"გვპირდებიან, წელს თუ არა, გაისადო, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"გვპირდებიან, წელს თუ არა, გაისადო, მაგრამ..."

ამ წერილის ავტორთა სადარდელი ჩვენთვის არახალია. არახალია ისიც, რომ მავანმა, ვისაც ქვეყნის სადავეები ხელთ უპყრია, იმდენი ძალა ვერ თუ არ მოიკრიბა, წარსულს ჯეროვანი პატივი მიაგოს.ჩვენ ეს გვაშფოთებს, თუმცაღა ერთის იმედი გვაქვს: როცა ხალხში წარსულისადმი (თუნდაც უახლესი წარსულისადმი) პატივისცემა ცოცხლობს, ასეთი ხალხი ძლიერია და მომავალიც ექნება.

ამ წერილს ძველი თემქელები გწერთ: ვსხედვართ ჩვენი კორპუსების წინ გაშენებულ სკვერში და ვბჭობთ, - რამდენჯერ მივწერეთ ქალაქის მერიას, ათეული წლების წინ განადგურებული ჩვენი სკვერი, სადაც ბავშვები გამოგვყავს, როგორმე აღედგინა, მაგრამ საშველი არ დაგვაყენეს და ახლა მით უფრო აღარ მოგვაქცევენ ყურადღებას - წლის ბოლოაო, მაგრამ მაინც გწერთ, - იქნებ ვინმემ წაიკითხოს და მიხვდეს, რატომ გვტკივა გული, ჩვენი სკვერი ასეთ დღეში რომ არის.

30 წლის წინ ამ სკვერში ჩვენ თვალწინ დაიდგა ავღანეთში დაღუპული ბიჭების მემორიალი - ტკივილი, რომელიც მაშინ არა მხოლოდ ამ ბიჭების ახლობლებს, არამედ მთელ ქვეყანასაც გვჭირდა, ამ მემორიალში განსხეულდა. მას შემდეგ წელიწადი ისე არ გავა, ამ მემორიალთან ავღანეთში ნაბრძოლი ბიჭები, ახლა უკვე კაცები, არ მოვიდნენ და ქედი არ მოიხარონ. მათი შემხედვარენი ვფიქრობთ, - ავღანეთისთვის ჩვენი ბიჭების შეწირვის შემდეგ რამდენი რამ გამოვიარეთ, მაგრამ ის ტკივილი თურმე ჩვენს გულებში მაინც ცოცხლობს! რატომ, იცით?

ასეთი ავღანეთი ხომ ჩვენს ისტორიაში პირველი არ არის: ქართველები ხშირად უაზროდ ვეწირებოდით სხვათა ომებს, იმის გამო, რომ მრავალრიცხოვანი მტრისთვის ანგარიშის გაწევა გვიხდებოდა. ანუ ეს ჩვენი მარადიული ტკივილია და მით უფრო  ქედმოსახრელი. როცა ავღანეთში გადარჩენილი ბიჭები ამ მემორიალთან ქედმოხრილი დგანან,  დალეწილი სკამებისა და ნაგვის გამო ხშირად გვრცხვენია. ასეთია ჩვენს დროში მსხვერპლად მიტანილი ქართველების პატივისცემა?! აი, ამიტომაც და კიდევ ჩვენი შვილიშვილებისათვის მერიას კარი ავუტალახეთ - მოგვხედეო, მაგრამ მას, ვინც დიდი ხალისით ალამაზებს ყველაფერ იმას, რაც უნდა, ჩვენკენ არც გამოუხედავს. ეგ არის, ყველა შეტანილ განცხადებაზე გვპირდებიან, - წელს თუ არა, გაისად მოგხედავთო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ამ მემორიალს სათოფეზე გაურბიან, თორემ სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?

უმორჩილესად გთხოვთ ამ წერილის გამოქვეყნებას. იქნებ სასწაული მოხდეს და მოულოდნელად შედეგი გამოიღოს.

პატივისცემით, თემქელები