"ტყე თუ გაგვინადგურდა, მერე ჩალის ფასი ექნება აქაურობას" - კვირის პალიტრა

"ტყე თუ გაგვინადგურდა, მერე ჩალის ფასი ექნება აქაურობას"

ჩვენო საყვარელო "პალიტრავ", თელეთიდან დიდი პატივისცემით მოგესალმებით. მთელმა საქართველომ იცის, რომ ჩვენი სოფელი განთქმულია კულტურის ძეგლებითა და ფიჭვნარის სუფთა ჰაერით და არა გვგონია, ჩვენი გასაჭირი გულს იქით დაიტოვოთ.საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი სოფლის აქამდე სასოებით შენახულ დაბურულ ფიჭვნარს მავნებელი ხელი მიადგა და ყოველ ღამე ფიჭვის მორებით დატვირთული მანქანები გამოდის ტყიდან. სად მიდის, ვერ გეტყვით და არც აქვს მნიშვნელობა, - თელეთის ფიჭვი სამასალედ არ გამოდგება, რომ ამისთვის ჭრიდნენ, დაწვავენ ალბათ. რაც ვერ გაიტანეს, ზოგ ადგილობრივ მოსახლესაც მისცეს, - მოიხმარეთო. მაგრამ ისე მოიხმარა ჩვენმა მტერმა,  ეს ხეები სოფელმა სასიკეთოდ ვერ გამოიყენოს.

KvirisPalitra.Geტყე თუ გაგვინადგურდა, მერე ჩალის ფასი ექნება აქაურობას. თითო ფიჭვს იმ დროშიც კი, როცა ახალ-ახალი ტყეები შენდებოდა, საარაკო ფასი ჰქონდა და ახლა თავად განსაჯეთ, როგორია ამ ტყის მნიშვნელობა, როცა ნერგის დამრგველი არავინ არის. თავზარდაცემულნი ვართ - ვერ გაგვირკვევია, რა ხდება ჩვენს თავს ან როგორ ხდება ასე, რომ თვალწინ გვაცლიან მთელ სიმდიდრეს. ერთი პირობა ვთქვით, როგორმე შევეწინააღმდეგოთო... მაგრამ გუმანით ვხვდებით, ამ საქმეში ისეთი ძალაა ჩარეული, რომელიც აღმართს ხნავს. არც დუმილი შეგვიძლია და ამიტომ გწერთ. ამოდით და თავად დარწმუნდით, მაშინ ეგებ იმას მიაწვდინოთ ხმა, რომელიც კიდევ უფრო მეტი ძალაა, ვიდრე ის, ჩვენს აღმართებს რომ ხნავს და მასზე შეფენილ ფიჭვნარს ძირფესვიანად ძირკვავს.

თელეთელები

მკითხველი დაგვემოწმება, რომ მსგავსი ამბების კომენტარი თუ სიტუაციაში გარკვევა არასოდეს დაგვიყოვნებია, მაგრამ ამ ძველი და ულამაზესი სოფლის ამბავმა ისე იმოქმედა, კარგად გათენებულიც არ იყო, რომ თელეთელების წერილი ავიღე და გზას გავუდექი. თანაც ვიფიქრე, - ეს სოფელი თბილისთან ისე ახლოს არის, რაც ხდება, მალე დავადგენ და უკანაც მალევე დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ რას დავბრუნდებოდი, ჯერ ერთი, ამხელა სოფლის გზაზე სახედრისა და ცუგოს გარდა, ამბის მთქმელი არავინ შემხვდა, ეტყობა ხალხი უკვე სამუშაოდ იყო გაკრეფილი; მეორეც - ტყისკენ რამდენიმე ახალგაყვანილი გზა მიდიოდა და არ ვიცოდი, რომელს დავდგომოდი. ამიტომაც გამვლელს დაველოდე და ხევში გადაყრილი ნაგვის გროვა გადავიღე. გამვლელიც მოვიდა, - რას იღებთ, სოფელში დასუფთავების მანქანა რომ დადიოდეს, არც ისეთი ბნელები ვართ, ხევი ნაგვით ამოვავსოთო. ისიც მითხრა, - თქვენ საითაც მიდიხართ, ისეთივე გასართობი ცენტრი მზადდება, როგორიც ბევრი აშენდა ჩვენში. იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს, სადაც გართობისთვის ამდენ სიკეთეს ანადგურებენო და ხელი ჩაიქნია. მერე გზაც მიმასწავლა, - მაღლობის წვერზე მუშაობენ ტრაქტორით, იქ ძირკვავენ ფიჭვებს, მაგრამ არ ვიცით, ამ დილით ვინმე დაგხვდებათ თუ არა, რამდენიმე დღეა, ღამით მუშაობენო.

KvirisPalitra.Geგავუყევი გზას. პირველად შემეშინდა კიდეც - ნეტა, მარტო საით მივდივარ-მეთქი. თუმცა, ტყის ფერდობი შუამდე ავიარე თუ არა, შიშიც დამავიწყდა და საკუთარი თავიც - იქ უკვე ჩანდა ვიღაცის უხეირო ხელი, ჯერ ერთი, გზის აქეთ-იქით ფიჭვნარის გამოკაფვა დაეწყოთ, მეორეც - ფიჭვნარი უკვე ჭრელი ლენტით მოენიშნათ და გზის აყოლებაზე საკომუნიკაციო თხრილის გათხრაც დაეწყოთ, - ალბათ ელექტრობოძების ჩასაყრელად. რაც უფრო მაღლა და მაღლა მივდიოდი, მით უფრო ლამაზდებოდა ხედი და სუფთავდებოდა ჰაერი. მალე თელეთის ულამაზესი ეკლესიაც გამოჩნდა. ფერდობის თავზე აღარავინ იყო, თუმცა გზისპირებზე გადაცვენილი ფესვებიანი ფიჭვები და ტექნიკისგან სრულიად მოსწორებული ადგილი დაეტოვებინათ. ტყისთვის კი კარგა გვარიანი ნაწილი ჩამოეჭრათ, ერთგან უზარმაზარი თხრილისთვის ფიჭვის ტოტები გადაეფარებინათ.  ამ სურათისაგან გულშეღონებული უკან გამოვბრუნდი. ნუთუ ჩვენი პირადი კეთილდღეობა ბევრად მეტი ღირს, ვიდრე ჩვენი მომავალი?!

რაც ახლა მოგახსენეთ, მართალია, ხალხისგან დამალულად ხდება, მაგრამ შეუძლებელია, არ იცოდნენ, სადაც ჯერ არს, - ასეთი საკითხები მთავრობის ჩაურევლად არ წყდება. როგორც იტყვიან, "ყველა გზა რომში მიდის". ამაზე კი ჩემდა უნებურად "მონანიებაში" ვერიკო ანჯაფარიძის გმირი გამახსენდა, გაკვირვებული რომ კითხულობს, - რად გვინდა ის გზა, რომელიც ტაძართან არ მიდისო?!