"გაგიკვირდებათ და, აქაც შეიძლება სითბო იპოვო" - კვირის პალიტრა

"გაგიკვირდებათ და, აქაც შეიძლება სითბო იპოვო"

თუ ხშირად ნაკლოვანებებზე ვწერთ, მხოლოდ იმიტომ, რომ გვირჩევნია, მოყვარეს პირში ვუძრახოთ. ასე რატომ უნდა გვერჩიოს, ერის კეთილდღეობაზე მოფიქრალმა ქართველმა იცის. ცხადია, კარგსაც ვხედავთ და ქუთაისიდან გამოგზავნილი ეს წერილიც სიამოვნებით წავიკითხეთ.

ჩემო მართლაც საყვარელო რედაქციავ! პირველ რიგში მადლობა უნდა გადაგიხადოთ, რომ როგორც მრავლისთვის,  ჩემთვისაც გადაგიტანინებიათ მძიმე დღეები. განსაკუთრებით იმ ხნიდან, რაც, სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიეთ, ციხეში მოვხვდი. 2009 წლის მაისიდან ქუთაისის #2 დაწესებულებაში ვიხდი სასჯელს. შეიძლება კაცი არ ელოდებოდეს, მაგრამ თურმე ასეთ ადგილებშიც არიან კარგი ადამიანები, აქაც არის სითბო და ადამიანის სიყვარული. გეფიცებით, გულწრფელი ვარ, ეს არ არის რომელიმე პატიმრის სამადლობელი წერილი, იმედია იმისა, რომ კარგი ადამიანი შეიძლება ყველგან დაგხვდეს, ხელი გამოგიწოდოს და გზაზე დაგაყენოს. ამას რომ ვამბობ, სხვებთან ერთად უპირველესად აქაურ ექიმებსა და ექთანებს ვგულისხმობ. ალბათ თქვენც ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღები" გაგახსენდებათ, მაგრამ რა ვქნა, თუ მართლა ასეა. ეს ხალხი ისე ადამიანურად გვიდგას გვერდით პატიმრებს, ცხოვრება ისეთი ძნელი აღარ გვეჩვენება... როგორც "თეთრ ბაირაღებშია", ლექსებს თუ ვუკითხავთ? შეიძლება ასეც იყოს, ოღონდ გულში. თუმცა პოეზია დაწესებულების დირექტორთან მადლობის სათქმელად არ გამოგვადგება, კაცია და იმიტომ. და როცა ციხის კედლებში შეიძლება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიც დაგვიდგეს, ყოველთვის გვახსოვს, რომ ეს კაცი ჩვენ ზურგს უკან დგას.

სხვა რა მოგწეროთ ციხიდან. ვიტოვებ იმედს, რომ ამ წერილს დამიბეჭდავთ, თუნდაც იმიტომ, რომ თვით გზასაცდენილ ხალხსაც ჰქონდეთ იმის იმედი, რომ ერთხელაც ვინმე თბილ გულს აჩვენებს და დაუმტკიცებს, რომ ცხოვრება მხოლოდ სიძულვილით როდია სავსე. ეს კი, ჩვენ, აქ, ციხის კედლებში ძალიან გვჭირდება.

მსჯავრდადებული ზურა ბიწაძე