Remember Me at My Best ანუ რა შემიძლია ვთქვა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე - კვირის პალიტრა

Remember Me at My Best ანუ რა შემიძლია ვთქვა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე

 

საქართველოს მცოდნე უცხოელი ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი უფრო ადვილად და ხალისიანად იჯერებს სხვადასხვა მითებს და შეთქმულების თეორიებს, ვიდრე ცხვირწინ არსებულ ფაქტებს. მეც ამ აზრისა ვარ და შესაბამისი მაგალითებიც ბევრჯერ მომიყვანია, მაგრამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუფოვის დაღუპვაზე ჩვენში დამკვიდრებული რწმენის გამო, საზოგადოებისადმი არანაირი პრეტენზია არ მაქვს. სააკაშვილის და მისი გარემოცვის მოქმედების შედეგად უშუალოდ საქმეში ჩაუხედავი საღად მოაზროვნე ადამიანი ნამდვილად ვერ დაიჯერებდა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და არა მკვლელობა. მხოლოდ ის რად ღირს, რომ წლების განმავლობაში არავინ უარყოფდა, რომ გარდაცვლილ რაულ უსუფოვს მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი ეცვა, ჭურჭელზე კი არავითარი ანაბეჭდები არ იყო. ამას დავუმატოთ მოგვიანებით ოქრუაშვილის მიერ, მისთვის ჩვეული აპლომბით გაკეთებული განცხადება, რომ ზურაბი და რაული სხვაგან დაიღუპნენ და გვამები მერე მიიტანეს საბურთალოს ქუჩაზე; აგრეთვე სხვა მაღალი თანამდებობის პირების და ცნობილი ადამიანების მიერ გაკეთებული განცხადებები, მასმედიაში უხვად გავრცელებული ვერსიები, ,,ფაქტები’’ და ის, რომ გამოძიებამ საქმე ვერ დახურა შვიდნახევარი წლის განმავლობაში (2012 წლის არჩევნებამდე) და ახალი გამოძიებაც ჯერ არ არის დასრულებული. ამ ფონზე ჩვენი საზოგადოებისადმი მხოლოდ ის პრეტენზია შეიძლება გვქონდეს, რომ ადამიანები ურიგდებოდნენ ასეთ გაურკვევლობას და აბსურდს. განვითერებული დემოკრატიის ქვეყნებში საზოგადოება, ცხადია, კატეგორიულად მოსთხოვდა მთავრობას ყველა კითხვაზე დასაბუთებული პასუხების დროულად გაცემას და მთავრობას მოუწევდა ან ამ მოთხოვნის შესრულება, ან გადადგომა.

ზურაბ ჟვანიას დაღუპვაზე ჩემი ინიციატივით არასოდეს ვსაუბრობ. მაგრამ ვცდილობ ვუპასუხო ჟურნალისტების და მოქალაქეების შეკითხვებს, ვინაიდან გაჩუმება მხოლოდ ამძიმებს შექმილ ვითარებას. ამ წერილსაც იმიტომ ვწერ, რომ ამ დღეებში სხვას ვერაფერს ვერც ვაკეთებ, შესაბამის შეკითხვებზე პასუხების გაცემის გარდა.

ზურაბ ჟვანია 1975 წლის ბოლოს გავიცანი. ოცდასამი წლისა ვიყავი, ზურაბი კი თორმეტის ხდებოდა. 1992 წლის გაზაფხულზე თავი დავანებე ფიზიკას და ვიცე-პრემიერ სანდრო კავსაძის თანაშემწედ დავიწყე მუშაობა. მალე ზურაბმა შემომთავაზა მწვანეთა პარტიის სიით   საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მაშინ სახელმწიფო-პოლიტიკური მოღვაწეობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა. კომკავშირელი არ ვყოფილვარ, არც ეროვნულ მოძრაობაში არ მიმიღია მონაწილეობა. ე.წ. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ეჭვის თვალით ვუყურებდი, მწვანეების მოქმედებაშიც არ მომწონდა ზოგი რამ. ზურაბს დრო ვთხოვე მოფიქრებისათვის. ზურაბის მამა ბესარიონ (ბუსა) ჟვანია ცნობილი ფიზიკოსი-ექსპერიმენტატორი და შესანიშნავი პიროვნება იყო. ახლოს ვიცნობდი და დიდ პატივს ვცემდი, 17 წელი ერთ ინსტიტუტში ვიმუშვე მასთან და ზურაბის დედასთან, ქალბატონ რემასთან ერთად. ბუსა ჟვანია იმ პერიოდში საკმაოდ სკეპტიკურად ეკიდებოდა ვაჟიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ მაშინ მირჩია და მთხოვა კიდევაც ზურაბის შემოთავაზება მიმეღო. ,,შესანიშნავად გამოგივა ყველაფერი და ზურასაც დაეხმარები’’, მითხრა ბატონმა ბესარიონმა. დავთანმხდი და იმავე წლის შემოდგომაზე გავხდი მწვანეთა ფრაქციის წევრი პარლამენტში. ზურაბი კი ფრაქციის თავმჯდომარე გახდა.

2005 წლის 3 თებერვლის ღამით მობილურის ზარმა გამაღვიძა. გია ბარამიძე რეკავდა. მითხრა, რომ ზურაბი დაიღუპა, სავარაუდოდ, გაზით გაიგუდა.

ზურაბის დაღუპვის შემდეგ მის უახლოეს მეგობრებს ვესაუბრე. მათაც, რომლებსაც, ჩემგან განსხვავებით, მაშინ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ და რომლებიც უშუალოდ გაეცნენ ზურაბის დაღუპვის დეტალებს (მე მთავრობის კანცელარიის უფროსი ვიყავი, ანუ უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოსამსახურე). ამ ადამიანებმა ბევრჯერ დაასაბუთეს პირადი ერთგულება ზურაბისადმი, მათ შორის კრიტიკულ სიტუაციებში. ასევე ვესაუბრე ზურაბის მეგობარ დასავლელ ელჩებს და მისი გარდაცვალების შემდეგ ჩამოსულ ცნობილ დიპლომატებს და მოღვაწეებს. ისინი ფლობდნენ ტრაგედიის დეტალებს და იცოდნენ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. მინდა აღვნიშნო, რომ ზურაბ ჟვანიას დაღუპვამ დიდად შეაშფოთა დასავლეთში არა მარტო მისი პირადი, არამედ საქართველოს ყველა მეგობარი. ჩემთან კონფიდენციალური საუბრების დროს ისინი გამოხატავდნენ მადლიერებას სააკაშვილისა და საქართველოს ხელისუფლებისადმი იმისათვის, რომ დასავლეთის სპეცსამსახურებს მაშინვე მიეცათ საშუალება, სრულყოფილად ჩართულიყვნენ ამ ტრაგედიის შესწავლაში (დავუმატებ, სააკაშვილმა არა მარტო მისცა მათ ამის საშუალება, არამედ იქეთ სთხოვა, რომ ჩართულიყვნენ). საგულისხმოა ისიც, რომ საუბრებში უცხოელები არავითარ ინტერესს არ იჩენდნენ ისეთი სენსაციური დეტალებისადმი, როგორიცაა რაულ უსუფოვის ცალი ფეხსაცმლის გაუჩინარება, თითების ანაბეჭდების სრული (!) არარსებობა ბინაში აღმოჩენილ ჭურჭელზე და სხვა. თანდათან ზურაბის თანაგუნდელებისაგან და უცხოელი მეგობრებისაგან საკმაოდ დიდი ინფორმაცია შემიგროვდა. ხაზს ვუსვამ - ვიცი მხოლოდ ის, რასაც ჰყვებოდნენ ისინი არაოფიციალური, კონფიდენციური საუბრების დროს; ჩემთვის არასოდეს უჩვენებიათ რაიმე მასალა, იმ თათბირებსაც არ დავსწრებივარ, სადაც ზურაბის დაღუპვის ვითარებაზე უმსჯელიათ. ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, მე ეს არც მეკუთვნოდა. შესაბამისად არავითარი მასალა და მტკიცებულება არ გამაჩნია. აღვნიშნავ, რომ ადამიანებს, რომლებიც მაშინ მესაუბრებოდნენ (თანამემამულეებს და უცხოელებსაც) არავითარი სტიმული არ ჰქონდათ ტყუილი ეთქვათ ჩემთვის. აშკარად გულახდილები იყვნენ. ყველა, როგორც დადგენილ ფაქტს, ისე ადასტურებდა, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუფოვი იმყოფებოდნენ საბურთალოს ქუჩაზე იმ ბინაში, რომელსაც ხშირად აჩვენებენ ტელევიზიით; რომ მათ გარდა იქ არავინ იყო, როცა გამათბობლის გაუმართაობის გამო გაიგუდნენ (შევნიშნავ: როგორი კონფიდენციური არ უნდა ყოფილიყო ეს შეხვედრა, დაცვის ოფიცერი მაინც ვალდებული იყო დარჩენილიყო ბინაში. ის შეიძლებოდა თუნდაც სამზარეულოში დამჯდარიყო, რომ ზურაბის და რაულის საუბარი ვერ გაეგო; დაცვის ოფიცრები არ მიატოვებდნენ ჟვანიას ბინაში არცერთ სხვა პიროვნებასთან ერთად, გარდა ოჯახის წევრისა, ჟვანიას კატეგორიული მოთხოვნის გარეშე). მხუთავ გაზს არც სუნი აქვს, არც ფერი. ადამიანიც ხშირად არაფერს გრძნობს, ისე მისდის გული და, თუ იქვე არავინ მიუსწრო, კვდება გულწასული. ზოგ შემთხვევაში, ბოლო მომენტში, შეიძლება ცოტა აღებინოს გაზით მოწამლულ კაცს. მეუბნებოდნენ, რომ რაულს ჰქონდა მცირე ღებინება.

თუ ამ ვერსიას მივიღებთ, მაშინ გამოდის, რომ უბედური შემთხვევის შემდეგ ვიღაცეებმა ბევრი რამ შეცვალეს შემთხვევის ადგილას. რამდენადაც ვიცი, ზურაბის და რაულის ცხედრები ზურაბ ჟვანიას დაცვის ოფიცრებმა აღმოაჩინეს და მაშინვე მის უახლოეს მეგობარს და მაშინდელი მთავრობის წევრს, გია ბარამიძეს შეატყობინეს, რომელიც უმალვე მივიდა შემთხვევის ადგილას. კატეგორიულად ვაცხადებ: არც დაცვის ოფიცრები, არც გია ბარამიძე ხელს არაფერს ახლებდნენ,  ქვეყნის უზენაესი ხელისუფლების ბრძანების გარეშე. შარშან, არჩევნებამდე, ”კვირის პალიტრა” წერდა, რომ არსებობს ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, რომ კიბეებით მოაქვთ ცხედარი. გამიგია, რომ ვიდეოზე რაულის ცხედარია დაფიქსირებული, რომელსაც დაცვის ოფიცრები უკან, ბინაში აბრუნებდნენ. გაზეთები იმასაც წერდნენ, რომ დაგეგმილი იყო ამ ვიდეოს ტელევიზიით ჩვენება, მაგრამ ზურაბის დედის თხოვნით აღარ უჩვენებიათ. წერდნენ, რომ ქალბატონ რემას უთქვამს, რომ ზურას ბავშვებისთვის ეს დამატებითი ტრავმა იქნებოდა.

ახლა ისევ აჟიოტაჟია ატეხილი. გოგლა ჟვანიასა და რაულის მამის გარდა, განცხადებები გააკეთეს უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ვადაგასული სააკაშვილის ჩათვლით. ცნობილი გახდა, ახალი გარემოებები: რომ რაულის ტანსაცმელი ტალახში ყოფილა ამოსვრილი; რომ გამოძიებამ წარმოადგინა დაკარგული ფეხსაცმელი, რომელიც, რაულის მამის აზრით, ნაკლებად გაცვეთილია და უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე ის ცალი, რომელიც გარდაცვლილ რაულს ეცვა და სხვა. დეტალურად მხოლოდ სააკაშვილის განცხადებაზე შევჩერდები.

17 ოქტომბერს, ქუთაისში ყოფნისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ადამიანის პირად ცხოვრებაზეა საუბარი და აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დასკვნა ზურაბის ოჯახისთვის ცნობილია. სააკაშვილმა დასძინა, რომ იგი ენდობა გამოძიების იმ დასკვნას, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ზურაბ ჟვანია გაზით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა და თქვა (ვციტირებ):

"მე არ ვიცი, ვინ რას ლაპარაკობს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ის ჩემი მეგობარი იყო და ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო. იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა ადამიანის პირადი ცხოვრების ბევრ ძალიან ღრმა და ისეთ დეტალს. ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათაწმინდა და თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის მისი რომელიმე ოჯახის წევრისთვის, მათ სინდისზე იყოს. მე ძალიან მიყვარდა ზურაბ ჟვანია და მისი რეპუტაცია, მისი სახელი და ხსოვნა ჩემთვის წმინდათაწმინდაა. დანარჩენი ეს ისეთი რაღაცეებია, ყველამ ყველაფერი კარგად იცის. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის და ზღაპრები მოუყვნენ ერთმანეთს და "ასავალ დასავალის" ჟურნალისტებს".

საქართველოსა და დასავლეთის მაშინდელ სახელისუფლებო წრეებში და შესაბამის სტრუქტურებში მართლაც ,,ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა’’. მაგრამ საქმე ისაა, რომ პატარა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სადღეისოდ დარწმუნებულია იმაში, რომ ჟვანია მოკლეს. წლების განმავლობაში ვისმენ სრულიად განსხვავებული სოციალური და კულტურული დონის ადამიანების დეტალურ მონათხრობებს იმაზე, როგორ კლავდნენ ზურაბს. ყველაზე პოპულარულია ვერსია, რომ შელაპარაკების დროს განრისხებულმა სააკაშვილმა მასიური საფერფლე (ან სხვა ნივთი) ესროლა მას და შემთხვევით საფეთქელში მოახვედრა (შელაპარაკების ადგილად ხშირად შავნაბადის კომპლექსს ასახელებენ). საგულისხმოა, რომ 18 ოქტომბერს დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური ბიუროს ექსპერტებს არ უმსჯელიათ, ჰქონდა თუ არა ზურაბ ჟვანიას თავის არეში დაზიანება.

ერთხელ ქუთაისში მოვისმინე ,,როლებში’’ ღრმად შეჭრილი ადამიანებისაგან რეკორდულად კოლორიტული ვერსია: როგორ ტენიდა სააკაშვილი ჟვანიას შლანგს პირში; როგორ უჭერდა მას ცხვირს მერაბიშვილი (რომ ჟვანიას მხოლოდ პირით ესუნთქა) და როგორ არეგულირებდა გაზის მიწოდებას ვენტილის მეშვეობით ზურაბ  ადეიშვილი.

მინდა დავადასტურო, რომ სააკაშვილმა საშინლად განიცადა ზურაბ ჟვანიას დაღუპვა. საკმარისად ვიცნობ მას იმისათვის, რომ დავადასტურო - იგი სრულიად გულწრფელი იყო, როცა საჯაროდ ამბობდა იმ დღეებში, რომ ყველაზე მეტად თანადგომა და თანაგრძნობა ზურაბის ოჯახის წევრებს და მას სჭირდებოდათ. ასევე ვაცხადებ, რომ იმ დღეებში და შემდეგ წლებში სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა ზურაბ ჟვანიას ხსოვნისადმი პატივის მიგებისა და ზურაბის ოჯახის კეთილდღეობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩარევა, რომელიც იმ ღამით უბედური შემთხვევის ადგილზე მოხდა (რაულის ცხედრის გადაადგილებისა და ჭურჭლის, საჭმელების და ნარდის გაჩენით), ისევ კეთილი განზრახვებით იყო განხორციელებული. მაგრამ გზა ჯოჯოხეთისაკენ ხშირად სწორედ კეთილი განზრახვებით არის დაფენილი. . . .

,,ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათაწმინდა და თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის მისი რომელიმე ოჯახის წევრისთვის, მათ სინდისზე იყოს’’ თქვა სააკაშვილმა 17 ოქტომბერს ქუთაისში. რაც შეეხება საზოგადოდ ,,ვინმეებს’’, უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში ავრცელებდნენ ბინძურ დეზინფორმაციას ზურაბ ჟვანიას დაბადებასა და ეთნიკურ წარმოშობაზე, რომლებიც, მის ზურგს უკან, არასოდეს ახსენებდნენ მას უწმაწური სალანძღავი სიტყვების გარეშე, ზურაბის დაღუპვის დღიდან აბღავლდნენ - ,,ზურიკო მოგვიკლეს, ჩვენი ზურიკო!’’.  მინდა აგრეთვე მკითხველებს შევახსენო, რომ ზურაბ ჟვანიას ოჯახის ზოგიერთი წევრის საჯარო განცხადებებმა ზურაბის მეგობრების მისამართით, წლების წინათ მაიძულა მეთქვა საჯაროდ (ისევ ჟურნალისტების დაჟინებული კითხვების პასუხად და არა ჩემი ინიციატივით), რომ ,,ზურაბ ჟვანიას ჰყავდა ნამდვილი მეგობრები, რომლებმაც მის სიცოცხლეშივე დაუმტკიცეს მას თავისი ერთგულება, ხოლო მისი დაღუპვის შემდეგ, მისი ხსოვნის ერთგულები დარჩნენ. დასანანია, რომ ზურაბ ჟვანიას ოჯახის ზოგიერთი წევრი არა ზურაბის ხსოვნის, არამედ ბადრი პატარკაციშვილის ფულის ერთგული გამოდგა’’.

ერთი დეტალიც: იმ დილას კანცელარიაში სააკაშვილის გუნდის ცნობილი წევრი შემხვდა. ზურაბს დიდ პატივს სცემდა, დიდად შეწუხებული ჩანდა. მომისამძიმრა და მითხრა ,,რა ქვეყანა ვართ, როგორ შეიძლება საქართველოს პრემიერი, ასეთი პიროვნება, ასე დაღუპულიყო!’’ ,,მე კი იმაზე ვფიქრობ, რა უნდოდა იმ ბუნაგში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს?!’’, ვუთხარი მე. სახე შეეცვალა, თავი ჩაჰქინდრა და არაფერი მითხრა. მოგვიანებით ირაკლი ბათიაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჟვანიას ყოველთვის ჰქონდა ასეთი ბინები და რამდენიმე თვეში ცვლიდა მათ. იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინათ მიხეილ მაჭავარიანმა თქვა, რომ მისთვის გასაგებია მოქალაქეების შეკითხვები და ეჭვები ზურაბ ჟვანიას დაღუპვასთან დაკავშირებით, მაგრამ გაუგებარია, რატომ სვამს შეკითხვებს გოგლა ჟვანია, რომელმაც ,,ყველაფერი იცის’’. გია ბარამიძემ კი ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ გამოძიება არასწორ დასკვნას დადებს ის ყველაფერს იტყვის.

იმ ღამეს ჩემთვის რომ ეკითხათ რჩევა, კატეგორიულად შევეწინააღმდეგებოდი შემთხვევის ადგილზე რაიმეს ხელის ხლებას; მოვითხოვდი კანონის ზედმიწევნით დაცვას. მაგრამ ჩემთვის არაფერი უკითხავთ, ახალგაზრდები კი იმ ღამეს მოქმედებდნენ სპონტანურად, ისტერიკულად და სააკაშვილის და სხვების უმძიმესი ემოციურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მოქმედებები სრულიად გაუაზრებული იყო და გადაწყვეტილებები რამდენჯერმე შეიცვალა.

გავიდა წლები და სააკაშვილის თანამოაზრეები მის თანამზრახველებად გადაიქცნენ. მათი სრული გახრწნისა და გადაგვარების კვალდაკვალ მათ შექმნეს სადისტურ სისტემაზე დაფუძნებული ავტორიტარული კლეპტოკრატია, ანუ ხაზინის ქურდების ავტორიტარული რეჟიმი; ერთად ჩაიდინეს მრავალი მძიმე დანაშაული, სამშობლოს ღალატის და განსაკუთრებული სისასტიკით, სადისტურად ჩადენილი მკვლელობების ჩათვლით. ჩადენილი დანაშაულის ნაწილიც რომ დაუმტკიცდეს, უვადო პატიმრობა არც ერთ მათგანს არ უნდა ასცდეს. ბედის ერთგვარი ირონიაა და ძალზე სიმბოლურიც არის ის, რომ ჟვანიას და უსუფოვის დაღუპვის ღამეს მათი კეთილი განზრახვებით ნაკარნახევი გაუაზრებელი მოქმედების გამო, ხალხის დიდ ნაწილს სწამს, რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულთა შორის ერთერთი უმძიმესია ჟვანიას მკვლელობა და ყველაზე მეტად სწორედ ამ ბრალდებას უყენებს მათ. ,,მალე დამტკიცდება ყველაფერი და მაშინ მაინც ხომ დააპატიმრებენ სააკაშვილს’’, იმედიანად მეუბნებიან ადამიანები და მათთან კამათს აზრი არ აქვს.

თითქმის ერთი წელია, რაც აქტიურად მიმდინარეობს ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის დაღუპვის გარემოებათა ხელახალი გამოძიება. ჟვანიას პირადი დაცვის ოფიცრები, ვისთანაც ერთად ზურაბი გავიდა სახლიდან 2 თებერვლის გვიან საღამოს, არ არიან დაკავებულები და გამოცდილი ადამოანებისათვის ეს ბევრი რამის მიმანიშნებელია...

დაბოლოს შეგახსენებთ: მე წარმოვადგინე ბევრ ადამიანთან საუბრის, მრავალი დაკვირვებისა და ლოგიკური მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბებული ჩემი ვერსია და სხვა არაფერი. (არასოდეს მივცემ თავს უფლებას საჯაროდ ვილაპარაკო იმ დეტალებზე, რომელიც ზოგიერთმა ადამიანმა გამანდო. ასევე არ დავასახელებ იმ ადამიანების გვარებს). ვიცი, რომ ჩემი ვერსია დიდად ვერ იმოქმედებს საზოგადების მყარად და ღრმად ჩამოყალიბებულ რწმენაზე, მაგრამ შექმნილ ვითარებაში თავს ვალდებულად მივიჩნევ კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება. წერილის ბოლოს კი გთხოვთ წარმოიდგინოთ, როგორი იქნება ხალხის დიდი ნაწილის გაწბილების დონე და ამ გაწბილების გავლენა პოლიტიკურ ვითარებაზე, თუ ეს ვერსია მართალი აღმოჩნდება და ადრე თუ გვიან გამოძიება დაადასტურებს მას.

,,Remember me at my best’’ - ,,დამიმახსოვრე ჩემს საუკეთესო გამოვლინებაში’’ - პოპულარული ინგლისური შეგონებაა. ზურაბი ტელეფონით ყოველთვის ინგლისურად მელაპარაკებოდა და მისი გახსენებისას თავში ეს ფრაზა მომდის ხოლმე.

 

პეტრე მამრაძე, 19 ოქტომბერი, 2013 წელი