ჩვენ ერი გვქვია? - კვირის პალიტრა

ჩვენ ერი გვქვია?

,,როცა ერი ერობს, მტერი ვერ მტერობს"

(ძველი ქართული ანდაზა)

,,ჩვენ ერი გვქვია?

ნამდვილად არ გვაქვს უფლება "ერად" ვიწოდებოდეთ.

ამ ავანტიურისტს, ტერიტორიის დაკარგვისა და ათასობით ადამიანის უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ დატოვების გამო, ერი პრეზიდენტად არ დატოვებდა"", წერს ,,კვირის პალიტრის"" მკითხველი 24 სექტემბერს სოფელ დვანის მკვიდრ ქალბატონ შორენა ქოქოშვილისგან ლადო გოგოლაძის მიერ აღებულ ინტერვიუს კომენტარში.

,,მიშას რაღაც ჰგონია, როცა გაეროს ტრიბუნიდან პუტინს აგინებს, ამით იმ მაოხრებელ მკვდარს ემსგავსება სულხან-საბას იგავში რომაა.. ნუთუ ჰგონია, რომ მხოლოდ მან იცის რისი გამკეთებელია რუსეთი და ვინაა პუტინი. საერთოდ არაა აზრზე რაა პოლიტიკა და დიპლომატია. კიდევ კარგად ვართ ეგეთი გიჟი რომ მართავდა ქვეყანას ამდენი ხანი"", წერს გიორგი ბლოგზე განთავსებული ჩემი ბოლო წერილის კომენტარში.

ნეტა როდის ავდგებით სამტრედიის რელსებიდან? მკითხა ქართულ პოლიტიკაში გამოწრთობილმა მეგობარმა 2007 ნოემბრის დღეებში. ჩვენ ერთად ვუყურებდით ტელევიზორით პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას და ეს შეკითხვა მან დასვა მას შემდეგ, რაც ქუჩაში გასული ოპოზიციის ერთერთი ლიდერი დიდხანს ყვიროდა მიკროფონში, რომ ჩვენ, ქართველებს, საერთოდ არ გვჭირდება სასამართლოები, პროკურატურა, პოლიცია, პრეზიდენტი და ა.შ., არამედ, ყველაფრის ამის გარეშე, უნდა ვიცხოვროთ ქართულად, კაცურად და ჯიგრულად! ახალგაზრდებს შევახსენებ, რომ 1991 წელს ზვიად გამსახურდიამ აღაპყრო ხელი და მოუწოდა ბრბოდ ქცეულ ადამიანებს: ,,გადავკეტოთ რკინიგზა და დავაჩოქოთ კრემლი!"" შეგახსენებთ იმასაც, რომ საღად მოაზროვნე ადამიანების უმრავლესობა მაშინ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, ვინაიდან ეროვნულ-დამანგრეველ მოძრაობაში ჩანერგილი სუკის აგენტები მათ მაშინათვე ,,სუკის აგენტებად"" მონათლავდნენ. სამაგიეოროდ ბევრი ენთუზიასტი გამოჩნდა. ადამიანები დაწვნენ ლიანდაგზე სამტრედიაში და გადაკეტეს საქართველოს რკინიგზის მთავარი კვანძი. ჩვენს ხალხს და ქვეყანას დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზარალი მიადგა. (გაცილებით უფრო დიდი, ვიდრე მოგვადგა იმავე ეპოქაში მოშიმშილეების ცნობილი ლოზუნგით: ,,გადადგეს პრეზიდენტი ბუში!"" მახსოვს, ეს ლოზუნგი დიდხანს ფრიალებდა პარლამენტის შენობის წინ გაშლილი კარვების თავზე). დასავლეთში ჩვენი პოლიტიკური ლიდერების იმდროინდელ მოქმედებას სიურეალისტური უწოდეს, კრემლმა არ დაიჩოქა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩვენში ეროვნულ-დამანგრეველი მოძრაობის აღზევებით დაწყებული, ამჟამად შიდა ქართლში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლებაზე და სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ საქართველოს დამბობველი პილოტის დანიშვნაზე ჩვენი საზოგადოებისა და ,,პოლიტიკოსების"" დიდი ნაწილის რეაქციის ჩათვლით, შეიძლება ბევრი ისეთი ფაქტის მოყვანა, რომელიც ადასტურებს, რომ პოლიტიკური ერი ნამდვილად არ ვართ. კულტურულად და ისტორიულად უძველესი ერი, რომელმაც მრავალი საუკუნის განუწყვეტელი ,,საომარი ლელოს"" პირობებში შეინარჩუნა ენა, სარწმუნოება და მამულის ნაწილი, შეიძლება მოცემულ მომენტში პოლიტიკურ ერს არ წარმოადგენდეს. ამ ფაქტს არაფერი აქვს საერთო ჩვენს ე.წ. ეროვნულ ხასიათთან, გენებთან და ა.შ. ეს განპირობებულია ობიექტური ისტორიული ვითარებით. სწორედ ამ ობიექტური პირობების გამო ჩამოყალიბდა ჩვენში ,,პლურალისტური ფეოდალიზმი"", რაც ასე ზუსტად განსაზღვრა და აღწერა შესანიშნავმა ბერძენმა მეცნიერმა ილია რუბანისმა 2009 წელს.

1993 წელს ჩემი მეგობარი, ნამდვილი და არა ყალბი პატრიოტი და ჭეშმარიტად განათლებული ადამიანი, შეხვდა გერმანიის მაშინდელ ელჩს გიუნტერ დალჰოფს და აშშ-ს ელჩს კენტ ბრაუნს. დალჰოფმა ჰკითხა მას აზრი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების მიზეზებზე. მეგობარმაც ბეჯითად დაიწყო მოყოლა რუსეთის რეაქციული წრეების და სპეცსამსახურების პროვოკაციებზე და მათ შედეგებზე. რომ დაასრულა, დალჰოფმა მისივე თანდასწრებით უთხრა კენტ ბრაუნს: ,,ხომ გესმის, რომ ამათ ჯერჯერობით არაფერი ეშველება. აგერ ეს კაცი ბევრ სხვას ჯობია და ამიტომ ვეკითხებით ჭკუას. მაგრამ ამასაც არ ესმის, რომ ქართველებმა თვითონ დაუშვეს იმდენი შეცდომა, რომ სხვა შედეგი ვერც დადგებოდა"". გამოცდილმა დიპლომატმა სიმართლე თქვა. პოლიტიკური ერი რომ ვყოფილიყავით, არ წამოვეგებოდით მარტივ და უხეშ პროვოკაციებს მეტ-ნაკლებად ჭკვიანი შიდა და გარე მტრებისა და მრავალი უგუნური მოყვრის მხრიდან; არ დავკარგავდით, აწ უკვე განუსაზღვრელი დროით, ჩვენს აფხაზებს და ოსებს ტერიტორიებთან ერთად; კრემლის ,,დამცირების"" და ,,დაჩოქების"" პრიორიტეტს დიდსულოვნად დავუთმობდით სხვებს (თუმცა სხვები იგვიანებენ, ჯერ არსად ჩანან, რატომღაც რუსეთთან ჩახუტება-მეგობრობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ჩვენს გარდა არავინ გადააყოლა ეროვნული ინტერესები გულის მოფხანას. ნეტა რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ თვითონ პოლიტიკურ ერებად ჩამოყალიბდნენ კარგა ხნის წინათ?); არც სამოქალაქო ომს არ მოვაწყობდით მტრების სახითხითოდ.

ჩვენი ტრაგედია ღრმავდება იმით, რომ არც ჩვენი დიდი მეზობელი, ერთმორწმუნე რუსი ხალხი, არ წარმოადგენს პოლიტიკურ ერს ამ ეტაპზე.

,,არაკონსოლიდირებულ საზოგადოებაში, როგორიცაა დღევანდელი რუსეთი, შეუძლებელია ერთიანი ეროვნული ინტერესების ჩამოყალიბება. ამიტომ როცა მესმის ჩემი კოლეგების საუბარი ამერიკის ან გერმანიის ინტერესებზე, მათ პოლიტიკაზე, ვფიქრობ, რომ რუსეთის შედარება მათთან იგივე ტერმინების გამოყენებით უბრალოდ შეუძლებელია"", წერდა 1995 წელს ცნობილი რუსი მეცნიერი ემილ პაინი.

,,Существование консенсуса в отношении основных национальных интересов страны – но не обязательно способов их реализации – является признаком наличия в стране политической нации.

В России пока что политическая нация отсутствует, и это обстоятельство является реальной основой для сохранения у власти царистского режима. Ведь если нации нет, то альтернатива проста: либо хаос, либо царь. Последнее – при всех издержках – предпочтительнее"", შარშან წერდა არანაკლებად ცნობილი რუსი მეცნიერი დიმიტრი ტრენინი.

ტრაგიზმი და კომიზმი ხშირად ერთად გვევლინება. კერძო საუბრებში დასავლეთელი დიპლომატები და ექსპერტები რუსეთის ფედერაციას ხშირად ონიშჩენკოს იმპერიას უწოდებენ. მოვიყვან ჩვენში ნაკლებად ცნობილ ამბავს. 2008 წლის იანვარში ინდოეთმა უარი თქვა რუსეთისაგან მოდერნიზებული წყალქვეშა ნავების შესყიდვაზე, ვინაიდან სანქტ-პეტერბურგში განხორციელებული სროლის დროს 4 გაშვებული რაკეტიდან ვერცერთმა ვერ მიაღწია მიზანს. (ზოგიერთ მკითხველს შეიძლება ახსოვდეს, რომ ბოლო წლებში რუსეთში საბრძოლო რაკეტების გამოცდა პრაქტიკულად ყოველთვის კრახით მთავრდება. ეს ამბავი თვით რუსეთში ანეკდოტების თემად იქცა). ინდოეთის უარის შედეგად ჩაიშალა რამდენიმე მილიარდდოლარიანი კონტრაქტი. პუტინის რეჟიმმა მყისიერი პასუხი გასცა ურჩ ინდოელებს: რუსეთის მთავარმა სანიტარმა, საქართველოს დიდმა ,,მეგობარმა"" ონიშჩენკომ განაცხადა, რომ მისმა უწყებამ აღმოაჩინა ინდოეთიდან შემოტანილ კუნჟუტის პარტიაში მავნე ხოჭო და აკრძალა ინდოეთიდან ჩაის შემოტანა. (ონიშჩენკოს უწყებას ისიც არ ანაღვლებდა, რომ არც კუნჟუტში და არც ჩაიში მის მიერ დასახელებული ხოჭოს სახეობა საერთოდ არ ბინადრობს). პუტინის მთავრობის ეს შთამბეჭდავი იერიში რამდენიმე დღეში ფიასკოთი დასრულდა. ატომბირთვული იარაღის მქონე ინდოეთს ხმაური არ აუტეხია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინდოეთის ჩაი რუსეთში შემოჰქონდა უზადო რეპუტაციის მქონე ჰოლანდიურ კომპანია ,,უნილევერს"", რომელმაც ყოვეგვარი ემოციების გარეშე უარყო ბრალდება და დაემუქრა რუსეთს მრავალმილიონიანი ,,სარეპუტაციო"" სარჩელით. ამის პასუხად ონიშჩენკომ სასწრაფოდ განაცხადა, რომ მისმა უწყებამ ხელმეორედ შეამოწმა ინდური პროდუქცია და დაადგინა, რომ იქ არავითარი ხოჭო არ იყო!

მოწმე ვარ იმისა, როგორ ხალისობდნენ ამ ამბით დასავლეთელი დიპლომატები და ექსპერტები. ამავდროულად ყველას ადარდებდა ის, რომ ასეთი მარაზმი ხდებოდა სახელმწიფოში, რომელსაც აქვს თერმობირთვული ქობინებისა და კონტინენტშორისი რაკეტების სრული არსენალი (ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღზე რომ არაფერი ვთქვათ) და რომელსაც 30 წუთში შეუძლია მოსპოს სიცოცხლის ყველა ფორმა (ხსენებული ხოჭოს ჩათვლით) მთელ დედამიწაზე.

მაინც რა მოხდებოდა, რუსი ხალხი სსრკ-ს დაშლის მომენტში, ბალტიისპირელების მსგავსად, პოლიტიკური ერი რომ ყოფილიყო? ანუ ისეთი ერი, რომლის საზოგადოება და ელიტა (პოლიტიკურის ჩათვლით) ადექვატურად აცნობიერებს ვითარებას და თავის ეროვნულ ინტერესებს? ასეთ შემთხვევაში რუსეთის მთავრობა განახორციელებდა რადიკალურად განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს მიმართ. ისინი გააცნობიერებდნენ, რომ სსრკ-ს რაიმე ფორმით აღდგენა ან რუსეთის გავლენის დამკვიდრება ძალისმიერი მეთოდებით საზიანო იქნებოდა უპირველეს ყოვლისა თვით რუსეთისათვის და მხოლოდ საპირისპირო შედეგებს მოიტანდა; რომ რუსეთის ეროვნულ ინტერესებში შედის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა საქართველოსთან; რომ რუსეთის და საქართველოს ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესები საგარეო პოლიტიკაში მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს; რომ სწორი პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში საქართველო იქნებოდა რუსეთის სანდო პარტნიორი; რომ სტაბილურობა საქართველოში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა ჩრდილოკავკასიაში სტაბილურობის აუცილებელი პირობაა; რომ საქართველოში ე.წ. ,,მართვადი ქაოსის"" პოლიტიკის გატარება, ჩრდილოკავკასიაში ბოევიკების მომზადება და აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მათი შეგზავნა, ბუმერანგად და დიდ ეროვნულ ტრაგედიად დაუბრუნდებოდა რუსეთს და ა.შ.; რომ საქართველოში გავლენის აგენტებისა და სააკაშვილისნაირი ,,სასარგებლო იდიოტების"" დახმარებით (ეს სპეციალური ტერმინია, სალანძღავი სიტყვა არ გეგონოთ) აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, იქ სამხედრო ბაზების განთავსება და შენახვა, არანაკლებად საზიანოა რუსეთისათვის, ვიდრე მთიანი ყარაბაღის კარტის გათამაშება და სომხეთის და ნაწილობრივად აზერბაიჯანის ამით ,,დაჭერა""; რომ მსოფლიოში ძალთა დღევანდელი თანაფარდობიდან გამომდინარე აშშ და ნატო რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეები არიან, ხოლო ხიფათი რუსეთის სახელმწიფოს სულ სხვა მხრიდან ემუქრება და სწორედ მის გასანეიტრალებლად რუსეთს სჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა ნატოსთან და სხვა მრავალი. ეს ყველაფერი ბევრჯერ თქვეს და გამოაქვეყნეს ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგებმა და მოღვაწეებმა, მაგრამ ამან არავითარი გავლენა არ იქონიარუსეთის მთავრობის პოლიტიკაზე და ხალხის უმრავლესობის განწყობაზე.

,,პუტინს და მის თანამოაზრეებს გაცილებით მეტად სძულთ დასავლეთი, ვიდრე უყვართ თავისი სამშობლო. ამიტომაც ღალატობენ რეგულარულად რუსეთის ჭეშმარიტ ეროვნულ ინტერესებს გარდაცვლილი სსრკ-ს ცხედართან"", წერდა ცნობილი ექსპერტი და პუბლიცისტი ანდრეი პიონტკოვსკი ჯერ კიდევ 7-8 წლის წინათ. მთავარი კი ის არის, რომ ამ ეტაპზე ,,პოლიტეროვნება"" დაკარგული რუსი ხალხის დიდი ნაწილი მხარს უჭერს პუტინის ჩეკისტური რეჟიმის ,,შეუპოვარ ბრძოლას"" დასავლეთთან და რუსეთის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული ხელისუფლება სწორედ ამ ბრძოლით ინიღბება და ინარჩუნებს ,,პატრიოტულ"" იმიჯს ხალხის დიდი ნაწილის თვალში.

დავუბრუნდეთ საქართველოს. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ბიძინა ივანიშვილი ყველაზე დიდი ქველმოქმედია საქართველოს ისტორიაში და მისი უდიდესი ქველმოქმედება ის არის, რომ დროებით შემოვიდა პოლიტიკაში და საკუთარი თავგანწირვის ფასად გადაარჩინა ერი და სახელმწიფო სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს და სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კოლაფსს. მაგრამ დიდ ქველმოქმედსაც არ შეუძლია ერთბაშად პოლიტიკურ ერად გვაქციოს (შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილი ხშირად 20 წლიან პერიოდს ახსენებს). პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილს უხდებოდა მუშაობა იმ მასალასთან, რომელიც აღმოჩნდა მაშინ მის გარშემო და ამის შედეგად პარლამენტში შევიდნენ ისეთი ,,პარტიებიც"" და ადამიანებიც, რომლებიც მისი ფაქტორის გარეშე საპარლამენტო ბარიერსაც ვერ გადალახავდნენ და ვისაც ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს წარსულში მათი დესტრუქციული, კონტრპროდუქტიული მოქმედების გამო. შორს რომ არ წავიდეთ, სწორედ ამ პარტიების ნაწილმა 2009 წლის გაზაფხულზე საკნებით გადაკეტა რუსთაველის გამზირი და ამ ,,არაჩვეულებრივი პოლიტიკური გამოფენით"" რამდენიმე წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს. ყველაფრის მიუხედავად მე, როგორც ემოციებს არაყოლილი პროფესიონალი, მადლობელი ვარ მათი, ვინაიდან 2011 წელს მათ სწორი არჩევანი გააკეთეს და ხელი შეუწყეს ივანიშვილის გამარჯვებას. კარგად მესმის, რომ ეს არჩევანი გააკეთეს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში განუსაზღვრელი დროით ჩამოშორდებოდნენ პოლიტიკურ ასპარეზს. ეს კი მათთვის ერთადერთი ბიზნესია, რომლითაც თავს ირჩენენ წლების განმავლობაში, თანაც საკმაოდ კარგად. მაგრამ მთავარი ის არის, რომ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის ძალადობრივი კომპონენტი არჩევნების შემდეგ უცებ მოგვშორდა და ერს განვითარების შანსი მიეცა.

პირველ ოქტომბერს შესრულდა ერთი წელი იმ არჩევნებიდან. ბევრი რამ გაკეთდა და სამწუხაროა, რომ ადრე ,,ოცნების"" მხარდამჭერი სოციუმის გარკვეული ნაწილი უკვე ისეა განწყობილი ,,ქოცების"" მიმართ, რომ ამის დანახვა არ უნდა და ღიზიანდება კიდევაც ახალი ხელისუფლების მიღწევების ხსენებაზე. ერისთვის საჭირო კარგი საქმეები მართლაც გაკეთდა. სადიზმის მოშორების გარდა, რად ღირს თუნდაც ციხეებიდან ათასობით უდანაშაულო ადამიანის გამოშვება; ეკონომიკის სფეროში იმპორტის შემცირება, ექსპორტის სტაბილური ზრდა და სხვა მრავალი. მაგრამ ზოგ სფეროში ახალმა ხელისუფლებამ უსუსურობა გამოიჩინა და ამის მაგალითია ქოცების ნაცებთან საზოგადოებაში უკვე ანეკდოტად ქცეული ,,კოაბიტაცია"" (ახლა სულ უფრო ხშირად ,,კოაბიტაციის"" ნაცვლად ,,სიმბიოზზე"" საუბრობენ); ბოლო დროს ,,მავთულხლართების"" კრიზისი, ,,მეჩირაღდნე პილოტზე"" ატეხილი აჟიოტაჟი და ზოგი სხვა რამ.

მოკლედ ავხსნი ,,მავთულხლართების"" კრიზისის არსს. ახალ ხელისუფლებას თავიდანვე უნდა დაეჭირა პროაქტიური პოზიცია და მიეღო პრევენციული ზომები. მას უნდა გაეფრთხილებინა საქართველოს მოსახლეობა და დასავლეთელი პარტნიორები რუსეთის მთავრობისა და სეპარატისტული რეჟიმების ,,სასაზღვრო"" პოლიტიკის შესახებ. (ამ ინფორმაციას ახალი მთავრობა თავიდანვე ფლობდა). უნდა გარკვევით ახსნილიყო, რომ ჩვენ ვიმკით და კიდევ დიდხანს მოვიმკით სააკაშვილის და მისი თანამზრახველების მიერ ჩადენილი სამშობლოს ღალატის შედეგებს; რომ 2012 წლის ოქტომბრამდე რუსმა მესაზღვრეებმა მრავალ ადგილას გადაწიეს სახელმწიფო საზღვარი და სააკაშვილის რეჟიმს ამაზე ხმაც არ ამოუღია, ახლა კი აყვირდა, რომ ,,სხეულში ბოძებს გვარჭობენ""; რომ ძალისმიერი მეთოდებით ამას წინ არ და ვერ აღვუდგებით, ვინაიდან მხარს არავინ დაგვიჭერს და ერთადერთი შედეგი იქნება მსხვერპლი და საქართველოს დარჩენილი ნაწილის დაკარგვა; უნდა საჯაროდ ეჩვენებინათ ის რუკები და ,,საზღვრები"", რომლებსაც იყენებენ ოკუპანტები; წინსწრებით უნდა გამოცხადებულიყო, რომ მთავრობა თავის თავზე აიღებდა სახლების დემონტაჟს და მათ ხელახლა აშენებას, დაეხმარებოდა უშუალოდ დაზარალებულ მოსახლეობას ფულით და მიწით და ა.შ. სამწუხაროდ დროულად არაფერი გაკეთდა და ის რაც ახლა კეთდება, არ მიეწოდება მოსახლეობას საკმარისად დამაჯერებლად და ენერგიულად. მთავრობას ასევე უნდა გამოეცხადებინა, რომ მიუხედავად ამ და სხვა მოსალოდნელი პრობლემებისა, მთავრობა არ გადაუხვევს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების კურს. ,,მეჩირაღდნე პილოტის"" პრობლემის გაჩენისთანავე, ახალ ხელისუფლებას უნდა გამოეცხადებინა, რომ ჩვენ ვართ ერი და არა ,,გულის მომფხანთა საზოგადოება"" და თუ მივიღეთ გადაწყვეტილება გადავარჩინოთ საქართველოს ჩვენს ხელში ჯერჯერობით დარჩენილი ნაწილი და შევქმნათ ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა, მაშინ ვერც ასეთი წვრილმანი და ვერც უფრო სერიოზული პრობლემა ვერ შეგვაცვლევინებს ჩვენს გადაწყვეტილებას; რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კურსს, მივიღებთ მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში, არ გავიბუტებით ონიშჩენკოს მარაზმატული პრეტენზიების და ზოგჯერ პირდაპირი შეურაცხყოფების გამო (ვგულისხმობ თუნდაც ონიშჩენკოს განცხადებებს ,,ლუგარის"" სახელობის ბიოლაბარატორიის შესახებ) და სხვა მრავალი. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა ბოლო თვეების განმავლობაში საჯაროდ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ივანიშვილის მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით დიდი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. წარმოიდგინეთ სააკაშვილის და სხვა ,,სასარგებლო იდიოტების"" და პუტინის შეგნებული აგენტების რეაქცია ამ განცხადებაზე!

"გრძელი დამცირებების ჯაჭვს დაემატა ის, რომ ნეჩაევს, ვინც ჩვენს სოფლებს და ქალაქებს ბომბავდა, დახოცა ხალხი და რომელსაც ჩვენ თვითმფრინავი დავუზიანეთ, ოლიმპიური ჩირაღდნის წაღების უფლება მიანიჭეს. ეს, რა თქმა უნდა, პროვოკაციაა, ამიტომ, ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება ამ პროვოკაციაზე ერთობლივი მოქმედება", - განაცხადა 10 ოქტომბერს დვანში ჩასულმა სააკაშვილმა. აღვნიშნავ, რომ საქართველო-რუსეთის მარაზმატული ურთიერთობების გრძელ ჯაჭვს ,,გმირი"" ნეჩაევის სახით ახალი კურიოზული მარაზმი დაემატა:

"ივანე ნეჩაევის თვიმფრინავი, "სუ-25" ტიპის მოიერიშე, ცხინვალის თავზე დააზიანეს, 2008 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით დღის პირველ საათზე, როდესაც ქალაქს ბომბავდა. ყველაზე სენსაციური ის არის, რომ მისი თვითმფრინავი დააზიანეს თავად რუსებმა, "იგლა"-ს ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსით.

ცნობილია, სავარაუდოდ ვინც ესროლა, ეს არის სერჟანტი ალექსეი ტიურინი. რის გამოც მაშინ დააჯილდოვეს, ასევე დააჯილდოვეს ნეჩაევიც.

ნეჩაევი აფრინდა ბუდიონოვკის სამხედრო ნაწილიდან, აეროდრომიდან. ცხინვალის თავზე, როგორც თვითონ ამბობს, კოლონას ვბომბავდიო. მას ეგონა, რომ ქართველების კოლონას ბომბავდა, მაგრამ ბომბავდა რუსების კოლონას. იმათ რომ დაინახეს, ეგონათ ქართველების "სუ"-25 იყო და ესროლეს რაკეტა.

გადაღებული აქვთ სროლის მომენტი, ვიდეოსიუჟეტიც კი არსებობს. არსებობს ფოტოებიც. თვითმფრინავს ორივე ძრავა დაუზიანდა. რომ დასვა, თქვა - დიდება კონსტრუქტორებს, ვინც ეს თვითმფრინავი გააკეთაო. ეს თვითმფრინავი კი იყო თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადებული, 80-იანი წლების ბოლოს.

რუსები არ აღიარებენ, რომ თვითონვე დააზიანეს საკუთარი თვითმფრინავი, რომელმაც მოახერხა და დაჯდა ბუდიონოვსკში", გვამცნო ცნობილმა სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა.

დაბოლოს ერთი ციტატაც:

"ერთი შეხედვით მარტივი და უალტერნატივო გადაწყვეტილებაა - ბოიკოტი გამოვუცხადოთ სოჭის ოლიმპიურ თამაშებს.

წარმოიდგინეთ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ჩადის დიცში, ბევრი დროშა, დიდი ტრიბუნა, ბევრი ადამიანი და "აგვისტოს ომის გმირის" მიერ ოლიმპიური ჩირაღდნის აღმართვას პროტესტს უცხადებს. ხოლო პროტესტის ფორმა არც მეტი, არც ნაკლები ოლიმპიადის ბოიკოტია.

ბევრი შეძახილი, მქუხარე ტაში, ემოციები, ცრემლი, ათასი ეპითეტი გიორგის გმირობის და გამბედაობის შესახებ, სავარაუდოდ, გაზრდილი რეიტინგი.

სკეპტიკოსები იტყვიან, საერთოდ თავიდანვე რატომ არ გამოუცხადეთ ბოიკოტიო. მაგრამ მაინც კმაყოფილები დარჩებიან, საქციელს მოგიწონებენ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

შემდეგ ერთი-ორი დღე ყველა ტელეეკრანიდან სჯა-ბაასის, ექსპერტული მოსაზრებების, ანალიზის, კრიტიკის, ცინიზმის, პატრიოტიზმის, ვაშა-ვაშას ან ვიშ-ვიშის სერიალი იქნება და ორ-სამ დღეში ეს ამბავი ყველას ისევე მიავიწყდება, როგორც მრავალი ყოფილა მანამდე.

მერე კიდევ ვინმე მფრინავი გამოჩნდება, ან მომღერალი, ანაც რუსი შოვინისტი, ისევ გადავირევით, პატრიოტიზმი მოგვეძალება, გულზე მჯიღს დავიცემთ, ატყდება აურზაური და ასე მუდმივად.

არადა მცირე ხნით თუ გვერდზე გადავდებთ ემოციებს, ურა-პატრიოტიზმს, მცირე ხნით თუ შევეცდებით სხვა რამეზეც ვიფიქროთ, გარდა იმ წუთიერი ემოციური კმაყოფილების, გაგვახსენდება რომ გუშინ ვიღაც მფრინავმა, დიახ, ვიღაც მფრინავმა, ისე აგვაღელვა რომ ხელისუფლებას მრავალჯერ განცხადებული გადაწყვეტილების შეცვლა მოვთხოვეთ. ამ აღელვებაში კი დაგვავიწყდა, რომ ეს ოლიმპიადა ოკუპანტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტარდება, აფხაზეთიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, მას ვლადიმერ პუტინი გახსნის და მის გვერდით მსოფლიო ლიდერები იქნებიან.

ეს "არა სოჭის ოლიმპიადას" კი დღეს ძალიან არასერიოზულად და ჭეშმარიტად "გულის მოფხანად" გამოიყურება.

რატომ გუშინ? რა იყო მთავარი არგუმენტები?

რუსეთი დაგვცინის! მათ ცინიზმს საზღვარი არა აქვს! ამ დაცინვას არ უნდა შევეგუოთ! და ა.შ.

მე კი, თუ ვიტყვი რომ ეს სრულიად უადგილოა, რა თქმა უნდა, ფსიქიატრიულის ცნობას მომთხოვენ, ან უკეთეს შემთხვევაში იმას იტყვიან, რაც გუშინ ჩემი მეგობარი პაატა ზაქარეიშვილის მიმართ არ დაიშურეს ეპითეტები და კიდევ ერთხელ შეახსენეს ერთმანეთს ამბავი ჩვენი ცნობილი მოღალატეობის შესახებ.

არადა უადგილოა.

რუსეთს ჩემი სამშობლოს მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული აქვს მეგობრებო, ოკუპირებული, ჩემს სამშობლოში რუსული დროშები ფრიალებს და რუსული ტანკები დგანან!!! გახსოვს?!

რა დროს ცინიზმი და დაცინვაა, მათი ტანკები დგანან ჩვენს მიწაზე. ტანკები!

დიახ, იდეალური იქნებოდა საქართველოს ოკუპაციის გამო მოსკოვის ოლიმპიადის გამეორება რომ შეიძლებოდეს, იდეალური და სწორი.

არ გამოვა.

საქართველო მარტო დარჩება ამ ბოიკოტში, მისი პარტნიორების გარეშე, რუსეთის პირისპირ. დაცინვა მაშინ კი საფუძვლიანი იქნება.

სოჭის ბოიკოტს შეუძლია მთავარი იარაღი წაგვართვას რუსეთთან ურთიერთობაში. პირველად ამ წლების მანძილზე საქართველო დარჩება მარტო საკუთარ პროტესტსა და ბოიკოტში, თუმცა კი გულში მჯიღდაცემული და კმაყოფილი. არჩევანი ჩვენზეა"

მკითხველს ვთხოვ გამოიცნოს, ვის ეკუთვნის ეს ტექსტი? პიროვნებას თუ ვერ ამოიცნობთ, ეგებ იმას მიხვდეთ, რომელი პარტიის წევრმა დაწერა ეს. (ამ კითხვას, ცხადია არ ვუსვამ მათ, ვინც სხვაგან გაეცნო ამ ტექსტს და იცის ავტორის ვინაობა).

დარწმუნებული ვარ, ვერავინ ამოიცნობს. ტექსტის ავტორია რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი ქალბატონი თინა ხიდაშელი!

,,ხომ გესმის, რატომ დაწერა ამ ქალმა ასეთი რამ?"" მითხრა ერთმა ნაცნობმა. ,,ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დაწერა"", ვუპასუხე.

,,Когда хотим, находим средства. Когда не хотим, находим причины" (,,როცა რამე გვინდა, საშუალებებს ვპოულობთ. როცა არ გვინდა - მიზეზებს""), ამბობდა ხოლმე გენერალისიმუსი სტალინი. მთავარია საზოგადოებაში ის განწყობდა სუფევდეს, რომ განურჩევლად შინაგანი განწყობისა ვამბობდეთ იმას, რაც კარგია ერისათვის და ვპოულობდეთ ამის განხორციელების საშუალებებს.

პეტრე მამრაძე, 10 ოქტომბერი, 2013