"ასე რატომ დავამცირეთ მასწავლებელი?!" - კვირის პალიტრა

"ასე რატომ დავამცირეთ მასწავლებელი?!"

ჩემო ჰორაციუს, ამქვეყნად ბევრი რამ არის ისეთი, რაც ბრძენ ფილოსოფოსებს აზრადაც არ მოუვათ, - ჰამლეტის ამ ნათქვამის მოხმობა საკითხის გამო დაგვჭირდა, რაც დიდი ხანია, სადავოა.მაგრამ სწორედ ამიტომაც მოვიხმეთ, - რეალობა ერთია და რეალობის შედეგი - მეორე, როცა საქმე მომავალი თაობის გზაზე დაყენებას ეხება, ალბათ ზოგიერთი ისეთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რაც კანონმდებლებს შეიძლება აზრად არ მოუვიდეს, მაგრამ დროისაგან გამოცდილი და დადასტურებულია. ბატონი ავთანდილ ქურხულიც ამაზე გვწერს.

ჩემო "კვირისპალიტრელებო", რაც თქვენთვის გულისტკივილი და საწუხარი მოუწერიათ, ალბათ მტკვარიც ვერ გადარეცხავდა და არც თქვენთვის უნდა იყოს იოლი ამდენ პრობლემაზე ჩაფიქრება. თუმცა რას იზამთ, სწორედ ამიტომ გვეიმედებით და მოგმართავთ, როცა ერთმანეთისთვის რაიმის გაგებინება გვინდა. მეც სათქმელმა ისე შემაწუხა, რომ მოგწერეთ - საქმე მასწავლებლებს ეხება, ხალხს, რომელსაც ჩვენი მომავალი აბარია და მრავალი დაპირების მიუხედავად, ფუტკარივით შრომისთვის ჯერჯერობით საკადრისად მიგება არ ღირსებიათ. ბოლო ხანს ბავშვებისაგან მასწავლებლების დამცირების არაერთ ფაქტს ვაწყდები, რაც საზოგადოებისა და, უპირველესად, სახელმწიფოს ბრალია. ამას წინათ ძალიან აღმაშფოთა ერთ გაზეთში გამოქვეყნებულმა ერთ-ერთი სკოლის დირექტორის განცხადებამ, - ესა და ეს პედაგოგი სკოლიდან იმიტომ გავაგდე, ყოველდღე ბავშვები ,,მანდრაჟში რომ ჰყავდაო"... არადა, ეს ქალბატონი თავს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს უწოდებს. ხომ კარგი მიზეზი ჰქონია პატივცემულ დოქტორს? ნეტავი იმაში მაინც თუ ერკვევა, რას ნიშნავს "ბავშვების მანდრაჟში ჩაყენება"? იმას ხომ არა, რომ მასწავლებელი ჯიუტად ცდილობს, გაკვეთილზე ბავშვი ისე წესიერად იჯდეს, რომ რაიმე მოისმინოს და ისწავლოს? თუ, სამწუხაროდ, საქმე იქითკენ მიდის, რომ ჩვენში ვიღაცას მართლაც აღარ უნდა, განათლებული თაობა მოვიდეს და საგანგებოდ ცდილობს, ბავშვები თავაშვებულობას, უფროსების მიმართ უპატივცემულობას (ამ შემთხვევაში - მასწავლებლის) სკოლიდანვე მიაჩვიოს? ამას ხელი იმ კანონმაც შეუწყო, რომლის მიხედვით, მასწავლებელს სკოლიდან ბავშვის ხელის შეხებისთვის ათავისუფლებენ. მოდი და გაარჩიე, რას ნიშნავს ეს "ხელის შეხება"?

თუ, ვთქვათ, გათავხედებული ბავშვი გაკვეთილზე მასწავლებლისკენ ან რომელიმე ბავშვისკენ გასალახავად მიიწევს, ან მერხებზე დარბის, მასწავლებელი მანდატურის მოსვლამდე ცხვარივით უნდა დადგეს?! სწორედ ამას ჰქვია დათვური სამსახური მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიმართ (ვინაიდან ამ გამოთქმის არსი ბევრს დაავიწყდა, აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას: კაცმა თავის დათვს მომსახურება ასწავლა - როდესაც კაცი ხის ქვეშ იწვა, დათვი ტოტით ბუზებს უგერიებდა. ერთხელ დაქანცულმა კაცმა ცული მიაგდო და დაიძინა. დათვმა დაინახა, კაცს სახეზე ბუზები ესხდნენ, მიიხედ-მოიხედა, ხის ტოტი ვერ ნახა და კაცს ბუზების მოსაგერიებლად იქვე დადებული ცული დასცხო!). საქმე ის არის, რომ 90-იან წლებამდე მოსწავლეს მასწავლებლის რიდი და პატივისცემა ჰქონდა  და ამისთვის სულაც არ იყო საჭირო (თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა) მანდატური შემოეყვანა სკოლაში. მშობელი კი მასწავლებელს გულწრფელად სთხოვდა, - ჩემი შვილი შენ გყავს ჩაბარებული და რაც შეიძლება მკაცრად და სამართლიანად მოექეციო.

არავინ იფიქროს, სკოლაში ბავშვის ცემას ვამართლებ, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მოზარდის სადავეების ხელიდან გაშვება დანაშაულია მოზარდის მომავლისთვის. მან უნდა იცოდეს, რომ მის თავხედობას აუცილებლად პირველ რიგში მასწავლებელი მიაგებს პასუხს და მერე სხვა ყველა. თორემ რა მივიღეთ დღეს? დამცირებული მასწავლებლები, რომელსაც მოსწავლე, როგორც უნდა, ისე მოექცევა. ბიბლია გვეუბნება, - ვისაც შვილი უყვარს, მის გაწკეპვლას მოუხშირებს, რომ მისით გაიხაროს, დავით გურამიშვილი კი გვმოძღვრავს: "ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი, მალ გამრთელდების უწამლოდ მისი წყლულების ტკივილი" და, - ხალხური სიბრძნე: შვილი მტრულად გაზარდე და მოყვრულად გამოგადგებაო.