"რომ იცოდეთ, როგორი ბიჭები გვყავს სოფელში" - კვირის პალიტრა

"რომ იცოდეთ, როგორი ბიჭები გვყავს სოფელში"

უფროსი თაობა ახალგაზრდებს ყოველთვის საყვედურობს, - ვერ გაიგებ, როგორი ახალგაზრდობა მოვიდა, ჩვენ ასეთები არ ვიყავითო. ანუ უკეთესები ვიყავითო. მაგრამ გამგები ყველაფერს გაიგებს, თუ გაგება მოუნდება და გვერდზეც მიიხედ-მოიხედავს. ახლაც "გვერდით" მივიხედოთ, თუნდაც მცხეთისკენ და ვნახოთ, რას გვწერენ სოფელ არაშენდიდან.

"არაშენდიდან გწერთ. ეს სახელი ისტორიიდან შემოგვრჩა, თორემ ჩვენს სოფელს აუშენებლობისა არაფერი ეტყობა. ეს, რაც უნდა გაგიკვირდეთ, ჩვენი სოფლის დამსახურებაც არის და რაც ყველაზე კარგია, ახალგაზრდობისაც. ჩვენთან ბევრია ისეთი, ვინც არც ძალას იშურებს და არც სიყვარულს, რომ სოფელი ფეხზე დადგეს. ჩვენი სოფლის მთავარი ღირსება ახალგაზრდობაა, მართლა ძალიან კარგი გოგოები და ბიჭები გვყავს - სოფლისთვის შრომა რომ არ ეზარებათ. იმის თქმა არ მინდა, რომ ჩვენთან არ არიან ტყუილად ორღობეში დგომის მოყვარენი, მაგრამ საბედნიეროდ, ისინი თითზე ჩამოსათვლელნი არიან. სოფელს სასმელი წყალი უჭირდა, ხალხი ძალიან წვალობდა. იცადეს, იცადეს ბიჭებმა და ხელისუფლებამ რომ ვერაფერი გაგვიკეთა, უფროს თაობას დაელაპარაკნენ, - ნუთუ არ შეიძლება წყალი თვითონ გამოვიყვანოთო. იმათაც, - რატომაც არა, ოღონდ დიდი შრომა უნდაო. ბიჭებმაც ხელები დაიკაპიწეს და ახლა უკვე წყალი გვაქვს. მალე სოფლის შუაგულშიც აპირებენ წყაროს გაკეთებას - ახალგარდაცვლილი თანასოფლელი ბიჭების სახელზე.

ქალაქებში ხომ აქვთ ბავშვებს გასართობი ადგილები, სოფელში რატომ არ უნდა გვქონდესო და სოფლის შუაგულში ადგილი შემოღობეს, საქანელები ჩამოაბეს, სათამაშოები ააწყვეს და ახლა მთელი საღამოები იქიდან ბავშვების ჟივილ-ხივილი ისმის. ახლა კიდევ რას აპირებენ ბიჭები? სოფელში გაუქმებული სკოლის შენობა დგას და მისი მოწყობა უნდათ. სოფელს სპორტული დარბაზი ხომ უნდა ჰქონდეს, როცა დასჭირდება.

ხომ კარგი ბიჭები და გოგოები გვყოლია?!

არაშენდელი ციური მიქელაძე

P.S.  ნეტავი, მათი "სენი" მთელი ქვეყნის ახალგაზრდობას გადაედოს. არაშენდას გამგებელსაც ვკითხეთ, - რას იტყვით, თქვენი სოფლის ახალგაზრდებზეო. სიტყვის დასრულება არ დაგვაცალა, - მართლა კარგები არიან, სოფელი ძალიან ემადლიერებაო.