკვე ვერაფერს უშველის.

- არ დაგიმალავთ და ამიტომაც  ვფიქრობთ ამ პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებზე. თუმცა ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა და როგორ გადაწყდება.