მე და ჩემი თურქი"დედამთილი" აიშე - კვირის პალიტრა

მე და ჩემი თურქი"დედამთილი" აიშე

"ეგ მითხარით მხოლოდ, თუ აყვავდა ჩემი ქრიზანთემები?"

ის გოგო პალმის ჩრდილში იდგა, რაღაც ფურცლებს დაჰყურებდა და ეტყობოდა, აზლუქუნებას აღარაფერი აკლდა...

- არა, ეს შეყვარებულის წერილები არ არის. დღეს ამდენს ვინღა წვალობს სიყვარულისთვის?.. ეს დედაჩემის წერილებია. თურქეთშია გადახვეწილი, შვილებს ლუკმაპურის ფული რომ გამოგვიგზავნოს, გვნატრობს, ვნატრობთ და რადგან ტელეფონში ტირილის გარდა ვერაფერს ახერხებს, წერილებს გვიგზავნის - აი, ეს მითხრა იმ გოგომ გაცნობის შემდეგ და დედის რამდენიმე წერილიც გადმომცა ერთი პირობით: - თუ ვინმეს აინტერესებს, რას იწერება თურქეთში გადახიზნული ქართველი ქალი, წააკითხეთ, ოღონდ სახელსა და გვარს ნუ დაწერთ, თორემ დეპორტაცია (უცხო ქვეყნიდან გამოძევება) არ ასცდებაო!

ასე რომ, გთავაზობთ ქართველი ქალის თურქეთიდან მოწერილ რამდენიმე წერილს...

"ვერ მივუსწარი მზეს"

"ნუ მდარდობთ. ოღონდ ეცადეთ, ასეთი მონატრებისთვის აღარ გავიმეტოთ ქართველებმა ერთმანეთი... ახლა ალიონი დააბიჯებს სტამბოლის ქუჩებში. ვზივარ მზემომდგარ სარკმელთან და ვფიქრობ. სამი წელია, არ მინახავხართ. ასე მგონია, საუკუნე გავიდა. ვნატრობ დალაგებულ ქვეყანას, აჟივჟივებულ სოფელს, გადაძახილ-გადმოძახილებით გაყრუებულ ორღობეებს, ხალხშესეულ მანდარინებს... ქართველი უცხო მხარეში ვერ იდგამს ფესვებს, ვერ ისვენებს... ასე ვარ მეც, მენატრებით სიზმარშიც...

წავედი. გეიღვიძებს სადაცაა ჩემი აიშე და საუზმე საწოლში უნდა მივართვა. თქვენ რომ გაგიხსენოთ, ცრემლი მომადგება, ის კიდევ ღიმილს მოითხოვს ჩემგან".

აიშე

"დღესაც დილაადრიან ავდექი, მაგრამ აიშე სამზარეულოში დამხვდა, უკვე მერამდენედ მომიყვა თავისი მძიმე ბავშვობის ამბებს, მოტაცებული ახალგაზრდობაც გაიხსენა, ქმარიც გამოიტირა ფინჯან ყავასთან და ბოლოს ისევ საყვარელ მაკიაჟსა და ტანსაცმლის მაღაზიებზე ალაპარაკდა. რამდენი სიარული შეუძლია, მაგი კი არა, მგონი, მე ვარ 80 წლის.

ამას წინათ, არ იცით, როგორ გადამრია აიშემ? - ქართველებს მწერლები და პოეტებიც თუ გყავთო, მკითხა. იმდენი ვუკითხე თურქულად ქართული ბრძნული აზრები, როგორც იქნა, დავაჯერე ჩვენს ნიჭიერებაში და მეც კინაღამ გავხდი თარჯიმანი. აიშე ამბობს, - თქვენსავით, ალბათ, არავის უყვარს საქართველოო, მარა ხანდახან ისე იგუდება სიცილით, ვეღარ ვაჩერებ. ეს მაშინ ხდება, ქართულ ტელეარხებს როცა ვუყურებთ და ვხედავთ, როგორ წეწავენ ერთმანეთს ჩვენი პოლიტიკოსები. მეც გულზე ვსკდები, ამდენ ხანს რომ ვერ დაგვადგა საშველი, მარა ხომ არ ვიტყვი.

აიშე გიტარაზეც უკრავს. ჰოდა, ვასწავლე ერთი ქართული სიმღერა. ძალიან მოეწონა, დავსხდებით საღამოობთ ერთად და ვმღერით - "ყვავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე"...

"აქ ყველგან საქართველოა!"

იცით, აქ კიდევ რამდენი ქართველი ეძებს სამუშაოს? ქართველების ბირჟაზე, სადაც ქართველი მუშები დგანან სამუშაოს მოლოდინში, გუშინწინ, ბაზრიდან რომ ვბრუნდებოდი, ორი ქართველი კაცი ვნახე. ჩაი უკრეფიათ 10 დღე, მაგრამ ფული არ მიუცია დამქირავებელს.  ჰოდა, აჯანყებულან ჩვენი ბიჭები, - რას ჰქვია, ნაოფლარს გვიკარგავთო. დამქირავებელს კი უთქვამს, - თუ არ მოცოცხავთ აქედან, პოლიციას გამოვიძახებ, ტურისტებს ჩაის პლანტაციაში რა გესაქმებოდათო. თქვენც კარგად იცით, ჩვენ, თურქეთს გადმოხვეწილი ქართველები, "ტურისტები" რომ ვართ...

ავტეხე ამას წინათ აიშე, - წავიდეთ, ტაო-კლარჯეთი მოვინახულოთ, ნახე, ქართველებს რა სალოცავები გვაქვს-მეთქი. წავედით... ისეთი სილამაზე ვნახე და ისე მომერია სევდა, ცრემლი ვერ მოვიშორე თვალიდან. ხავსი მოსდებია ჩვენს სალოცავებს, ბევრგან სადაცაა გუმბათები ჩამოიქცევა, ზოგან - მეჩეთი გახსნილა. აიშე დაეჭვდა, ეგ სალოცავები ნამდვილად თქვენი იყოო?.. მერე ქართველებსაც გამოველაპარაკე. ახალგაზრდებმა აღარ იციან ქართული, ძველები ვერ ღალატობენ მშობლიურს, საქართველოსაც ნატრობენ და "დედაენასაც".

ტაძრის ეზოში ახალგაცნობილმა ქართველმა მისაყვედურა, - თქვენ მიგვატოვეთ და დაგვივიწყეთ, თორემ ჩვენ ისევ ვიცით, მზე რომ ზღვაში ჩადის, იქაა ჩვენი მიწაო. მერე წარსულის ფესვებსაც გავუყევით და ნათესავი არ აღმოჩნდა?

რა უცნაური ხალხი ხართ, სად გამოძებნეთ ერთმანეთიო, - გაიკვირვა აიშემ და ძლივს მოახერხა ჩემი უკან დაბრუნება".

"ხომ არ გახდიან კაბას ნანულის?"

"რაფერ ხართ, შვილებო, მონატრებულო დედამთილო, საყვარელო მეუღლევ? აიღეთ, ალბათ, უკვე მოსავალი, გიხარიათ თუ კიდევ წუწუნებთ, რამ ააყვავა აი დასაწვავი მანდარინები, რა მოკრეფს და გადაყრისო?

რომ ამოგიჩემებია, ჩემო ქალიშვილო, უმაღლესი განათლება მინდაო, სად აპირებ დასაქმებას? რაცხას მე ვხედავ, მთელი ქართული პრაფესურა ჩემ გვერდითაა, თურქ მოხუცებს უვლიან და დიპლომი ვინმეს არ მუუთხოვია ჯერ მაგინიზა. ანდა რათ უნდა დიპლომი დილაადრიან ადგომას, ლამაზი სახლის მილაგებ-მოლაგებას, სადილ-ვახშმის გაკეთებას?.. ვიცი, ბოლო ზარი გაქვს და კაბასაც დაგპირდი, მარა აღარ გახსოვს, შარშან რაფერ ყიამეთად გადმევიპარე საზღვარზე? რომ ჩამოვიდე, უკან ვეღარ დავბრუნდები. მერე რით ვაპირებთ ცხოვრებას? ამიტომ ჩვენი მეზობლის ქალს, ნანულის გამოვატან ტანსაცმელს. მხოლოდ მაგი ახერხებს ქართული განბაჟების გამკაცრების თავიდან აცილებასაც: ჩეიცვამს ერთიანად რამდენიმე წყებად ტანსაცმელს და ამფრათ აბეჩებს საბაჟოს კაცებს.

ქალბატონო, ამ პაპანაქებაში ამდენი კაბის ერთად ჩაცმა დანაშაულიაო, კი უთქვამთ შეფარვით ნანულისთვის, მარა მართლა ხომ არ გახდიდენ ტანსაცმელს სახალხოდ?

ისე, რა სახსენებელია და, გახდილი ქართველი ქალები რამდენიც გინდა, იმდენია ჩემს ქალაქში. თავიდან რომ ვუმტკიცებდი ჩემს "თურქ დედამთილს", ანუ აიშეს, ქართველი ქალის პატიოსნება საქვეყნოდ ცნობილია-მეთქი, გემიყვანა მთავარ მოედანზე და მითხრა, აგერ შენი პატიოსნებაო".

"მე დავბრუნდები!"

"ხანდახან მე და აიშე ზღვას ვსტუმრობთ. აქეთ მე ვარ, იქით - თქვენ! ამ დროს მინდა გამომებას ფრთები და გადმოგხედოთ... ცოტას კიდევ მოვეფერები აიშეს, ფულსაც დავაგროვებ სულის გასატანს და დავბრუნდები! დავბრუნდები და ვნახავ ერთი: შემოდგომას თუ მიესალმნენ ჩემი ეზოს ქრიზანთემები. ახლაა მაგათი ყვავილობის დრო, ახლა უნდა გააკვირვონ შემოდგომა თეთრი, მხიარული ცრემლებით...

ჰოდა, როცა დაგირეკავთ, ეგ მითხარით მხოლოდ, თუ აყვავდა ჩემი ქრიზანთემები!"