"შემოდგომის ყვავილებს..." - კვირის პალიტრა

"შემოდგომის ყვავილებს..."

ანუ როგორ იწერებოდა საყვარელი მელოდიები

ისტორიას ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც მუდამ გვახსოვს. ასეთი იყო კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე. მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ამიტომაც ჩვენ მის შესახებ ყველაფერი გვეძვირფასება, მათ შორის, ასოცირებული პროფესორის, ეთერ წეროძის წერილიც, რომელიც ბიძინა კვერნაძეზე გამოცემული წიგნის ავტორია. ქალბატონმა ეთერ წეროძემ კომპოზიტორთან უკანასკნელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ლაპარაკია ორ ძალზე პოპულარულ სიმღერაზე - "შემოდგომის ყვავილებს" და "ასეთია ქურდი კაცის ბედი"...

ხომ დაგვეთანხმებით, რომ ამ სიმღერებს საქართველოში დიდი და პატარა მღერის და ისევ იმღერებს? აი ეს ინტერვიუც:

- ბატონო ბიძინა, თქვენ ჩვენი ქვეყნის საყვარელი კოპოზიტორი ხართ და ამისთვის, მადლობა ქართულ კინოსა და თეატრს, რომელმაც თქვენი შემოქმედება გაამდიდრა... ოდესღაც კინოსთვის დაიწერა თქვენი პოპულარული "ასეთია ქურდი კაცის ბედი", რომელიც "შავმა სამყარომ" მაშინ ლამის საკუთარ თავზე დაწერილ სიმღერად გამოაცხადა...

KvirisPalitra.Ge- ეს შავი სამყაროსთვის კი არა, ქართული კინოსთვის დაწერილი სიმღერაა. ათეული წლების წინ ძალზე ნიჭიერი რეჟისორი ლევან ხოტივარი იღებდა ფილმ "განაჩენს", სადაც ასევე ძალზე ნიჭიერი მსახიობები თამაშობდნენ, მათ შორის დუდუხანა წეროძე და გიორგი შავგულიძე, რომლის გმირს საინჟინრო საქმეში დაშვებული საბედისწერო შეცდომისთვის ციხეში სვამენ. აი, ასეთმა დრამატურგიამ მოითხოვა ამ სიმღერის დაწერა და მეც ვიმუშავე. ტექსტი პეტრე გრუზინსკიმ დაწერა, ბანის პარტია კი აწ გარდაცვლილმა მსახიობმა ირაკლი უჩანეიშვილმა შეასრულა დიდებულად. ჰოდა, რაც გამოვიდა, ის გამოვიდა. ერთი წლის შემდეგ კი, 1965 წელს, ამ ფილმის ლირიკული მუსიკა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგმულ "ქორეოგრაფიულ ნოველებში" შევიტანე. ეს იყო და ეს.

- თუ გია ყანჩელს დავესესხებით, "დათა თუთაშხიასაც" თქვენი ღვთაებრივი მუსიკა ამშვენებს. ეს მუსიკაც მერე ოპერაში  გაისმა. როცა "შემოდგომის ყვავილებს" ფილმის გმირი, ქალბატონი ნანო მღერის (ახმოვანებს ნანი ბრეგვაძე. - ავტ.), განუმეორებელი განწყობა ჩნდება.

- ეს სიმღერა მივუძღვენი ჩემს ცოლს, ნუგეშა მესხს, მისთვის დავწერე და პირველად მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში აჟღერდა. მერე ცოტა სახეშეცვლილი შევიდა "დათა თუთაშხიაში". მოეწონათ ალბათ. და იცით... იყო წლები, ალბათ, მთელი გასული საუკუნე, როცა კინოსა და თეატრისთვის შექმნილი სიმღერები სცილდებოდა კინოსა და თეატრს და გადიოდა ხალხში. მთელი  ჩემი შემოქმედებაც თეატრსა და კინოზეა დაფუძნებული.

...და ქალბატონმა ეთერმა ფოტოებიც გამოგვიგზავნა - "განაჩენიდანაც" და კომპოზიტორთან უკანასკნელი ინტერვიუსიც. სიამოვნებით ვბეჭდავთ მათ და ვისურვებდით, ბევრი გვყოლოდეს ისეთი ჭეშმარიტი ხელოვანი, როგორიც ბიძინა კვერნაძე იყო და ხელოვნების ისეთი ჭეშმარიტი დამფასებელიც, როგორიც ამ წერილის ავტორი ქალბატონი ეთერ წეროძეა.