"ჩემო მამულო, გამიღე კარი..." - კვირის პალიტრა

"ჩემო მამულო, გამიღე კარი..."

არ არსებობს მკითხველის წერილი, რომელიც "პალიტრის ფოსტამ" ყურადღებით არ წაიკითხოს და რაიმე არ მოიმოქმედოს ავტორის დასახმარებლად. მაგრამ არის წერილები, რომლებიც განსაკუთრებით გვიყვარს და ველით. ეს ისეთი ბიჭების წერილებია, როგორიც მეცხრეკლასელი ირაკლი  ბოსტოღანაშვილია დედოფლისწყაროს სოფელ ჯაფარიძიდან.  წაიკითხეთ და მიხვდებით, რატომ გვიყვარს ასეთი წერილები. აქვე იმასაც დავძენთ, - ჩვენი ქვეყანა იმიტომ არსებობს, რომ ყოველთვის ჰყავდა ასეთი ბიჭები. მერე რა, რომ დრო იცვლება. სანამ ასეთ ბიჭებში სამშობლოს სიყვარული არ განელდება, მანამდე არაფერი გვიჭირს.

ძვირფასო რედაქციავ! მე ერთი სოფლელი ბიჭი ვარ და ჩემი სოფელი ისე მიყვარს, მგონია, ვერასოდეს შეველეოდი, რომ არა ერთი რამ, - აუცილებლად მინდა სკოლიდან პირდაპირ სამხედრო აკადემიაში ჩავაბარო და ისე ვისწავლო, მტერმა ხერხით  ვერ მაჯობოს, თორემ სიმრავლით ვიცი, ყოველთვის ჩვენზე მეტნი არიან და იქნებიან. ახლახან შევიტყვე, თავდაცვის სამინისტროს გაუხსნია გორში თანამედროვე სტანდარტების სამხედრო აკადემია. ისე გამიხარდა, პატარა ლექსიც კი დავწერე. მერე მშობლებსაც გამოვუცხადე ჩემი გადწყვეტილება. ჯერჯერობით არ მეწინააღმდეგებიან. რაც შეეხება ლექსს, ალბათ მაინც არ დამიბეჭდავთ, ამიტომაც მხოლოდ ბოლო სტროფს მოგწერთ - მე ძალიან მომწონს და თქვენი რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ამ სტროფშია ის, რასაც საერთოდ ვფიქრობ სამშობლოზე: "ჩემო მამულო, გამიღე კარი, შენს სამსხვერპლოზე მოვალ სიმღერით!"

აი, დავამთავრე წერილი. თქვენ გინდა გამოაქვეყნეთ და გინდა არა, მთავარია, მთელი ჩემი სიცოცხლის ნაფიქრალი მოგწერეთ.

პატივისცემით, ირაკლი ბოსტოღანაშვილი