"სხვა თუ არაფერი, ისტორიული ძეგლი ხომ ნადგურდება!" - კვირის პალიტრა

"სხვა თუ არაფერი, ისტორიული ძეგლი ხომ ნადგურდება!"

ქვემოთ მოთხრობილი ამბავი იმ იშვიათთაგანია, როცა ხალხი ამტკიცებს, რომ ერთიანი ძალით ყველაფერს მოერევა. ასეთი რამ ბოლო წლებში, სამწუხაროდ, ერთადერთხელ მოხდა ჩვენს ქვეყანაში თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან დაკავშირებით. როცა ხელისუფლებამ მოინდომა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან ბავშვები სხვაგან გადაეყვანა, არათუ დედაქალაქმა, რეგიონებმაც ამოიღეს ხმა და ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეაცვლევინეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ეს მარცხი დღემდე ახსოვს - ამ წერილში მონათხრობი ამბავი უეჭველად ამაზე მიგვითითებს. და... კიდევ ჩვენი საზოგადოების ნაკლზეც.

ძვირფასო "კვირის პალიტრავ". ჩვენი წერილი ისეთ ცხელ გულზეა დაწერილი, რაც ჩვეულებრივ მოსდევს ხოლმე გადაწყვეტილებას, - ასე ყოფნა აღარ შეიძლება, ხმა უნდა ამოვიღოთო. ჩვენც ვიღებთ. შვილები მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლში მოვიყვანეთ, ჩვენ კი ფანჯრის რაფასთან მოვიყარეთ თავი და წერილს გწერთ. თქვენი რედაქციიდანაც ბევრი იქნება ამ სახლის აღზრდილი, ამიტომ ნუ დაახანებთ და შემოიარეთ, რომ ნახოთ, აქაურობა რა დღეშია. შეიძლება ზოგი ადგილის დანახვისას თვალებზე ხელიც კი აიფაროთ. ჩამონგრეულ-ჩამოწეწილია  მთავარი დარბაზები, დერეფნები, გასახდელები და სხვა. კაბინეტებზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით: პედაგოგებს, მწირი ბიუჯეტით თუ თავიანთი საცოდავი ხელფასით, როგორღაც მოუხერხებიათ მათი და მთავარი შემოსასვლელის შელამაზება, მაგრამ აქაური ბიუჯეტი, ცხადია, სხვას ვერაფერს გასწვდებოდა და ამიტომაც არის დაწყებული აქაურობის განადგურება. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ: ცეკვის დარბაზი, გასახდელები, სათადარიგო შესასვლელები, კედლები, ტუალეტები... ძალიან გვტკივა აქაურობა - ეს მარტო დედაქალაქის კი არა, მთელი ქვეყნის საკუთრებაა მოსწავლეთა რეგიონული კონფერენციებისთვის, მაგრამ ჩვენი - მით უფრო, რადგან აქ გაზრდილები ვართ. დაგვერწმუნეთ, ის სულიერება, რაც ამ სახლში ათეული წლების განმავლობაში ტრიალებდა, ისევ აქ არის, თანაც მაშინ, როცა პედაგოგების ხელფასს მიზერულიც აღარ ჰქვია.

თავის დროზე, როდესაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაუქმება სურდათ, ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. წლების შემდეგ კი ვხედავთ, რომ ეს მარცხი ხელისუფლებას არ დავიწყებია. აბა, სხვა რა ვუწოდოთ იმას, რომ წლებია, სასწავლო დაწესებულებებს არემონტებენ, ის კი "გამორჩათ მხედველობიდან", სხვა თუ არაფერი, ისტორიული ძეგლი ხომ ნადგურდება! მოსწავლე-ახალგაზრდობის დირექციას, სხვა გზა რომ აღარ დარჩენია, ისევ ბავშვებს სთხოვს, - ბავშვებო, აქაურობა თქვენია, გაუფრთხილდით, თქვენ გარდა, აქ სხვა თაობებმაც უნდა ისწავლონო. ასეთი მოწოდებები მთელ სახლშია გამოკრული. ეს კარგია, - ბავშვებმა ყველაფრის მოფრთხილება უნდა ისწავლონ, უპირველესად კი საკუთარი ქვეყნისა, მაგრამ მას სერიოზული რემონტი სჭირდება და დაწყებულ ნგრევას ბავშვები ვერ შეაჩერებენ.

მთელ მსოფლიოში ასეა - სახელმწიფო სასკოლო დაწესებულებებს სახელმწიფო პატრონობს. ასე უნდა იყოს ჩვენთანაც. იმის იმედი კი, ოდესმე მოსწავლეთა სახლს კერძო ინვესტორი იყიდის და მიხედავსო, ჩვენს ხელისუფლებას ტყუილად ნუ ექნება. ამ სახლს არც აქ აღზრდილები და არც ქვეყანა არასოდეს არავის დაუთმობს. ამ წერილსაც ამიტომ გიგზავნით. თუ ხალხი გვერდით დაგვიდგება, ხელისუფლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ისევ "დაინახავს" და მიხედავს.