ამაზრზენი ნეოკომები და მათი კორპორაციული ზნეობა - კვირის პალიტრა

ამაზრზენი ნეოკომები და მათი კორპორაციული ზნეობა

,,ძალაუფლება რყვნის. აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად""

ლორდ ექტონი

,,ჩვენი გოგო-ბიჭები, რომელთა ასაკი ჯერ ათ-თორმეტ წელს არ გადაცდენია და რომლებიც ისეთები არიან, აშკარად უკეთეს მშობლებსა და უკეთეს სამშობლოს იმსახურებენ, ოცი-ოცდახუთი წლის შემდეგ ქვეყნის ბატონ-პატრონები უნდა გახდნენ. უკანასკნელ ხანებში ჩვენ პირდაპირ ენადა ვართ გაკრეფილები და ლაპარაკის ნამდვილი ზღვა დავაყენეთ, რომელსაც ეს ჩვენი ინტერვიუ კიდევ რამდენიმე წვეთით აადიდებს. მაგრამ რა გავაკეთოთ? პრაქტიკულად რა ვიღონოთ, რომ ქვეყნის ეს ბატონ-პატრონები ღირსეული ბატონ-პატრონები გამოდგნენ, განათლებულები, გონიერები, ზრდილები, მშრომელები, პროფესიონალები, ქვეყნის პატრიოტები და მოჭირნახულენი, ღვთისმოსავები, პატიოსნები, კაცთმოყვარეები, ამაყები და თავისუფლები? მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. თქვენ თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, მიპასუხეთ, თუ არა და, მოდით, ერთად ვკითხოთ სხვებს - იქნებ ვინმემ იცოდეს პასუხი..."" იკითხა, ქეთევან სადღობელაშვილისთვის მიცემულ ცნობილ ინტერვიუში, გამოჩენილმა მწერალმა ჯემალ ქარჩხაძემ 1989 წლის 7 ივლისს, ანუ ზუსტად 24 წლის წინათ.

,,რა ვქნა, ბატონო, სამსახური მაქვს პროჭული და მეც პროჭივით ვიქცევი"", უთხრა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ - პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ცნობილ მშენებელს მიხეილ ოსაძეს. (ჯემალ ქარჩხაძის ინტერვიუს დროს გილაური 14 წლისა იყო, 2004 წლის თებერვალში, 29 წლის ასაკში ის ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა, ოსაძესთან გულახდილი საუბრისას კი უკვე ფინანსთა მინისტრად მუშაობდა).

,,მოკლედ, რუსებმა სამი ბომბი ჩამოაგდეს, მოვლენები ერედვში სოფლის ცენტრში ხდებოდა, სადაც 2000 ჯარისკაცი, 800 რეზერვისტი და 300 გაწვრთნილი სპეცნაზელი იდგა, მაგრამ არავინ იცოდა, რა უნდა ექნათ.

ამ დაბომბვას და ზოგადად იმ სურათს, რომელიც ერედვის ცენტრში ხდებოდა, ტელევიზიებიც იღებდნენ. საინტერესოა, რატომ არ აჩვენებენ იმ კადრებს, იმ წუთში იქ რაც ხდებოდა, იმ გულისამრევ კადრებს...

ყველანი იქ ვიდექით, ჯარიან-ყველაფრიანად და ამ დროს ვახტანგაშვილის ჯიპიდან გიჟებივით გადმოხტნენ ახალაიები და გაიქცნენ. ძმამ ძმა მიატოვა, დათა გორისკენ გაიქცა, ბაჩო კი ერთი გლეხის - ბერუაშვილის ოჯახში შევარდა და შეშინებული, გაგიჟებული ეკითხებოდა, - გორის გზა საით არისო. მათ უთხრეს, საითაც იყო. გამოვარდა, ღობეს გადაახტა და გაიქცა. ხალხი კი ამ ყველაფერს უყურებდა, უკან დაედევნა, უყვიროდა, სად გარბიხართო. ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ისეთი შეშინებული თვალები, როგორიც იმ წუთას ბაჩო ახალაის ჰქონდა. ხალხი იმასაც კი ამბობდა, - ვესროლოთ, სად გარბიან, ხომ არ გადაირივნენ, ასე როგორ გვტოვებენო?! თავთუხაშვილიც გაიქცა, "მასტერა" რომ მანქანაში უჯდებოდა, წიხლით გადმოაგდეს, ალბათ, იფიქრეს, მანქანა არ დამძიმდესო"", ასე იხსენებს აკაკი ცოტნიაშვილი სააკაშვილის 080808 ავანტიურის ეპიზოდებს.

,,რევოლუციის შემდეგ მოლაპარაკებებში ხაინდრავა და ვოლსკი ჩაერთნენ, ისინიც ჩვენს შენიშვნებს ითვალიწინებდნენ, მუდმივად ხეობაში იმყოფებოდნენ, ერთი ნაბიჯით უკან არ დაგვიხევია. მაგრამ, რაც ისინი წავიდნენ და იაკობაშვილმა შერეული კომისიის მასხრად აგდება დაიწყო, მოლაპარაკებებზე აღარავინ მიდიოდა, ყოველ შემთხვევაში, "ნაცმოძრაობას" არავინ ხვდებოდა. შემდეგ იყო ის, რომ სანაკოევის ხელისუფლება შეიქმნა, გზები გადაიკეტა თამარაშენში, რათა ოსებს აღარ ევლოთ თამარაშენი-ქურთა-კეხვისა და ჯავის მიმართულებით. ეს იყო 2006 წელს. მაშინ ამდენს ვერ ვაანალიზებდით, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ ომამდე მივსულიყავით. სპეციალურად იქმნებოდა დაძაბული სიტუაციები; ხომ გეუბნებით, ბოლოს იმაზეც წავიდნენ, რომ იქაური პოლიციის უფროსი ააფეთქეს სოფელ დმენისში, თუ არ ვცდები, გვარად თიბილოვი იყო. არ გასულა აფეთქებიდან ნახევარი საათი, რომ შემოვლით გზაზე სანაკოევის კორტეჟი ააფეთქეს და ბიჭები დაიჭრნენ. მოკლედ, პროვოკაციებს, რომელთაც აშკარა ომამდე მივყავდით, ქართული მხარე აწყობდა.

ომის დეტალების გამოძიებას მივესალმები, რადგან ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს "ნაციონალური მოძრაობისთვის" დასასმელი. 7 აგვისტოს ჩვენმა საჯარისო ნაწილებმა რომ ცეცხლი გახსნეს და ცხინვალის მიმართულებით დაიწყეს გადაადგილება, რუსმა სამშვიდობოებმა მეღვრიკისიდან ცხინვალის, დმენისის, არცევის მიმართულებით ბლოკ-პოსტებზე შლაგბაუმები აუწიეს და ქართული საჯარისო ნაწილები ცხინვალისკენ გაუშვეს. რუსების სამშვიდობოებს არანაირი ბრძანებით, მანდატით ჩვენები აღნიშნულ ტერიტორიაზე არ უნდა შეეშვათ.

ვსვამ კითხვას: ხომ არ იყო მოლაპარაკება ქართულ და რუსულ მხარეებს შორის, რომ ჩვენ არ ჩავერევით ამ ამბავში, თქვენ თვითონ განაიარაღეთ სეპარატისტები და ბანდფორმირებები და დაამყარეთ თქვენი კონსტიტუციური ძალაუფლებაო, და ამით ხომ არ მოტყუვდნენ?! ამას მაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ ცხინვალი მთელი ღამე იბომბებოდა და მეორე მხარეს ერთი ტყვიაც კი არ გამოუსვრია ჩვენი მიმართულებით. როგორც კი შევიდა ჩვენი პირველი ტანკი ცხინვალში, მაშინვე ავიაცია ჩაერთო საქმეში და დაბომბეს ტერიტორია. უნდა დაიკითხოს ყურაშვილი, იყო თუ არა მასა და კულახმეტოვს შორის რამე მოლაპარაკება? ამ შეკითხვის დასმის საბაბს ისიც მაძლევს, რომ პრეზიდენტმა განაცხადა, რუსები ხელს არ გვიშლიან, შეგვიშვეს ცხინვალშიო. ეჭვი მეპარება, რომ რუსეთის პროვოკაციას წამოეგნენ და თავი შეატყუებინეს ცხინვალის ტერიტორიაზე.

შეკითხვა მაქვს ხელისუფლებასთან: ოსებმა რომ ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია მოახდინეს, ქართველებმა რატომ არ გამოიყვანეს ხალხი ხეობიდან?! ვინ იძლეოდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამა და ამ სოფელს ვაკონტროლებთო, მაშინ, როდესაც ომი 8 აგვისტოს უკვე დასრულებული იყო. ვინ იყო იმ პერიოდში პრესსამსახურში? ამის გამო იქ ხალხი ჩაიხოცა, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ ტერიტორიები ჩვენ მიერ კონტროლდებოდა და სახლებს არ ტოვებდნენ!

პასუხი ომისდროინდელ ხელისუფლებას ბევრ რამეზე აქვს გასაცემი. ჩამოვიდნენ სამნი - თავთუხაშვილი და ახალაიები, სამასი კაცით შეიაღარებულნი, და მიდიოდნენ დმენისში, როტაცია უნდა ჩავატაროთ, წუხელის ჩვენ ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიასო. რას ვაკონტროლებდით, როდის ვაკონტროლებდით?! ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით - ცოტნიაშვილი, მე და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი, იმ სამას ვაჟკაცს იქ ჩაახოცინებდნენ. მე ჩემი ჯიპით რომ წამოვიყვანე თავთუხაშვილი და ახალაიები, უკან მაგათი პიკაპი ააფეთქეს და ხალხი დაუხოცეს. სწორედ მაშინ ჩამოაგდეს მანქანიდან "მასტერა", რომელიც სხვა მანქანისკენ გაიქცა, ის მანქანა აფეთქებას გადაურჩა. გენშტაბში რომ ვიღაც იჯდა და ნახაზებს ადგენდა, იმას არ უნდა სცოდნოდა, ამ სამას კაცს ცხვრებივით სად აგზავნიდა?! სრულიად მოუმზადებელი და დაუგეგმავი იყო ყველაფერი. რომ ამბობენ, ჯარი გაწვრთნილი იყოო (მე ჯარისკაცებთან პრეტენზია არ მაქვს, ბიჭები ვაჟკაცურად დაიხოცნენ), დღისით, 8 აგვისტოს ხეობაში ოფიცერს ვეღარ იპოვიდით. ტყვია-წამლით დატვირთული მანქანები დატოვეს და გაიქცნენ, ისიც ჩვენი თავში სახლელი გახდა, იმის გვეშინოდა, არ აფეთქებულიყო. ქუჩებში რომ ჯარიკაცებს ვხვდებოდით და ვეკითხებოდით, სად არის თქვენი ხელმძღვანელი-თქო, გვპასუხობდნენ, გაიქცნენო. მაინტერესებს, ერედვის მიმართულებით რომ საჯარისო ნაწილები იყო, ვინ იყვნენ მათი ხელმძღვანელები, სარდლები, ოფიცრები, ვინ დაყარა ჯავშანჟილეტები, ტყვია-წამალი, იარაღი. ჯავშანჟილეტებს იმიტომ იხდიდნენ, რომ თავისუფლად გაქცეულიყვნენ. მრცხვენია ამას რომ ვამბობ. ამბობდნენ, ამერიკელებმა გაწვრთნეს ჯარიო, ამერიკელებმა ჩვენი ჯარი სამშვიდობო მისიისთვის გაწვრთნეს და არა საომრად.

8-ში საღამოს რამდენიმე ადამიანი სოფელ ბერულაში ვიდექით. 15 ჯარისკაცი მოდიოდა, გადავუდექი და შევაგინე, - სად მიდიხართ, ხეობას ტოვებთ-მეთქი? ერთ-ერთმა ბიჭმა მიცნო და მითხრა, - ბატონო გურამ, ნუ მაგინებთ, დიცელი ვარ, ოქროპირიძე ზვიადიო. მოძებნეთ ეს ოქროპორიძე ალაპარაკეთ, იქ რა ხდებოდა. მან მითხრა, დილით ქურთაში სანაკოევის მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ თქვენს თავს მიხედეთ, აქ რუსები და ოსები უნდა შემოვიდნენო, თავად კი სახლებიდან ყველაფერი უკვე გამოტანილი და მანქანებში ჩაწყობილი ჰქონდათო. მაინტერესებს, თუ 8 აგვისტოს, დილის ათ საათზე უკვე იცოდნენ, რომ რუსი და ოსი უნდა შემოსულიყო, რატომ არ შეიყვანეს ავტობუსები და რატომ არ გამოიყვანეს მოსახლეობა?! რატომ არ მუშაობდა კავშირგაბმულობა? ზუსტად ვიცი, რომ თავდაცვის სამინისტროს უახლესი კავშირგაბმულობის ტექნიკა ჰქონდა და ჯარისკაცებს არ დაურიგეს. მერე გავიგე და ესეც ზუსტი ინფორმაციაა, რომ მეზობელ სახელმწიფოს - სომხეთს ეხვეწებოდნენ, კავშირგაბმულობის ტექნიკა გვათხოვეთო და იმათ უთხრეს, რომ საწყობში მაგის მეტი რა გაქვთო.

ვსვამ კითხვას: ვინ სთხოვა სომხეთს კავშირგაბმულობის ტექნიკა?! მაინტერესებს, გოგი თავთუხაშვილი რომ ჩამოვიდა, საბჭოთა კავშირის რუკა დამიდო წინ და მკითხა, დმენისი რომელ მხარეს არისო, 2008 წელს საბჭოთა კავშირის რუკით უნდა ეხელმძღვანელათ?!

გამოძიება უნდა დაიწყოს, თანაც ძალიან დეტალური, აუცილებლად დავსვამ ამ შეკითხვებს. ყველამ პასუხი უნდა აგოს. მაინტერესებს, ვინ გასცა უკანდახევის, უფრო ზუსტად, გაქცევის ბრძანება?!

სასჯელამდე თუ მივიდა საქმე, რა ფორმით უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, წარმოდგენა არ მაქვს, ან რა უნდა ელაპარაკო ადამიანებს, თავდაცვის სამინისტროს იმ მაღალჩინოსნებს, რომელთაც 2008 წლის 8 აგვისტოს წავკისში ჰექტრობით მიწები აქვთ შეძენილი. 8 აგვისტოს რომ მიწის საყიდლად ეცალა, იმ ადამიანს რა სასჯელი უნდა მოუძებნო?"", ამბობს ცნობილ ინტერვიუში, 1999–2004 წლებში პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ლიახვის ხეობის საარჩევნო ოლქიდან, გურამ ვახტანგიშვილი. ცხინვალის რეგიონის მკვიდრი გურამ ვახტანგიშვილი აკაკი ცოტნიაშვილთან და სხვებთან ერთად 1991 წლიდან, ანუ იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ჯემალ ქარჩხაძის ნახსენები გოგო-ბიჭები სკოლებში, ან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ, აქტიურად მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში. ვახტანგიშვილი არასოდეს ყოფილა ოპოზიციაში ნაცმოძრაობასთან, მაგრამ 080808-ს შემდეგ სააკაშვილის და მისი თანამზრახველების დანაშაულის გამოძიებას ითხოვს.

,,ეს გამოძიება საქართველოს რეპუტაციას ავნებს. ეს ნიშნავს იმას, რომ აღარასდროს ჩვენ არ გვეყოლება ქმედითი ჯარი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარასდროს შევძლებთ იმას, რომ მტერს გავუმკლავდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთოდ ქვეყანა არ გვექნება და ვერავინ ქვეყანას ვეღარ უხელმძღვანელებს, ვერც ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის, თუ საჭირო გახდება საომარ მოქმედებებში. ამიტომ ეს ხალხი უნდა დაფიქრდეს, რას აკეთებს. ეს არ არის ჩვეულებრივი გამოძიება, რაღაცეებს, რომ ატარებენ, თუნდაც ჩემს წინააღმდეგ და ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ... ასევე მინდა კონკრეტული გამომძიებლების მისამართით ვთქვა, რომლებიც თუ დაიწყო, მონაწილეობას მიიღებენ ამ გამოძიებაში, რომ ეს არ არის "რა ვქნა, დამავალეს". ამ შემთხვევაში ნებისმიერი გამომძიებელი მიიღებს ღალატში მონაწილეობას და, შესაბამისად, დაისჯება, როდესაც ამის დრო დადგება", პანიკურად იმუქრება სტრიპტიზმერი უგულავა, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს სააკაშვილის დავალებით ურეკავდა ცხინვალში ბრძოლაში ჩაბმულ სამხედროებს და კატეგორიულად მოითხოვდა ოპერაციის სწრაფად დასრულებას, ვინაიდან იმ დღეს, 080808-ის 13:00 საათიდან ცხინვალში გამარჯვების აღლუმი უნდა დაწყებულიყო.

,,ვადასტურებ, რომ გიგი უგულავა ერეოდა სამხედრო ოპერაციებში. უგულავა მშვიდობიანობის დროს ქალაქის მერი, ომიანობის დროს კი სააკაშვილის კონსერვების გამხსნელი იყო. კეზერაშვილს გენერლებისთვის უნდა მოესმინა და არა დასუფთავების სამსახურის უფროესებისა და კლოუნების ნაბოდვარისათვის. საერთოდ, ჩემი აზრით, დიდი მსხვერპლი სჭირდებოდათ, რომ ,,ბომჟები"" მილიონერები გამხდარიყვნენ."" ამბობს გენერალი მამუკა ყურაშვილი ,,ყველა სიახლის"" ბოლო, 27-ე ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში და აცხადებს, რომ მზად არის ითანამშრომლოს პროკურატურასთან.

2008 წლის ტრაგედიას ხშირად ვუბრუნდები იმიტომ, რომ მისი გაანალიზების და გამოძიების გარეშე შეუძლებელია საქართველოს გამთლიანების პერსპექტივის შექმნა და იმიტომ, რომ იმ დღეებმა მაქსიმალურად გამოავლინა სააკაშვილის და მისი თანამზრახველების სრული უზნეობა, ლაჩრობა, დანაშაული და ღალატი ერის წინაშე.

რამდენიმე კვირის წინათ ფსიქოლოგმა დალი ბერეკაშვილმა ისაუბრა სააკაშვილის ჯგუფის სადიზმზე და აღნიშნა, რომ ჯგუფის წევრები ახლაც წელში გამართულები არიან, ვინაიდან არ გააჩნიათ სხვა ზნეობა კორპორაციული ზნეობის გარდა, ეს უკანასკნელი კი არ დაურღვევიათ. შეგახსენებთ, რომ კორპორაციული ზნეობა მდგომარეობს იმაში, რომ უზნეობად მიჩნეულია მხოლოდ კორპორაციის შიგნით დადგენილი წესების დარღვევა, კორპორაციის (პირველ რიგში მისი თავკაცების) ღალატი, ხოლო კორპორაციის თავკაცების დავალებით ჩადენილი უზნეობა და დანაშაული (ამ სიტყვების ჩვეულებრივი მნიშვნელობით), კორპორაციის შიგნით შეიძლება კაცობად, ერთგულებად და გმირობად შეფასდეს და სათანადოდ დაფასდეს კიდევაც. კორპორაციული ზნეობის მატარებლები არიან, მაგალითად, მაფიის და სხვადასხვა ყაჩაღური ბანდების წევრები. ამ თემაზე ბევრი დაიწერა და მრავალი ფილმიცაა გადაღებული.

წლების განმავლობაში სააკაშვილი ხშირად აცხადებდა, რომ თავის თანაგუნდელებთან ერთად იგი აშენებდა და ამკვიდრებდა მერიტოკრატიას, ანუ ისეთ სისტემას, რომელშიც ადამიანი აღწევს წარმატებას მხოლოდ საკუთარი ღირსებების, უნარის და დამსახურების წყალობით. ასეთ სისტემაში გამორიცხულია ფავორიტიზმი, ჩაწყობა და საერთოდ ე.წ. კლიენტელიზმის ყველა გამოვლინება. მართლაც, პირველ წლებში ბიძინა ივანიშვილის დახმარებით საჯარო სამსახურში მნიშვნელოვანი და სასიკეთო რეფორმები ჩატარდა. მაგრამ ,,ახალგაზრდა რეფორმატორების"" მმართველობის ავტორიტარულ კლეპტოკრატიად გადაგვარების კვალობაზე სააკაშვილის მერიტოკრატიაც კორპორატიზმად გადაგვარდა: ,,მიშა&კო."" ადამიანებს აწინაურებდა და ნიშნავდა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წრმუნდებოდა, რომ ეს ადამიანი უსიტყვოდ შეასრულებდა მის ყველა ზეპირ (ყოველთვის ზეპირ!) ბრძანებას, რაგინდ უკანონო და დანაშაულებრივი უნდა ყოფილიყო ეს ბრძანება და მერე არასოდეს არ ამოიღებდა ამაზე ხმას. ასეთი ადამიანების სრული მორჩილების და გაკონტროლების მისაღწევად მათი მაკომპრომეტირებელი მასალებიც იყო საჭირო და როცა ,,ხერხემალი"" გარანტიას აძლევდა სააკაშვილს, რომ ,,ეს კაცი ბოლომდე ჩვენია"" და ა.შ., ეს იმასაც ნიშნავდა, რომ შესაბამისი მასალები უკვე სეიფში იდო.

ადრეც დამიწერია, რომ ჟვანია-სააკაშვილის გუნდის წევრების დიდი ნაწილი 90-იანი წლების დასაწყისში გავიცანი. 24–28 წლის ახალგაზრდები იყვნენ მაშინ და მომდევნო წლებში სწრაფად იცვლებოდნენ ჩემს თვალწინ. წინა წლებში თითქმის ყველა მათგანს კომკავშირში მოუსინჯავს თავისი შესაძლებლობები, მაგრამ ეროვნული მოძრაობის აღზევებისა და კომუნისტური სისტემის რღვევის პერიოდში მათ მიატოვეს უპერსპექტივო კომკავშირი და ახალ პოლიტიკურ ასპარეზზე ცდილობდნენ დაწინაურებას.

ამ კონტექსტში მინდა გავიხსენო, რომ გასული საუკუნის ჯერ კიდევ 70-80-იან წლებში ბევრი პარტიული მუშაკი შეშფოთებული ყოფილა იმით, რომ კომკავშირიდან წამოსული ,,კადრების"" ყოველი ახალი ნაკადი უზნეობით, კარიერის გულისათვის ყველაფერზე წასვლის მზაობით, აღემატებოდა თავის წინამორბედებს. ,,ვინც ბოლო დროს მოვიდა, ყველას შუბლზე ძარღვი აქვს გაწყვეტილი; ვინც ახლა მოდის, ეტყობა საერთოდ ამ ძარღვის გარეშე დაიბადა. რა ეშველება ქვეყანას ამათ ხელში?"" წუხდა მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის ერთერთი მდივანი, ცნობილი ოჯახის შვილი გოგი ანდრონიკაშვილი. ალბათ კომკავშირლების ბოლო ნაკადთან ასოციაციისა და კომკავშირული წარსულის გამო ,,ახალგაზრდა რეფორმატორებს"" ჩვენში ხშირად ნეოკომკავშირლებს ეძახიან. სიმოკლისათვის მე მათ ნეოკომებად მოვიხსენიებ. სოზარ სუბარმა 2008 წლის იანვარში სააკაშვილის სახელზე გამოქვეყნებულ ღია წერილში მათ ,,ნეოქურდები"" უწოდა. ეს განმარტებაც ზუსტია, მაგრამ ,,ნეოკომები"" უფრო ტევადია, და იმათაც მიესადაგება, ვინც თვითონ ვერ ,,გაქაჩა"" ნეოქურდობა და უფროსების ნასუფრალით კმაყოფილდებოდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთების მსგავსად გილაურიც მხოლოდ ნომინალურად იყო მინისტრი და ბოლოს პრემიერ-მინისტრიც. წლების განმავლობაში ხელისუფლების ,,დამოუკიდებელი"" შტოების ხელმძღვანელებს, სადისტური სისტემის მორჩილ მსახურებს - პრემიერ-მინისტრ გილაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს ბევრად ნაკლები ძალაუფლება ჰქონდათ, ვიდრე მერაბიშვილის მოადგილეებს. ნამდვილი ძალაუფლება კი სადისტური სისტემის არქიტექტორებს ეპყრათ ხელთ. მათ დღემდე არ უღიარებიათ მრავალი მძიმე დანაშაული და ერის ღალატი.

,,ძალაუფლება რყვნის და აგიჟებს, აბსოლუტური ძალაუფლება კი რყვნის და აგიჟებს აბსოლუტურად"". დიდი ინგლისელი მოაზროვნის ლორდ ექტონის ცნობილ გამონათქვამს, მე მხოლოდ ერთი სიტყვა - ,,აგიჟებს" დავუმატე. ვარდების რევოლუციის შემდეგ ძალაუფლებაში მოსულ ახალგაზრდებს აერთიანებდათ ორი რამ: მათ სწამდათ, რომ მიზანი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას და ამავდროულად არ გააჩნდათ არავითარი ზნეობრივი პრინციპები კორპორაციულის გარდა. კომკავშირში გატარებულმა წლებმა და შემდეგ ეროვნულ-დამანგრეველ მოძრაობაში მიღებულმა გამოცდილებამ დაარწმუნა ისინი, რომ ამ ცხოვრებაში იმარჯვებს ის, ვინც მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას მიმართავს. შუკშინის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ,,ხალხი მზად იყო გარყვნისათვის"". დასაწყისში ისინი ფრთხილობდნენ, მაგრამ მალე დარწმუნდნენ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია, დამოუკიდებელი მას-მედია და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება ძალიან სუსტი იყო და ვერ გააკონტროლებდა მათ მოქმედებას. ამის შემდეგ ნეოკომებმა აიწყვიტეს და ლორდ ექტონის კანონი უმოწყალოდ ამოქმედდა ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანაში.

ვის შეეძლო 2004-2005 წლებში წარმოედგინა, რომ ნიკა რურუა კულტურის მინისტრი გახდებოდა და რობერტ სტურუას მოხსნიდა? (წარმოიდგინეთ: ნიკა რურუა - რობერტ სტურუას!); რომ საზოგადოებაში ხმის დაწევით ილაპარაკებდნენ კულტურის მინისტრის ძმის ,,ჟორიკა"" რურუას რაზმებზე? რომ ,,ზარალა"" ტრამპთან გამართავდა მოლაპარაკებებს ცათაბჯენების აშენების პროექტებზე? რომ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტს-შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს საკუთარი დაცვა გაეკიდებოდა გინებით ,,ფეხი დაუდეთ მაგის დედაც მ..."", ხოლო 2011 წლის 26 მაისის შემდეგ ახალგაზრდა კაცი, სოხუმში დაბადებული დავით ფაცაცია თავზე ხელს აიღებდა და პირში ეტყოდა სააკაშვილს: ,,შენ ხარ მკვლელი, ნაძირალა, არაადამიანი და პასუხს აგებ""? რომ კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით მოსული ნეოკომები აღვირახსნილი ელიტარული კორუფციის სიმბოლოებად გადაიქცეოდნენ? რომ ნეოკომები სადისტურ სისტემას შექმნიდნენ და მრავალ თანამოქალაქეს სასტიკად აწამებდნენ?

კავკასიის შესანიშნავმა მცოდნემ და მკვლევარმა თომას დე ვაალმა ერთ წერილში ქართველი ნეოკომები დოსტოევსკის ძმებ კარამაზოვებს შეადარა:

,,ივანი ყველაზე მეტად ჰგავს დღევანდელ ქართველ რეფორმატორებს: შეუპოვარი, ქედმაღალი, და ფილოსოფოსი. დღევანდელ მის ინკარნაციაში ის, ალბათ მასკის პროგრამით შეერთებულ შტატებში ისწავლიდა, იმუშავებდა მინისტრის მოადგილედ, იქნებოდა ასე 24/27 წლის ბლოგერი და ახალ ელიტარულ ჟურნალში, "ტაბულაში" სვეტსაც წაიყვანდა.

რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ასეთ ქართველთან ონლაინ დებატები მქონდა. ის უტეხად უჭერდა მხარს იმ ფაქტს, რომ აშშ-ს მთავრობა ბუშის მმართველობის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან "დაკითხვის გაძლიერებულ მეთოდებს" იყენებდა, არადა მე ამას "წამებას" ვუწოდებდი. როდესაც მივწერე, რომ ის მე ივანე კარამაზოვს მახსენებს, მან მიპასუხა, "დოსტოევსკის სამხედრო სტრატეგიასა და ტაქტიკაში მრჩევლად არ ავიყვანდი. ინდივიდუალური მორალის გამოყენება ასეთ საკითხებში ფილოსოფიური შეცდომაა, რასაც მორალურად გაუმართლებელი, კატასტროფული შედეგები მოაქვს". ჩემი აზრით, ეს პასუხი იდეალურად შეესაბამება ივანე კარამაზოვს.

ქართველების ახალმა თაობამ მართლაც შთამბეჭდავი საქმეები აკეთა. 2004 წლის შემდეგ საქართველო ბევრი თვალსაზრისით გარდაიქმნა. საგადასახადო და საბაჟო სისტემები კაპიტალურად შეიცვალა, საჯარო სამსახურები კარგადაა აწყობილი, დაიგეგმა ახალი ქალაქებისა და საგზაო სისტემების მშენებლობა. მაგრამ ყველაფერი ეს გარკვეულ ფასად მოხდა. ახალი ელიტა ქედმაღლად და უპასუხისმგებლოდ აღიქმება – ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში ისინი რუსეთთან ომში ჩათრეულნი აღმოჩდნენ. კორუფცია და კრიმინალი, რომელიც საქართველოს თაობების განმავლობაში დაღად ესვა, დაითრგუნა, მაგრამ სამაგიეროდ შეიქმნა ახალი, შიშისმომგვრელი პოლიცია, რომელიც, როგორც ჩანს, არავის წინაშეა ანგარიშვალდებული.

"ვიკილიქსმა" გამოაქვეყნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტები, სადაც ქართული მმართველი ელიტის გამოკვეთილმა სპიკერმა გიგა ბოკერიამ აშშ-ს საელჩოს თბილისში 2008 წელს (მარტში, პ.მ.) განუცხადა, რომ ქართველი პრეზიდენტის აზრით, "მას არა აქვს კონსენსუსის მიღწევის ფუფუნება საქართველოში შეუქცევადი დემოკრატიული ცვლილებების გატარების პროცესში" და "რეფორმები გაჩერდება", თუ ოპოზიცია არჩევნებში წარმატებას მიაღწევს. ეს იდეა -"ჯერ რეფორმები, მერე დემოკრატია" (რაც სხვანაირად ასეც შეიძლებაც ითქვას – მიზანი ამართლებს საშუალებას) თავისი ფილოსოფიური ფესვებით სცდება მეოცე საუკუნის ბოლშევიზს და მეცხრამეტე საუკუნის რუს რადიკალურ მოაზროვნეებამდე აღწევს. დოსტოევსკიმ აღწერა, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ეს ყველაფერი: მის რომანში ივანე კარამაზოვი თავისი შეზღუდული რაციონალური უტოპიით გატაცებისა და მამის სიკვდილით გამოწვეული დაძაბულობის გამო, ჰალუცინაციებამდე და ნერვული აშლილობის ზღვრამდე მიდის. ქართულ მთავრობას ამ მომენტამდე ცოტა აშორებს. მაგრამ, აი გაფრთხილებაც"", წერდა დე ვაალი 2012 წლის აპრილში.

თომას დე ვაალს საქმე ჰქონდა ნეოკომების შედარებით ინტელექტუალ (ასე ვთქვათ ,,მასკის პროგრამით აშშ-ში ნასწავლ"") წარმომადგენლებთან, რომლებიც ცდილობდნენ უცხოელებზე გარკვეული შთაბეჭდილების მოხდენას და რეფორმატორის ნიღბის მორგებას. უმოწყალო ვითარება კი სხვა იყო - სად ივანე კარამოზოვი, თუნდაც თანამედროვე ინკარნაციაში და სად ბიუჯეტიდან შვილების ძვირადღირებული განათლების დაფინასება, ფავორიტი ქალებისათვის სამკაულების შეძენა და ბოტოქსის ოპერაციის ხარჯების დაფარვა? სად ფილოსოფოსობა, და სად სტრიპტიზკლუბში დროსტარება მერიის ბიუჯეტის ხარჯზე? ანდა, რამდენად გამოდგებოდა კარამაზოვად ერთი მინისტრის ის 24/27 წლის რეალური მოადგილე, რომელიც სამუშაო დროს ძირითადად იმაზე ხარჯავდა, რომ თანამგზავრული პროგრამის მეშვეობით კომპიუტერით უყურებდა საკუთარი სახლის ეზოში დაყენებულ თავის ახალ ჯიპს, ან იქვე კაბინეტში მდგარ აკვარიუმში პირანიებს აჭმევდა და როცა ისინი საკვებს გლეჯდნენ, ქედმაღლურ-ფილოსოფიური იერით ეუბნებოდა მასთან საქმეზე მისულ გაოგნებულ ადამიანებს - ,,რას იზამ, ადამიანებიც ხომ ასე იქცევიან ცხოვრებაში""? ან ის სცენა რად ღირს, როცა ძმები ახალაია-კარამაზოვები ჯიპიდან ხტებიან და სხვადასხვა მიმართულებით მირბიან, ხოლო მათ მესამე ძმას - ,,მასტერას"" ვიღაცეები წიხლებით აგდებენ ჯიპიდან?

(სამართლიანობისათვის აღვნიშნავ, რომ ნეოკომებმა ვერ მოატყუეს გამოცდილი მეცნიერი და თომას დე ვაალმა სხვა წერილებში ქართული რეალობის ზუსტი ცოდნა გამოამჟღავნა. დე ვაალმა ისიც ზუსტად აღწერა, როგორ ჩაითრიეს ნეოკომებმა საქართველო კრემლის ჩეკისტურ რეჟიმთან ომში).

ჯერ კიდევ 2009 წელს ნეოკომები არა კარამაზოვებს, არამედ დოსტოევსკის ,,ეშმაკეულებს"" შევადარე და იქვე აღვნიშნე, რომ ჩვენი პატარა ეშმაკუნები დიდი მწერლის მიერ აღწერილი ,,ეშმაკეულების"" კარიკატურად თუ გამოდგებიან, ვინაიდან არ გააჩნიათ სხვა იდეა ფუფუნებით ტკბობისა და აღვირახსნილი დროსტარების გარდა.

პუტინზე და მის ჩეკისტურ კორპორაციაზე ამბობენ, რომ მათ მოინდომეს ,,მართონ ქვეყანა სტალინივით და იცხოვრონ აბრამოვიჩივით"" (ცხადია აქ პუტინთან დაახლოებული მილიარდერი აბრამოვიჩი იგულისხმება). ასეთი ამოცანა შინაგანად წინააღმდეგობრივია და მისი განხორციელებაც შეუძლებელია. ჩვენი ეშმაკეულების სავალალო მაგალითიც ამას ამტკიცებს.

მინდა აღვნიშნო, რომ ნეოკომებმა კორპორაციული ზნეობაც მრავალჯერ დაარღვიეს და ბოლო დროს არაერთი ასეთი დარღვევა ყველასათვის ცნობილი გახდა. მაგალითისათვის გავიხსენოთ დათა ახალაიას ცნობილი წერილი მერაბიშვილის დანაშაულებრივ მოღვაწეობაზე, მარიკა ვერულაშვილის განცხადება, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდით დადგომა დანაშაულია და სხვა. ამაზრზენი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს საზოგადოებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ (ცხადია სააკაშვილის დავალებით) კოკი იონათამიშვილის სააკაშვილისადმი მიწერილი პირადი წერილის გამოქვეყნებამ და ამ წერილის შინაარსმა (პრესიდან შევიტყე, რომ კოკი არ უარყოფს, რომ სააკაშვილს მისწერა წერილი ფინანსური დახმარების თხოვნით, მაგრამ აცხადებს, რომ გამოქვეყნებული ტექსტი დამახინჯებულია).

,,ამაზრზენი ხარ მიშა", ასე ამთავრებს სადისტური რეჟიმის ყოფილი მორჩილი მსახური კოკი იონათამიშვილი თავის ამჟამად ღია წერილს სააკაშვილის სახელზე (ამ წერილში იონათამიშვილი აყვედრებს სააკაშვილს იმას, რომ წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურა კორპორაციას). დავეთანხმოთ მას, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ამაზრზენები არიან აგრეთვე კოკი, გოკა, აკო, კაკო, გიგი, გიგა, გოკა, ბაჩო, ბოცო, დათა, დათო, კოტე, პალიკო, ნიკა, პეტო, ვანო, ზურა, ხათუნები (კალმახელიძის ჩათვლით) და ჩიორა, მეგისი და უდესიანი და სხვა მრავალი. მკითხველს მივანდობ დანარჩენი ნეოკომ გოგო-ბიჭების სახელების და გვარების გახსენებას და ამ ამაზრზენი სიის შევსებას.

წერილს კითხვებით დავასრულებ. როგორ მოხდა, რომ ვერც გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა და პუბლიცისტმა ჯემალ ქარჩხაძემ და ვერავინ სხვამ ვერ გასცა პასუხი თვით ქარჩხაძის მიერ 1989 წლის 7 ივლისს დასმულ შეკითხვას: ,,პრაქტიკულად რა ვიღონოთ, რომ ქვეყნის ეს ბატონ-პატრონები ღირსეული ბატონ-პატრონები გამოდგნენ, განათლებულები, გონიერები, ზრდილები, მშრომელები, პროფესიონალები, ქვეყნის პატრიოტები და მოჭირნახულენი, ღვთისმოსავები, პატიოსნები, კაცთმოყვარეები, ამაყები და თავისუფლები?""

პეტრე მამრაძე, 2013 წლის 7 ივლისი